skip to content
დაუჯგუფებელი

გაზეთი “კომუნისტი”, 1937: მემარჯვენე კონტრრევოლუციონერ ტერორისტ-დივერსანტ მავნებელთა სასამართლო პროცესი – საბრალდებო დასკვნა

სტატია ქვეყნდება შემოკლებით, გაზეთი “კომუნისტი” 26.08.1937

რედაქციისგან: „გაზეთი კომუნისტი საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ოფიციალური ბეჭდური ორგანო იყო. აქედან გამომდინარე, მასში ქვეყნდებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ გამოცემული ოფიციალური ცნობები, გადაწყვეტილებები, ამავდროულად ხშირად ამახინჯებდნენ რეალობას და მათთვის სასურველი იდეოლოგიური პოზიციიდან აწვდიდნენ მკითხველს.“

კონტექსტითვის: 1937 წელს, საბჭოთა კავშირში დიდი ტერორი მეფობდა. ხალხს, ტყუილუბრალოდ, მოგონილი და აბსურდული ბრალდებებით აპატიმრებდნენ, ხოლო უარეს შემთხვევაში კი ხვრეტდნენ. სხვადასხვა მონაცემებით, ტერორის მსხვერპლად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი, აქედან 600-ათასამდე დახვრეტილი.

საქართველოში 1937 წლის 7 ივლისს ლავრენტი ბერიას ბრძანებით შეიქმნა განსაკუთრებული სამეული, რომლის წევრებიც იყვნენ: საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისრის მოადგილე აქვსენტი რაფავა, საქართველოს რესპუბლიკის პროკურორი ილარიონ ტალახაძე და მუშათა და გლეხთა მილიციის უფროსი შალვა წერეთელი (შემდგომში ცვლილება განიცადა). ეს სწორედ ის სამეულია, რომლებიც პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან რესპუბლიკაში მიმდინარე ტერორის შესახებ.

მემარჯვენე კონტრრევოლუციონერ ტერორისტ-დივერსანტ მავნებელთა სასამართლო პროცესი – საბრალდებო დასკვნა

საქართველოს სსრ შინსახკომის მიერ 1937 წელს სიღნაღის რაიონში აღმოჩენილ და ლიკვიდირებულ იქნა მემარჯვენეთა კონტრევოლუციური ტერორისტული დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაცია საქართველოს კ.პ. (ბ) სიღნაღის რაიკომის ყოფ.მდივნის არტემ დიმიტრის ძე წითლიძის და ამავე რაიონის აღმასკომის ყოფ.თავმჯდომარის შალვა კონსტანტინეს-ძე ალავერდაშვილის ხელმძღვანელობით.

საქმის გამოძიებით გამოირკვა, რომ მემარჯვენეთა სიღნაღის კონტრევოლუციური მავნებლური ორგანიზაცია, რომელიც მოწყობილი იყო და მოქმედებდა მემარჯვენეთა კონტრევოლუციური ორგანიზაციის საქართველოს ცენტრის პირდაპირი მითითებებით, თავის ამოცანად ისახავდა საბჭოთა ხელისუფლების დამხობას საქართველოში და კაპიტალიზმის რესტავრაციას და შეიარაღებული აჯანყების მოწყობით, მეამბოხეთა რაზმების შექმნით, საკავშირო კომპარტიის (ბ) და საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელთა მიმართ ტერორის გამოყენებით, სახალხო მეურნეობაში დივერსიული და მავნებლური აქტების განხორციელებით, კოლმეურნეობათა დაშლით და საკავშირო კომპარტიის (ბ) და საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ მშრომელთა შორის უკმაყოფილების ხელოვნურად შექმნით.

ასე, მაგალითად: ბრალდებული არტემ წითლიძე მემარჯვენე კოტრრევოლუციური ორგანიზაციის საქართველოს ცენტრის თავმჯდომარესთან-გერმანე მგალობლიშვილთან თავისი კონტრევოლუციური კავშირის შესახებ 1937 წლის 8 აგვისტოს დაკითხვაზე იძლევა შემდეგ ჩვენებას:

;… მგალობლიშვილმა წინადადება მომცა გამეშალა ინტენსიური კონტრრევოლუციური მუშაობა სიღნაღის რაიონში. ჩემი საქმიანობა ძირითადად მიმართული უნდა ყოფილიყო იქითკენ, რომ დივერსიულ მავნებლურ ღონისძიებათა მთელი ჯამით მომეხდინა სოფლის მეურნეობის დეზორგანიზაცია სიღნაღის რაიონში. გლეხობის თვალში სახელი გამეტეხნა პარტიისა და საბჭოთა მთავრობის პოლიტიკისათვის და გამომეწვია უკმაყოფილება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის ბრძოლის მეთოდებს, მგალობლიშვილმა მითხრა, რომ ახლანდელ ეტაპზე ორგანიზაცია გადავიდა პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის უმწვავეს ფორმებზე, სახელდობრ: ტერორისტული აქტების მომზადებაზე საკავშირო კომპარტიის და საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ და დივერსიული ძირგამომთხრელი მოქმედებების გაშლაზე ჩვენი ქვეყნის სახალხო მეურნეობაში”.

ამავე საგანზე ბრალდებული შალვა ალავერდაშვილი 1937 წლის 4 აგვისტოს დაკითხვაზე იძლევა შემდეგ ჩვენებას:

“… დავალებებს კონტრრევოლუციური ორგანიზაციისაგან მე ვიღებდი სევა კუხალეიშვილის საშუალებით, რომელმაც კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ჩამაბა და რომელიც მაძლევდა შემდეგ დავალებებს მავნებლობის ხაზით: გამეტარებინა ავადმყოფი ცხვრის მიღება საქართველოს სამტრესტისაგან და შემერია ეს ცხვარი პროდუქტიულ სულადობაში ცხვრის ამ ნაწილის დაღუპვის მიზნით, შემედგინა შირაქის მარცვლეულის საბჭოთა მეურნეობის მავნებლური საორგანიზაციო გეგმები, უმთავრესად თესლბრუნვის , კაპიტალური მშენებლობის და კომბაინებისა და ტრაქტორების მუშაობის ნორმატივების დარგში, ხელოვნურად შემექნა შირაქის საბჭოთა მეურნეობის მუშა-მოსამსახურეებისათვის ხელფასის მიცემის შეფერხება, შემეტანა ზედმეტი ტრაქტორები და კომბაინები და არ გამომეყენებინა ისინი, გამომეყვანა მწყობრიდან ტრაქტორები და კომბაინები მათი კაპიტალური მიმდინარე რემონტის ჩაშლით გზით, არათავისდროზე მომემარაგებინა სასოფლო-სამეურნეო მანქანების პარკი სამარაგო ნაწილებით, შემერჩია არაკვალიფიციური ტრაქტორისტები და კომბაინერები.

[…]

ყველა ბრალდებულმა ამ საქმეზე სავსებით დამნაშავებ სცნო თვი წაყენებულ ბრალდებაში და მათ ამხელს მოწმეთა ჩვენებანი, რაც საქმეშია.

ეს საქმე უნდა გადაეცეს საქართველოს სსრ-ის უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს სსრ-ის პროკურორი ტალახაძე

1937 წელი, 23 აგვისტო, ქ.თბილისი.

მსგავსი/Related

Back to top button