skip to content
ისტორიის რვეულიმეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

გაზეთი “თბილისი”, 1976: დიდებული და უნიკალური “დინამოს” სტადიონი

გაზეთი “თბილისი”, 1976: 10/09/1976

რედაქციისგან: “დინამოს” სტადიონი 1927 წელს გაიხსნა. თავდაპირველად ის მხოლოდ მოედანს წარმოადგენდა, თუმცა 1935 წელს მან რეკონსტრუქცია განიცადა და სრულად შეიცვალა ის, მათ შორის დაემატა 23.000 ათასიანი მაყურებელთა იარუსები (მთავარი არქ. არჩილ ქურდიანი). უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ახალი სტადიონი გამორჩეული იყო თავისი არქიტექტურული ღირებულებებით.

1969 წელს, სტადიონზე მორიგი რეკონსტრუქცია დაიწყო. 7 წლიანი მშენებლობის შემდეგ, 1976 წელს, სტადიონმა კვლავ მიიღო გულშემატკივარი. ამჯერად, ტევადობა გასსამაგებული იყო, ხოლო სტადიონი, მალევე გახდა საბჭოთა კავშირში (და შეიძლება ევროპაშიც) ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საუკეთესო.

მოცემულ სტატიაში, გაზეთ თბილისის კორესპონდენტი, ესაუბრება სტადიონის რეკონსტრუქციის პროექტის მთავარ ავტორს გია ქურდიანს. “დინამოს” ლეგენდარულ თავდამსხმელს ბორის პაიჭაძესა (სწორედ მის სახელს ატარებს დღეს სტადიონი) და პროექტის მთავარ მშენებელ ვლადიმერ გოგოლაძეს

დიდებული და უნიკალური

დამთავრდა დინამოს სტადიონის მშენებლობა. კიდევ ცოტა დარჩა და პირველი საფეხბურთო მატჩის გაიმართება. ამ სასიხარულო და დიდი ხნის ნანატრმა საზეიმო მოვლენამ კიდევ უფრო გაზარდა არქიტექტურისა და კონსტრუქტორული აზრის ამ ორიგინალური ქმნილებისადმი ინტერესი. ბევრ გულშემატკივარს სურს ყველაფერი იცოდეს მის შესახებ, დაწვრილებით გაიგოს რას წარმოადგენს ახალი სტადიონი, რა შეიცვალა რის განსხვავდება იგი ძველისგან, თბილისის სხვა ღირსშესანიშნავი ნაგებობებისგან.

კორესპონდენტი: დავიწყოთ თავიდან, ისტორიით… ეს საკითხი, თავისი “ხანდაზმულობისა” და უკვე დიდი ხნით დაკანონებული აღიარებული ფაქტია მიუხედავად ზოგიერთში ახლაც დავას, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. საჭიროა კიდევ ერთხელ გავარკვიოთ მკითხველი და გავცეთ პასუხი, რატომ მოხდა დინამოს სტადიონის რეკონსტრუქცია, უმჯობესი ხომ არ იყო მის სანაცვლოდ ახლის აშენება?

გია ქურდიანი: ამ კითხვაზე პასუხი უკვე დრომ გასცა. თავიდან თუ მართლაც წარმოიშვა სხვადასხვაობა, იყო “ოპოზიცია”, ახლა ამგვარი დამოკიდებულება არსებითად შეიცვალა. თუ ისტორიას მივმართავთ, გავიხსენოთ ომის წინანდელი და მის შემდგომი, განსაკუთრებით კი 1964-65 წლები. ეს არის ქართული ფეხბურთის აღმავლობის, თბილისის “დინამოს” ტრიუმფულ გამარჯვებათა პერიოდი. ამ წლებში ჩვენს სტადიონზე მაყურებელთა დასწრებამ მთელ კავშირში სარეკორდო რაოდენობას მიაღწია, თამაშზე დასწრება, ბილეთის შოვნა პრობლემად იქცა.

