ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ აშშ-ს შანტაჟში ადანაშაულებს და მას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ 21 მაისს განცხადება გაავრცელა აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონპროექტი ჯერ მიღებული არ არის და მისი მიღების პერსპექტივა „ძალზე ბუნდოვანია“. განცხადების თანახმად, აშშ შეცდომას უშვებს, როდესაც საქართველოს აშანტაჟებს „სუვერენიტეტით ივაჭროს“ და სანაცვლოდ ამერიკასთან უკეთეს ურთიერთობას მიაღწიოს. „ქართული ოცნება“ აშშ-საქართცელოს ურთიერთობების გაუმჯობესებაზე სრულ პასუხისმგებლობას ამერიკულ მხარეს აკისრებს.

კონგრესში ინიცირებული კანონპროექტი (Megobari Act – Mobilizing and Enhancing Georgia’s Options for for Building Accountability, Resilience and Independence Act) ითვალისწინებს საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციას და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას იმ პირობით, თუ „ქართული ოცნება“ გააუქმებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, შეწყვეტს ანტიდასავლურ რიტორიკას და განვითარების დემოკრატიულ ვექტორს დაუბრუნდება. ამავდროულად, კანონპროექტი ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში სანქციებს ითვალისწინებს. მმართველი პარტია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ჯერ არ არის მიღებული და მისი მიღების პერსპექტივები ბუნდოვანია და დასძენს, რომ უკანასკნელ წლებში, ამგვარი სპეციალური კანონპროექტები საქართველოს შესახებ კონგრესში უკვე ორჯერ დაინიციირდა, მაგრამ, საბოლოოდ, დღის სინათლე ვერცერთმა მათგანმა ვერ იხილა.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღებისა და ანტიდასავლური რიტორიკის პირველი და მთავარი მიზეზი საქართველოში პოლარიზაციაა, რომელიც ძირითადად უცხოუთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი რევოლუციის მოწყობის მცდელობებითაა გამოწვეული. ამასთან, მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ საქართველო ამერიკელი პოლიტიკოსების თავდასხმების მუდმივი სამიზნეა, რის გამოც მათ იგივე რიტორიკით ხვდებიან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კანონის მიღებას ალტერნატივა არ აქვს და უკეთეს ურთიერთობებზე პასუხისმგებლობა აშშ-ს აკისრია. „ქართული ოცნება“ დასძენს, რომ  „ამისათვის არა სრულიად ბუნდოვანი პერსპექტივის მქონე დაპირებები და შეურაცხმყოფელი შანტაჟი, არამედ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოვლენაა საჭირო. სამწუხაროდ, რიგი ამერიკელი პოლიტიკოსები და ჩინოსნები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ და საქართველოს ისევ შანტაჟის ენით ელაპარაკებიან“.

„საქართველოს ხელისუფლება არ თამაშობს. ჩვენ ვიღებთ ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონს იმის გამო, რომ ქვეყნის დამშვიდების სხვა შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ. როგორც უკვე აღინიშნა, ენჯეოებმა 2020 წლიდან უკვე ორჯერ სცადეს ამ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა და მესამე მცდელობას გულხელდაკრეფილი ვეღარ დაველოდებოდით. ეს კანონი ჩვენთვის არის არა ვაჭრობის საგანი, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვის ეფექტური საშუალება, ქვეყნის სუვერენიტეტით კი, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვივაჭრებთ. ვერც საქართველოზე უსამართლო თავდასხმებს დავტოვებთ უპასუხოდ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ საქართველოს მიმართ ღირსეული დამოკიდებულება სრულიად სხვაგვარად უნდა ყოფილიყო გამოხატული. ამგვარი დამოკიდებულების პირობებში, „აშშ საქმით დაამტკიცებდა, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, კერძოდ, ყოველგვარი პირობების გარეშე, საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებდა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას გააფორმებდა; აშშ ჩადებდა ფულს ქართულ ეკონომიკაში, რაც მან ბოლოს 2009-11 წლებში გააკეთა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ეკონომიკური კოლაფსისგან იყო გადასარჩენი; აშშ უზრუნველყოფდა ენჯეოების ქცევის ცვლილებას, კერძოდ, მათი მხრიდან საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის არაღიარების პოლიტიკის დასრულებას და რევოლუციური გეგმების გვერდზე გადადებას; შეწყდებოდა ევროკავშირის თემის გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ მუდმივი შანტაჟის ინსტრუმენტად, წლის ბოლომდე გაიხსნებოდა მოლაპარაკებები საქართველოსთან“.

„ქართული ოცნება“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ-ს ეს ნაბიჯები რომ გადაედგა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი საერთოდ არ იქნებოდა საჭირო, თუმცა „დღეს ენჯეოების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას ალტერნატივა არა აქვს“. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ურთიერთობების თვისებრივად გადალაგება ჩვენს პარტნიორებს მაქსიმუმ ერთ წელიწადში შეუძლიათ. თუ ისინი ამას გააცნობიერებენ, ურთიერთობები ძალიან სწრაფად დალაგდება, მაგრამ თუ საქართველოს მიმართ იგივე მიდგომებით განაგრძობენ მოქმედებას, ამით საქართველოს ინტერესებსაც დააზარალებენ და ამერიკისაც“.

„როგორც უკვე ითქვა, ყველაფერი პარტნიორების ხელშია და საქართველოს, როგორც პატარა ქვეყანას, ცალმხრივად არაფრის შეცვლა შეუძლია. შესაბამისად, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ამერიკაში რაციონალური აზრი გაიმარჯვებს, რითაც ორივე ქვეყანა მხოლოდ სარგებელს მიიღებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button