ცესკო უარყოფს „მთავარი არხის“ ბრალდებას ხელისუფლების ინტერესების დაცვის თაობაზე
17 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარის“ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელშიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლო მანიპულირებაზეა საუბარი და განსაკუთრებული აქცენტი ელექტრონული ხმის მიცემის დანერგვაზე კეთდება. ცესკომ ტელეკომპანია „მთავარი“ „ელექტრონული არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობაში“ დაადანაშაულა. ცესკო-ს თქმით, არხი მას კომენტარისთვის არასდროს დაკავშირებია, მიუხედავად მისი მზაობისა, რომ მედიის კითხვებისთვის ეპასუხა.
„მთავარის“ სიუჟეტი განმარტავს, თუ როგორ ჩატარდება კენჭისყრა 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე და რა განსხვავება იქნება წინა არჩევნებთან, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის უმეტესი ნაწილი ხმას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მისცემს. სიუჟეტის ავტორი ხაზს უსვამს, რომ „2024 წლის არჩევნებში ორივე აპარატი, როგორც საიდენტიფიკაციო, ისე ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობა კომისიის იმ წევრების ხელში იქნება, ვისაც ირჩევს, ან ნიშნავს ცესკო, იგივე „ქართული ოცნება““. სიუჟეტში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის ისინიც, ვინც ცესკოს წევრები არიან, საარჩევნო მანიპულირების გავრცელებულ პრაქტიკას იხსენებენ, მათ შორის კარუსელის, ამომრჩეველთა დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლებლობას.
სატელევიზიო სიუჟეტი ხაზს უსვამს შეშფოთებას ამომრჩეველთა სიების შესაძლო გაყალბების თაობაზე და კონკრეტულად შიშებს გამოთქვამს ისეთი მანიპულაციების შესახებ, როგორიცაა ამომრჩეველთა სიებში არასანქცირებული ცვლილებების შეტანა. სიუჟეტის რესპონდენტები აცხადებენ, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობაა საჭირო იმისათვის, რომ მმართველმა პარტიამ არჩევნების შედეგების გაყალბება ვერ შეძლოს.
ცესკომ ჟურნალისტი და ცესკოს ცალკეული წევრები სიუჟეტში დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთების გამო გააკრიტიკა. „ზემოხსენებულ სიუჟეტში როგორც ჟურნალისტის, ასევე ცესკოს ზოგიერთი იმ წევრის მხრიდან, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არის დანიშნული, გაკეთდა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო განცხადებები, თითქოს ცესკო იცავს ხელისუფლების ინტერესებს, საუბნო საარჩევნო კომისიებს აკომპლექტებს სხვა ინსტიტუცია და არა ცესკო და ა.შ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჟურნალისტის, ისე ცესკოს ზოგიერთი წევრის განცხადებები ნათლად ადასტურებს, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების ერთადერთი ამოცანა ამომრჩევლებს შორის საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობის დათესვაა, შემდგომში ამ უნდობლობის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად გამოსაყენებლად“, – აცხადებს ცესკო.
ცესკომ ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ისინი „გადავიდნენ პროცესის დისკრედიტაციის და დაზიანების დაუფარავ დღის წესრიგზე, რაც მიუღებელია საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით, ვინაიდან კომისიის წევრი არ უნდა წარმოადგენდეს დამნიშნავ პოლიტიკურ პარტიას, არამედ იგი უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი“.
ცესკომ უარყო ბრალდებები, მათ შორის ე.წ. კარუსელის, ვერიფიკაციის აპარატის ინტერნეტთან დაკავშირების და ამომრჩეველთა სიებით მანიპულირების რაიმე შესაძლებლობა.
„ამასთან, საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია შედგება 17 წევრისგან, მათ შორის 8 პროფესიული ნიშნით არჩეული, 9 კი პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულისგან და გადაწყვეტილებები კომისიურად მიიღება და არა ერთპიროვნულად, რაც თავის მხრივ მიუთითებს წარმომადგენლობისა და ინკლუზიურობის მაღალ დონეზე“, – განაცხადა ცესკომ.
ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული ნიშნით წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. ახალი კანონით, ცესკოს თავმჯდომარეს და პროფესიული ნიშნით წევრებს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის ასარჩევად პარლამენტის წევრთა 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერაა საჭირო; მაგრამ თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის/წევრობის კანდიდატის 90 ხმით არჩევას ვერ შეძლებს, შემდეგი კენჭისყრით პარლამენტს მისი არჩევა კვლავ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმა) შეეძლება. ამისათვის პარლამენტს ორი ცდის შესაძლებლობა ეძლევა. თუკი პარლამენტი 76 ხმით ორჯერ ვერ აირჩევს კანდიდატს, ასეთ შემთხვევაში ცესკოს თავმჯდომარის/წევრის ერთპიროვნულად დანიშვნის უფლებამოსილება ქვეყნის პრეზიდენტზე გადადის. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე/წევრი დაბალი კვორუმით არჩევის შემთხვევაშიც სრული ვადით, 5 წლით, დაინიშნება.
ცვლილებების შედეგად ასევე გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლისთვისაა განკუთვნილი.
პრეზიდენტმა კანონს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა მისი ვეტო დაძლია. იმავდროულად, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ცვლილებები ძირს უთხრის ცესკოს ნეიტრალიტეტს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ეს ცვლილებები არ აკმაყოფილებს ევროკომისიის ცხრა პირობას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)