მართალია, სახელმწიფო ნორმების მიხედვით, თბილისის მოსახლეობას საკმაო სიდიდის, თანაც ერთის ნაცვლად ორი სტადიონი ჰქონდა, მაგრამ ზემდგომმა ორგანოებმა გადაწყვიტეს, როგორც გამონაკლისი, მომხდარიყო ერთ-ერთის გაფართოება-რეკონსტრუქცია. თუ მაინც და მაინც რატომ შეჩერდა არჩევანი “დინამოს” სტადიონზე, პირველ რიგში ეს განაპირობა მისმა ხელსაყრელმა ადგილმდებარეობამ, რომელსაც ქალაქის ყოველი კუთხე და ყველა სახის ტრანსპორტი მოხერხებულად უკავშირდება.

ბორის პაიჭაძე: ცხადია გარკვეული როლი შეასრულა ტრადიციამაც. თბილისელებმა, ყველაზე მეტად კი ფეხბურთელებმა, ერთგვარად შეისისხლხორცეს და შეიყვარეს ეს ადგილი. დინამოს სტადიონი ცოცხალი მატიანეა, მასთან ბევრი სასიამოვნო მოგონებაა დაკავშირებული, აქ მაყურებელსაც და სპორტსმენსაც რაღაც უჩვეულო, ამაღლებული, საზეიმო განწყობილება ეუფლება. შეიძლება ვინმეს სენტიმენტალობად მოეჩვენოს, მაგრამ ახლაც, როცა “დინამოს” სტადიონზე შემოვდგამ ხოლმე ფეხს, ყოველთვის ისეთი განცდები მაქვს, თითქოს ძალზე ახლობელსა და ძვირფასს, ჩემს ახალგაზრდობას, ახლო წარსულს ვხედავდე. თუმცა, ეს მარტო მე როდი მემართება. “დინამო”… თავისებურად განუმეორებელია, სულ სხვაა!

ვლადიმერ გოგოლაძე [მშენებელი]: მე, როგორც, მშენებელი, უბრალოდ და მარტივად მოგახსენებთ, რატომ მოხდა ძველის რეკონსტრუქცია და არ აშენდა ახალი სტადიონი. ახლის მშენებლობისთვის ფულს არ იძლეოდნენ, რეკონსტრუქციისთვის კი თანახმანი იყვნენ? რატომ? ამაზე ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ ბოლო ვარიანტის გარდა, სხვა გამოსავალი არ იყო, ქალაქის წინაშე ალტერნატივა იდგა, უარის თქმა ფულის დაკარგვას ნიშნავდა. ამას სხვათა შორის, სიცხადისთვის ვამბობ, ისე კი პირადად მე თავისი შესანიშნავი ადგილმდებარეობის გამო “დინამოს” გაფართოება უფრო სწორედ მიმაჩნია. მოდით განვსაჯოთ, ქალაქის რომელ კუთხეს უდგება ერთდროულად ამდენი სახის ტრანსპორტი – ტრამვაი, ტროლეიბუსი, ავტობუსი, მეტრო? აქვე ახლოა რკინიგზა, სანაპირო, მალე გაიხსნება დიდუბის ხიდი…

გია ქურდიანი: პატივცემულმა ვლადიმერის შენიშვნა სწორია. ახლა კი ორიოდე სიტყვა ისტორიაზე…

მაშ ასე, შეიქმნა რეკონსტრუქციის ავტორთა ჯგუფი – დინამოს ძველი სტადიონი ავტორი საბჭოთა კავშირის სახალხო არქიტექტორის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატის არჩილ ქურდიანის,ჩემი და კონსტრუქტორ შალვა გაზაშვილის შემადგენლობით. პროექტი დამუშავდა საქქალაქმშენსახპროექტში.

რეკონსტრუქციის სამუშაოთა პირვანდელი ვარიანტი არ ითვალისწინებდა არსებული სტადიონის დანგრევას, მისი ექსპლუატაციის, იქ თამაშების გამართვის შეწყვეტას, გაფართოება უნდა განხორციელებულიყო ზედა ტრიბუნების მომატებით, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი და სხვა მიზეზების გამო, რომელთა გამეორება ახლა არც საჭიროა და არც სასიამოვნო, აუცილებელი გახდა ძველი ნაგებობის ნაწილობრივ დანგრევა.

