გაზეთი “თბილისი” 1976: გაიხსნა სასტუმრო “აჭარა”
რედაქციისგან: საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთს.
კონტექსტითვის: საბჭოთა კავშირში, საკურორტო ქალაქების მიღმა, ტურიზმი არ იყო ისეთი განვითარებული როგორც დღეს. სასტუმრო, ერთადერთი სივრცე იყო რომელშიც სტუმარს შეეძლო დარჩენა და ღამის გატარება. თბილისში კი სულ რამდენიმე სხვადასხვა მაშტაბის სასტუმრო არსებობდა, აქედან ყველაზე დიდი იყო რუსთაველზე მდებარე სასტუმრო “ივერია”, 1976 წელს კი ქალაქს შეემატა სასტუმრო “აჭარა”.
2000-იან წლებში, შენობა “Holiday Inn” – ის საკუთრება გახდა და რეაბილიტირდა თანამედროვე სტანდარტებზე. ფასადი შეიმინა, რის გამო დაკარგა ავთენტურობა და არქიტექტურული სახე.
სტუმართმოყვარეობის 22 სართული
გაზეთი “თბილისი” 19.01.1976
დღეს, პირველად გააღო კარები კომფორტულმა სასტუმრო “აჭარამ”. ეს ახალი შენობა თავისი მონაცემებით უდიდესია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. 22 სართულიანი სასტუმრო “აჭარა” ერთდროულად 590 კაცს მოემსახურება. სასტუმროს დათვალიერება მის დირექტორს მიხეილ ლოლაძეს ვთხოვეთ. მან სიამოვნებით მიგვიპატიჟა: – ჩვენი სასტუმროს კოლექტივის მთავარი ამოცანაა, – ამ ამბობს მიხეილ ლოლაძე, – სტუმრების მაღალ დონეზე მომსახურება. მათ ყველა პირობა უნდა შევუქმნათ ნორმალური ცხოვრებისთვის. ამისათვის ყველა საშუალება გაგვაჩნია.
დირექტორის სიტყვების სისწორეში დაგვარწმუნა სასტუმროს დათვალიერებამ. აქ შესანიშნავად არის მოწყობილი 309 ნომერი. “აჭარას” არა მარტო ერთ და ორადგილიანი ნომრები გააჩნია, არამედ თანამედროვე სტილით მოწყობილი ლუქსებიც. პროექტის ავტორებმა და მშენებლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სტუმრებისთვის მაქსიმალური კომფორტი შეექმნათ. სასტუმროს პირველ სართულზე მოთავსებული ბიურო, რომელიც უცხოელი სტუმრებს გაუწევს მომსახურეობას. აქვეა ფოსტა, ტელეგრაფი “სოიუზპეჩატის” [ბეჭდური ორგანო, რომელიც გაზეთების გამოცემით იყო დაკავებული] კიოსკი. სასტუმროს მობინადრეებს შეეძლებათ შეაკეთებინონ ფეხსაცმელი, გააუთოებინონ ტანსაცმელი. საპარიკმახერო მოემსახურება როგორც მამაცებს, ისევე ქალებს.
ერთდროულად 200-ზე მეტ კაცს მიიღებს სასტუმროს რესტორანი. აქვეა დიდი საბანკეტო დარბაზი. ავტორებს არც კინომოყვარულები გამორჩათ – სასტუმროს გააჩნია შესანიშნავი კინოდარბაზი. დიდი გემოვნებით არის გაფორმებული ბარი. ზაფხულის პერიოდში შენობის ბოლო სართულზე იმუშავებს კაფე.
სასტუმრო “აჭარის” ინტერიერის გაფორმებაზე მოწვეული იყვნენ რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზ.წერეთელი და სამხატვრო აკადემიის რექტორი პროფესორი გ.თოთიბაძე, რომლებმაც დიდი გემოვნება და ფანტაზია გამოიჩინეს “აჭარის” გაფორმებაში.
მშენებლებმა ბლო ეტაპზე ძალ-ღონე არ დაზოგეს იმისათვის, რომ სასტუმრო “აჭარას” დროზე მიეღო ძვირფასი სტუმრები – საქართველოს კომუნისტური პარტიის XXV ყრილობის დელეგატები. (სასტუმროს აშენებდა საქართველოს მშენებლობის სამინისტრო ტრესტ N18-ის N3 სამშენებლო სამმართველო).
სასტუმრო “აჭარა” – გვითხრა მინისტრთა საბჭოსთან არსებული უცხოეთის ტურიზმის სამმართველოს უფროსმა ლ.მატარაძემ – ჩვენი დედაქალაქი შესანიშნავი შენაძენია. ჯერ ერთი მან კიდევ უფრო დაამშვენა თბილისი და მეორე – საშუალება მოგვცა გავზარდოთ უცხოელი სტუმრების მიღება და კულტურული მომსახურება. სასტუმრო “ივერიას” კარგი თანატოლიც შეეძინა.
… დღეიდან ღიაა სასტუმრო “აჭარის” სტუმართმოყვარე კარები.
შ.სვანი