skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: 2024 წლის მეორე კვარტალში პოლიტიკური შემოწირულობების ნახევარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2 აგვისტოს პოლიტიკური შემოწირულობების შესახებ კვარტალური საინფორმაციო ბიულეტენი გამოაქვეყნა, რომელიც 1 აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოების მიუხედავად, 2024 წლის მეორე კვარტალი შემოწირულებების სიუხვით არ გამოირჩეოდა. ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებების ჯამი 2 მილიონზე ნაკლები იყო. შემოწირულობების ნახევარი, 1 მილიონი ლარი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, თუმცა ეს მაჩვენებელი პარტიის მიერ საარჩევნო წლებში მიღებულ შემოწირულობებზე ნაკლებია.

TI საქართველო აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველებს შორის კვლავ ფიგურირებენ მრავალმილიონიანი ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მეწილეები, დონორები, რომლებთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც მიიღეს საბიუჯეტო სუბსიდიები, წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები და სახელმწიფო უძრავი ქონება პრივატიზაციის გზით.

საანგარიშო პერიოდში, 207-მა შემომწირველმა ყველა პარტიას ჯამში 1,930,293 ლარი შესწირა, რაც წინა კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 60%-ით აღემატება. პარტიული შემოწირულებების 50% „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო –  961,176 ლარი, მეორე ადგილზეა „ლელო“ 464,990 ლარით, ხოლო მესამეზე — „ნაციონალური მოძრაობა“ 302,682 ლარით. შემომწირველთა რაოდენობის თვალსაზრისით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, რომელსაც საანგარიშო პერიოდში 73-ჯერ შეწირეს თანხა (66 დონორი), 55 შემოწირულება მიიღო პარტიამ „შეცვალე საქართველო“ (35 დონორი).

TI საქართველო აღნიშნავს, რომ პარტია „შეცვალე საქართველო“ 2020 წელს დაარსდა, მას მიმდინარე წლის მაისამდე შემოწირულება მიღებული არ ქონდა, საანგარიშო პერიოდში კი 26,000 ლარამდე მიიღო.

„ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ შემომწირველები

საანგარიშო პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 31-მა დონორმა ჯამში 961,176 ლარი შესწირა, ამ პირებს სულ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ** 2.4 მილიონი ლარი აქვთ შეწირული. 31 შემომწირველთან დაკავშირებული ორი კომპანია იყო ისეთი, რომლებმაც 2024 წლის განმავლობაში 81 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. „ხალხის ძალამ“ პოლიტიკური შემოწირულობები პირველად მიიღო და მას ორმა პირმა ჯამურად 96,000 ლარი შესწირა, მათ შორისაა პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძე (მან პარტიას 38,000 ლარი შესწირა). ამავე პერიოდში ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიამ 138 ათასი ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტები მიიღო.

„ქართული ოცნების“ სხვა შემომწირველები:

  • სერგო ხაბულიანმა 10,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“ და მისმა კომპანიამ „ცეკური“ ორი ტენდერი მოიგო, ჯამური ღირებულებით 14.8 მილიონი ლარი. 2024 წლის პირველ 6 თვეში, სერგო ხაბულიანმა „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა და მისმა კომპანიამ „ცეკური“ 79 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო;
  • ლევან ნეკრესელშვილმა და ვაჟა ციგროშვილმა ერთსა და იმავე დღეს ჯამურად 64,000 ლარი შესწირეს პარტიას (მათ სულ 434,000 ლარი აქვთ შეწირული მმართველი პარტიისთვის); ხოლო, მათთან დაკავშირებულ კომპანიებს შპს „შატო ნეკრესს“, რკ „ნეკრესელს“ და შპს „მარნისკარს“ 2021-2022 წლებში, სხვადასხვა სახელმწიფო აგროპროგრამების ფარგლებში, 1,544,783 ლარი აქვთ მიღებული;
  • მიხეილ ბუზალაძემ 20,000 ლარი შესწირა „ქართულ ოცნებას“. ის ღვინის მწარმოებელი კომპანია შპს „რთველისის“ დირექტორია, რომელმაც 2021-2023 წლებში, შეღავათიანი აგროკრედიტის და აგროდაზღვევის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. გარდა ამისა, კომპანიას 2022 და 2023 წლებში, რთველის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 408,000 ლარი აქვს მიღებული;
  • ელგუჯა მუჭაურმა 22 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 20,000 ლარი შესწირა. მუჭაურთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს “ე.ი.ლ.ჯ” 2024 წლის 23 თებერვალს, შემოწირულების განხორციელებამდე ორი თვით ადრე, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდ. ლიახვის ქვიშა-ხრეშის, 5 წლით, 95,400 მ3-ის ოდენობით მოპოვების ლიცენზია მიიღო.  
  • ადელაიდა ნანიკაშვილმა 4 აპრილს „ქართულ ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, 23 აპრილს კი მთავრობის განკარგულებით მის კომპანიას, შპს „აიემსის“, 5-ჯერ გაუზარდეს მოსაპოვებელი წიაღისეულის სალიცენზიო ოდენობა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button