კორესპონდენტი: დრო ყველაფრის მკურნალია, ხოლო რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და მთავარია, ძველი ნაცვლად და ჩვენდა სანუგეშოდ, აშენდა კიდევ უფრო დიდებული, უნიკალური ნაგებობა, რომელიც გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამჟამად ყველაზე უკეთესია არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ევროპის ბევრ ცნობილ სტადიონსაც სჯობს.

გია ქურდიანი: ამგვარი შეფასება სხვებისგანაც გვსმენია. იგი გვახარებს და სტიმულს გვმატებს. რასაკვირველია, უკეთესი სტადიონის აშენებაც შეიძლებოდა, რეკონსტრუქციის სხვა, მაგრამ ერთგვარად ძვირადღირებული ვარიანტიც გვქონდა.

ბორის პაიჭაძე: გიასათვის უხერხულია საკუთარ შემოქმედებაზე, მის ღირსებებზე ლაპარაკი, ამიტომ ამის თაობაზე ორიოდე სიტყვას მე მოგახსენებთ. ამ შემთხვევაში, მეც მიკერძოებაში რომ არ ჩამეთვალოს, სხვების აზრს გაგაცნობთ.

ამას წინად ჩვენთან სტუმრად იყო ჩამოსული “ლუჟნიკის” ცენტრალური სარბიელის დირექტორი. იგი შემთხვევით არ ჩამოსულა თბილისში. როგორც ცნობილია, მომავალი, 1980 წლის ზაფხულს მსოფლიოს ასპარეზობათათვის გათვალისწინებულია ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონის რეკონსტრუქცია და, როგორც ეს თვითონ მოსკოველმა სტუმარმა განაცხადა, მისი ვიზიტის მიზანი იყო ამჟამად საბჭოთა კავშირის ყველაზე უკეთესი სტადიონის გაცნობა, “ლუჟნიკის” რეკონსტრუქციის პროექტის შემუშავებისას თბილისელი არქიტექტორებისა და მშენებლების გამოცდილების გამოყენება. კიდევ ერთი “შინაური” ადგილობრივი მნიშვნელობის ფაქტი. ახლახან, ლენინგრადიდან სასწრაფოდ გვთხოვეს ჩვენი სტადიონის პროექტი. როგორც შემდეგ გამოირკვა, ზუსტად მის მიხედვით ან ნაწილობრივ შეცვლილი ვარიანტით შესაძლოა აშენდეს ახალი სტადიონი კუბის სახალხო რესპუბლიკაში.

ზაფხულის დასაწყისში თბილისში სტუმრად იმყოფებოდა უეფას პრეზიდენტი არტემიო ფრანკი, რომელიც აღტაცებული დარჩა ჩვენი სტადიონით. სწორედ მან ბევრი მნახველმა და მცოდნე ადამიანმა, შეაფასა იგი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობა მთელ ევროპაში. უეფას პრეზიდენტმა საუბარში იმის სურვილიც კი გამოთქვა, რომ თბილისის სტადიონზე გაიმართოს რომელიმე დიდი ტურნირი ფეხბურთში უცხოეთის ცნობილი გუნდების მონაწილეობით. არტემიო ფრანკმა სამშობლოში დაბრუნებისას წერილი გამოგვიგზავნა და გვთხოვა, აუცილებლად შევატყობინოთ, როდის გაიხსნება “დინამოს” სტადიონი, რათა, თუ შესაძლებლობა ექნება, თვითონაც დაესწროს ამ საზეიმო მოვლენას.

ასევე საუკეთესო შეფასება მისცეს ჩვენს სტადიონს საერთაშორისო სპორტულ ასოციაციათა ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ავსტრიელმა კელერმა, დასავლეთ გერმანელმა არქიტექტორებმა და სხვა უცხოელმა სტუმრებმა, რომელთა გამოთქმებში ჭარბობდა სიტყვები – “უნიკალური”, “აღმოჩენაა”, “მოულოდნელი” და სხვა ეპითეტები.

