skip to content
ახალი ამბები

„ხალხის ძალა“ აშშ-ის ელჩს „წითელი ხაზის გადაკვეთაში“ ადანაშაულებს

პარტია „ხალხის ძალა“ 20 ივნისს IPN-თან აშშ-ის ელჩის  რობინ დანიგანის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ელჩმა აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, აშშ-ის სანქციებზე, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემასა და სხვა საკითხებზე ისაუბრა. „ხალხის ძალის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელჩმა „წითელი ხაზი გადაკვეთა“, როდესაც ისეთ საკითხებს შეეხო, რომლებიც „პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“. თავის კრიტიკულ განცხადებაში პარტია გმობს აშშ-ის ამჟამინდელ პოლიტიკას საქართველოს მიმართ და მას „არაადეკვატურს“, „ჩაგვრასა და შეურაცხყოფაზე დაფუძნებულ“ პოლიტიკას უწოდებს. პარტია ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნისთვის აშშ-ის დახმარების მოცულობას და აცხადებს, რომ ის ბევრად ნაკლები იყო და ისევ ქვეყანაში აშშ-ის „აგენტების“ გაძლიერებაზე დაიხარჯა.

ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის საეჭვო რეპუტაციის მქონე ჩინური კომპანიისთვის გადაცემაზე აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას, „ხალხის ძალამ“ მის ლოგიკას „შესაშური” უწოდა. დანიგანმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა, „რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს“. საპასუხოდ, „ხალხის ძალა“ დაინტერესდა, თუ რატომ აღრმავებს აშშ ყოველწლიურად ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩინეთთან და მაგალითისთვის 2023 წელს აშშ-სა და ჩინეთს შორის მთლიანი სავაჭრო ბრუნვის მაჩვენებლები, ასევე 2017 წლიდან აშშ-ის ეკონომიკაში ჩინეთის ინვესტიციების მოცულობა დაასახელა. „რატომ ფიქრობთ, რომ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება აშშ-ს და ევროკავშირს სიკეთეს მოუტანს, ხოლო ჩვენთვის სახიფათოა? საქმე ისაა, რომ დიდი ხანია თქვენ ჩვენს ქვეყანას უყურებთ როგორც არშემდგარ სახელმწიფოს, ხოლო ქართველ ხალხზე გაქვთ მცდარი წარმოდგენა, თითქოს მას კარგისა და ავის გარჩევა არ შეუძლია, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ არის“, – აცხადებს პარტია.

აღნიშნა რა, რომ ჩინეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს საქართველოსთვის „გადამწყვეტი მნიშვნელობა“ აქვს, „ხალხის ძალა“ აცხადებს: „ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მძიმედ დაზიანდება, თუ საქართველო ჩინეთთან გაწყვეტს ეკონომიკურ ურთიერთობას, სწორედ საქართველოა“.

„შეგახსენებთ, რომ სწორედ ასეთივე უხეში ფორმით ითხოვდით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისათვის და ერთი ხელის მოსმით გაგვეწყვიტა ყველანაირი ეკონომიკური და სავაჭრო კონტაქტები, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ. მიზეზი აქაც მარტივი იყო – ამ უგუნური ნაბიჯით რუსეთს ვერაფერს დავაკლებდით, ხოლო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას და ქართველ ხალხს ნამდვილად გამოვუწერდით ჩვენივე ხელით „უმძიმეს სანქციებს”, რომელთა შედეგები ათეული წლების განმავლობაში მძიმე დაღად დააჩნდებოდა ჩვენი ხალხის ცხოვრებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტიის თქმით, „ილუზია და ქართველი ხალხის დაცინვაა“ ელჩის მხრიდან „მუდმივი აპელირება 6 მილიარდიან დახმარებაზე, რომელიც, თურმე, 30 წლის განმავლობაში ქართველ ხალხს მოახმარეთ. ჯერ ერთი, საქართველოში შემოსული ამერიკული დახმარება, რაც ჩვენ დავითვალეთ, არის არა 6, არამედ, დაახლოებით 4 მილიარდი დოლარი 30 წლის განმავლობაში. და მეორე – ამ თანხის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, დაიხარჯა საქართველოში თქვენს მიერ დაფინანსებული ენჯეოების ხელით თქვენივე საყვარელი პარტიის – „ნაცმოძრაობის” – ჯერ ხელისუფლებაში მოყვანისათვის, შემდეგ მისივე უწყვეტი მხარდაჭერისათვის. და მესამე – დღეს უკვე ეს თანხები ძირითადად ისევ იმ ენჯეოებს ხმარდება, რომლებიც ჩვენი სამშობლოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან და რომელთაც ერთადერთ მიზნად „ქართული” აგენტურული ქსელის, არაერთგზის სახე და სახელცვლილი, მაგრამ მარად მონებად და სამშობლოს გამყიდველებად დარჩენილი ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნება განუზრახავთ“.

