skip to content
ახალი ამბები

ნარკოტრეფიკინგისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირია დაკავებული

საქართველოს პროკურატურამ განაცხადა 17 ივნისს, რომ მან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 პირი დააკავა. დაკავებულებს 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წელს, ირანელმა მოქალაქემ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის და მისგან მიღებული უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი შექმნა. ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელი, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებით თბილისში, სხვა პირების სახელზე, სარესტორნო და ღამის კლუბის ბიზნესს სამ სხვადასხვა მისამართზე ახორციელებდა. პროკურატურამ კლუბების სახელები არ გაამხილა.

„საკლუბო ბიზნესის მიზანს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია და მისგან მიღებული უკანონო წარმომავლობის დაფარვა და გათეთრება წარმოადგენდა. ორგანიზებული ჯგუფის წევრები ხელოვნურად ზრდიდნენ აღნიშნული კლუბების მიერ მიღებულ შემოსავლებს, კერძოდ, 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ბრალდებულებმა თითქოსდა მხოლოდ 5 დღის განმავლობაში 3 000 000 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღეს, რა გზითაც, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის წარმომავლობა შეინიღბა. თანხის ნაწილი სხვადასხვა პერიოდში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა. ეს უკანასკნელი კი, თანხების საზღვარგარეთ გადარიცხვას და კრიპტოვალუტის გადაცვლის ოპერაციებს ახორციელებდა“, – აცხადებს პროკურატურა და დასძენს, რომ 2024 წლის ივნისში დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი შეეცადა ირანიდან საქართველოში 25კგ გამომშრალი მარიხუანა შემოეტანა.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ დაკავებულებმა დაახლოებით 3 000 000 ლარის მოძრავი და უძრავი ქონება შეიძინეს. პროკურატურის თქმით, მათ ეს ქონება ჩამოერთმევათ და სახელმწიფოს გადაეცემა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button