კორესპონდენტი: მაინც რა მიგაჩნიათ “დინამოს” ახალი სტადიონის მთავარ ღირსებად, რა უპირატესობა აქვს მას ძველთან, სხვა სტადიონებთან შედარებით?

ძნელია ყველაფრის ჩამოთვლა, რომელი ერთი უნდა დაასახელო… დავიწყოთ თუნდაც სტადიონის ტევადობით, რომელიც სიმცირეც გახდა რეკონსტრუქციის ძირითადი მიზეზი. ახლა მარტო დასაჯდომების რაოდენობა ადრინდელზე შედარებით ორჯერ მეტია და 75-80 ათას მაყურებელზეა გაანგარიშებული. აქ ორი იარუსია, პირველი 27 რიგს შეიცავს, მეორე კი 36-ს. რაოდენობასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ახალი სტადიონის 30 მეტრზეა გადახურული, ე.ი. ტრიბუნების ორი მესამედი საიმედოდო იქნება დაცული წვიმისა და მზისგან.

კორესპონდენტი: გადახურვის, უფრო სწორედ, მასზე საიმედო ჰიდროიზოლაციის მოწყობა თანამედროვე მშენებლობის “აქილევსის ქუსლი”, ერთ-ერთი მტკივნეული და რთული პრობლემაა. ამ საქმეში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული სასურველი შედეგი, თითქმის ყველა გადახურვა დროში წყალს ატარებს, აქაც იგივე ხომ არ არის მოსალოდნელი?

ვახტანგ გოგოლაძე: წინასწარ რამის დაბეჯითებით თქმა ძნელია, მაგრამ უკვე არსებული შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, იგი დამაიმედებელია, ერთგვარად ოპტიმისტური განწყობილების უფლებას გვაძლევს. შეგვიძლია მას საუკეთესო ვუწოდოთ. ჩვენმა სპეციალისტებმა ჰიდროიზოლაციის მრავალი ვარიანტი და ხერხი შეისწავლეს და გაანალიზეს, მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები ერთმანეთს შეაჯერეს და ბოლოს დამზადების ოპტიმალური რეცეპტი შეიმუშავეს. ჯერ-ჯერობით თბილისურმა ყველას აჯობა. თითქმის წელიწადი შესრულდება, რაც სტადიონზე იზოლაცია მოეწყო და მან ყველა შემოწმება-გამოცდას – თოვლსა და წვიმას წარმატებით გაუძლო […].

კორესპონდენტი: ყველა სტადიონის ერთ-ერთი მთავარ ღირსებად საფეხბურთო მინდორი ითვლება. როგორია ჩვენი მწვანე საფარველი?

ბორის პაიჭაძე: ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მშენებლობის წლობით გაჭიანურებამ დიდმა დრომ საშუალება მოგვცა აუჩქარებლად და დაკვირვებით მოგვეწყო მინდორი, რომ იტყვიან, ასჯერ გაგვეზომა და ერთხელ მოგვეჭრა, გულდასმით გამოგვეცადა და შეგვემოწმებინა მისი თვისებები. ამიტომ თავს კიდევ ერთხელ უფლებას მივცემ, რომ ვთქვა – ახალ სტადიონს შესანიშნავი მინდორი აქვს.

[…]

კორესპონდენტი: ბევრს აინტერესებს როგორ არის გადაწყვეტილი სტადიონის ევაკუაცია, რამდენ ხანში დაიცლება მისი ტრიბუნები?

გია ქურდიანი: ცხადია, მაყურებელს ანგარიში უნდა გაეწიოს, რათა დიდხანს არ დაყოვნდეს ტრიბუნებზე მატჩის შემდეგ. იგი ამ მიზნით მხოლოდ 7-12 წუთს დაკარგავს, ამას ტრიბუნების გაზრდითა და მათი დისლოკაციის ოპტიმალური ვარიანტის შემუშავების გზით მივაღწიეთ.