პარტია იმ როლსაც იხსენებს, რომელიც საქართველომ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით საერთაშორისო მისიებში შეასრულა და აცხადებს, რომ საქართველოს მონაწილეობის გარეშე მხოლოდ ავღანეთის მისია აშშ-ს მინიმუმ ორი მილიარდი დოლარით მეტი დაუჯდებოდა.

პარტიამ 2008 წლის ომშიც აშშ დაადანაშაულა და ისიც კი განაცხადა, რომ ომი აშშ-ის ინტერესებში შედიოდა: „…თქვენმა საყვარელმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველო სწორედ ამ უმძიმესი მოცემულობის წინაშე დამდგარიყო. დიახ, აგენტურამ 2008 წელს მოაწყო უმძიმესი პროვოკაციები და რომ არა ეს მიზანმიმართული ბოროტება საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ არა დავალებების უსიტყვო შესრულება და მონური მორჩილება, საქართველო ომის ქარცეცხლში არ გაეხვეოდა. არ იქნებოდა ასობით ქართველის მსხვერპლი, არ გვეყოლებოდა 35 000 ახალი დევნილი, არ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და ეკონომიკის სერიოზული ჩამოშლა. სერიოზული კითხვის ნიშნები გვაქვს ამ პროცესებში თქვენს როლთან და ფუნქციასთან დაკავშირებით, რადგან დღეს უკვე პატარა ბავშვმაც კი იცის საქართველოში, რომ სააკაშვილი და მისი აგენტურული ბანდა სწორედ რომ ოკუპაციის გამოსაწვევად ასრულებდა უმძიმეს დავალებებს საქართველოს წინააღმდეგ“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ „სწორედ აგვისტოს ამ მოვლენების შემდეგ დაერქვა რუსეთს „ოკუპანტი”, ხოლო აშშ-ს – სტრატეგიული პარტნიორი, რაც უკვე შემდგომ წლებში – ვიდრე დღემდე, მეტნაკლები წარმატებით გამოიყენება პროპაგანდის საწარმოებლად და საზოგადოებრივი აზრის ტერორისთვის“.

პარტია მოუწოდებს აშშ-ს გამოაქვეყნოს საქართველოსთვის უზრუნველყოფილი თანხების დეტალური ხარჯთაღრიცხვა და „საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელი გახდება“.

„თქვენ რომ ჩვენს ქვეყანასთან ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა გსურდეთ, ანაკლიის პორტს სწორედ ამერიკული ინვესტიციით ააშენებდით, თანაც – დიდი ხნის წინ. მიუხედავად არაერთი შემოთავაზებისა, თქვენ ყველა ჯერზე უარი თქვით პორტის აშენებაზე და ახლა, როცა რეალური ინვესტორი გამოჩნდა, ამ პროექტისა და მისი ინვესტორების მიმართ თქვენი დამოკიდებულებით ნათლად აჩვენებთ, რომ ერთადერთი მიზანი, რაც თქვენ გამოძრავებთ, არის პროექტის ჩაშლა და პორტის მშენებლობის გაუქმება“, – ნათქვამია განცხადებაში.

პარტია აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს „ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასაძლიერებლად და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, თუნდაც ეს იმ – მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და ჰაერზე ნათქვამი – „სტრატეგიული პარტნიორობის” გადახედვად დაგვიჯდეს“.

ასევე წაიკითხეთ:

მსგავსი/Related

Back to top button