კორესპონდენტი: ბევრი მაყურებელი მატჩზე საკუთარი მანქანით მოვა. სად იქნება მოწყობილი დასადგომები?

გია ქურდიანი: ჯერ-ჯერობით ეს ყველაზე მტკივნეული საკითხია და ამჟამად არ არის მთლიანად მოგვარებული. ისე კი, ახლო მომავალში გათვალისწინებულია სადგომის მოწყობა 4 ათასს მანქანაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ამჟამად მშენებარე ხიდის მახლობლად.

[…]

კორესპონდენტი: რა აზრის ხართ ამ კონსტრუქციების, მთლიანად ნაგებობების საიმედოობაზე?

გია ქურდიანი: როგორც უკვე აღინიშნა, სტადიონის მშენებლობა ორიგინალური, სხვადასხვა სახის კონსტრუქციებით არის გადაწყვეტილი. ალბათ ასეთი გამძლე, საიმედო და უსაშიშრო ნაგებობა იშვიათია…

ვახტანგ გოგოლაძე: ყველა კონსტრუქცია ჩვენი ტრესტის საწარმოებში დამზადდა, სადაც ისინი საგანგებო, გულდასმით გამოცდას გადიოდნენ, ხოლო მონტაჟის დროს სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი იყო დაწესებული. მთლიანობაში უაღრესი სიზუსტით ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანებით შემოწმდა. მათ ზოგიერთ ადგილას ნაგებობების ხელოვნური ნგრევა გამოიწვია და მისმა გამძლეობამ გათვალისწინებულზე მეტ ნორმას გაუძლო.

მთელი სტადიონი 58 სვეტს ეყრდნობა, თითოეული მათგანი კი თავის მხრივ 24 ხიმინჯზეა დასმული, რომლებიც მიწაში 8-10 მეტრ სიღრმეზეა ჩამჯდარი. ასეთ ნაგებობას, რომ იტყვიან, ოდნავ ძვრასაც ვერ უზამ.

კორესპონდენტი: ჩვენს მკითხველს აინტერესებს არა მარტო ის, რასაც უშუალოდ ხედავს (მთლიანად ნაგებობა, ტრიბუნები, მინდორი, გადახურვა და ა.შ.) არამედ ისიც რასაც მისი თვალი ვერ სწვდება, გთხოვთ მოგვითხროთ ამ უხილავ “სამყაროზე”.

ბორის პაიჭაძე: ეს “სამყარო” ძირითადი ტრიბუნების ქვევით მდებარეობს. მისი მასშტაბებსა და მოცულობაზე უბრალოდ წარმოდგენაც რომ გქონდეთ, საკმარისია ითქვას, რომ მას 15 ათასამდე კვადრატული მეტრი სასარგებლო ფართობი უჭირავს და 400-მდე სხვადასხვა დარბაზის, ოთახისა და სათავსოსგან შედგება. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სპორტული დარბაზები (კალათბურთის, ფარიკაობის, ჭიდაობის, კრივის, ძალოსნობის, ცურვის, სპორტული თამაშების, ავტო და ველოსექსიისა) მათი უმრავლესობა ადრეც იყო, მაგრამ ახლანდელები უფრო კეთილმოწყობილია, გაფართოვდა და, რაც მთავარია, ახალიც დაემატა. განსაკუთრებით დიდი საჩუქარი მიიღეს მძლეოსნებმა, რომლებისთვისაც 60 მეტრი სიგრძის დახურული მანეჟი მოეწყო. ამ დარბაზებში დღეში საშუალოდ შეიძლება 3-4 ათასი კაცის მიღება. […]

გია ქურდიანი: რეკონსტრუქციამ არსებითად შეცვალა ყველა თანამედროვე სტადიონის ეს ერთ-ერთი მთავარი ელემენტი. მძლეოსნობის სექტორი გაფართოვდა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. მას ექნება 8 სარბენი ბილიკი და ერთცენტრიანი მრუდით. აქვე აშენდება ნაგებობა ფოტოფინიშისათვის. ამ საკითხზე მომავლით დროში ვლაპარაკობ რადგან არ არის გადაწყვეტილი თუ რით დაიფარება სარბენი ბილიკები. ეს მეტად რთული და პრობლემატური საკითხია. ყველას დიდი სურვილია ამ მიზნით უმაღლესი კლასის დასავლეთ გერმანული საფარის – ტარტანის გამოყენება, მაგრამ იგი ძალზე ძვირი ღირს, თანაც ძნელი საშოვნელია.

კორესპონდენტი: როგორც წესი, მატჩები ღამითაც გაიმართება, როგორია განათება?

ბორის პაიჭაძე: საუკეთესოა, ისეთი, რომლის მსგავსი ჩვენთან ჯერ არსად არის. მეტისმეტი ქება გამომდის, მაგრამ რას იზამ, მე მხოლოდ ფაქტების აღვნიშნავ. ახალი სტადიონის განათება საერთაშორისო ნორმებს შეესაბამება და იგი დაახლოებით 600-650 ლუქსს უდრის. შეიძლება ეს ციფრი ზოგისთვის არაფერზე მეტყველებს, მაგრამ ჩვენი “ლოკომოტივის” სტადიონის განათება 180-ს, ძველისა 270-ს, ხოლო “ლუჟნიკისა” 450 ლუქსს უდრის. […]

კორესპონდენტი: ამგვარი განათების პირობებში შესაძლებელი იქნება თუ არა ფერადი ტელევიზიით მატჩების გადაცემა?

გია ქურდიანი: ძნელი კითხვაა. პირდაპირ პასუხი ძნელია. შეიძლება ითქვას, ჰოც და არაც. იმ აპარატურით რაც დღეს ჩვენს ტელევიზიას აქვს, ფერადი გამოსახულების გადაცემა არ მოხერხდება, ამას დაახლოებით 1500 ლუქსი განათება სჭირდება. ამისთვის ელექტროგანათება გათვლილი არ არის. გამოსავალი ერთია: ან ისეთი ნათურები უნდა ვიშოვოთ, რომელიც ელექტროენერგიის ჩვეულებრივი დანახარჯის პირობებში, გაცილებით მეტ ეფექტს იძლევა, ან ჩვენმა ტელევიზიამ გაუმჯობესებული აპარატურა შეიძინოს.

[…]

კორესპონდენტი: სადაურია ტაბლო?

ბორის პაიჭაძე: სამამულო, მისამართს ზუსტად თუ დავასახელებთ – თბილისური. ჩვენ თავდაპირველად უნგრული ტაბლო გვქონდა, მაგრამ საკუთარი ვამჯობინეთ. ეს იმიტომ რომ თბილისშივე გვყავს ამ საქმის ისეთი გამოჩენილი სპეციალისტი რომელიც, უკეთეს მოწყობილობას ამზადებს. ეს არის ინჟინერი იგორ ნიკულინი.

[…]

კორესპონდენტი: და ბოლოს, თუ საიდუმლო არ არის, რა დაჯდა მთლიანად მშენებლობა?

გია ქუდიანი: ცხრა მილიონი…

კორესპონდენტი: ალბათ დამეთანხმებით, რომ ასეთი სტადიონი მხოლოდ ჩემპიონებს შეჰფერით

ვახტანგ გოგოლაძე: სხვაგვარად არც შეიძლება. ამდენი შრომა ჩვენ მხოლოდ ამ მიზნით გავწიეთ. ეს აზრი გვასულდგმულებდა მუშაობაში.

გია ქურდიანი: უჩემპიონოდ ასეთ სტადიონს ფასი არ აქვს!..

ბორის პაიჭაძე: კარგ სტადიონს დიდი მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ფეხბურთის კლასი ამიერიდან კიდევ უფრო ამაღლდება, ფეხბურთელებს თამაშის მეტი სტიმული მიეცემათ. დანარჩენი ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

კორესპონდენტი ა.ციცქიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button