Bloomberg: ფულის გათეთრების მტკიცებულების არარსებობის გამო საქმე ‘ივანიშვილი UBS-ის წინააღმდეგ’ დაიხურა
Bloomberg-მა 16 იანვარს სტატია გამოაქვეყნა სათაურით „UBS იგებს, რადგან გამოძიება Credit Suisse-ის მიერ ფულის გათეთრების თაობაზე შეწყდა“. სტატიაში ნათქვამია ჟენევის მთავარი ფინანსური პროკურორის ივ ბერტოსას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სამართლებრივი დავა შვეიცარიულ UBS Group-ს, რომელმაც გაკოტრების პირას მყოფი ბანკი Credit Suisse იყიდა, და ქართველ მილიარდელ ბიძინა ივანიშვილს შორის უნდა შეწყდეს, ვინაიდან გამოძიებამ ვერ იპოვა პატრის ლესკოდრონის და მესამე მხარეების მიერ ფულის გათეთრების რაიმე მტკიცებულება.
პატრის ლესკოდრონი Credit Suisse-ის კლიენტთა მრჩეველი იყო, რომელმაც ხელმოწერებს და კლიენტთა ამონაწერებს აყალბებდა, რათა თავისი უმსხვილესი კლიენტების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ანგარიშებიდან მილიონები უკანონოდ გადაერიცხა. ლესკოდრონის თაღლითობა თითქმის 10 წლის მანძილზე შეუმჩნეველი რჩებოდა. 2015 წელს მან საბოლოოდ დანაშაული აღიარა. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ დააადგინა, რომ მან თავის კლიენტთა ნდობას უღალატა. 2019 წელს იგი ციხიდან გაათავისუფლეს, ხოლო 2020 წელს მან თავი მოიკლა.
ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს 2021 წელს უჩივლა და ბანკს თაღლითობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, მან თავისი ფული Credit Suisse-ს მიაბარა, რომელმაც დაკარგა ის. 2022 წელს ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ Credit Suisse პასუხისმგებელია იმაზე, რომ ვერ მიიღო გონივრული ზომები, რათა აღეკვეთა თაღლითობა და ანგარიშების არასწორი მართვა.
საქმემ ბერმუდადან სინგაპურამდე მრავალი სასამართლო ინსტანცია გაიარა და მათგან თითქმის ყველამ დაადგინა შვეიცარიის ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან არასათანადო ქმედებები: „ლესკოდრონის მიმართ არასათანადო მოპყრობას, რომელიც 2018 წელს თაღლითობისა და გაყალბებისთვის გაასამართლეს, სასამართლო პროცესების წაგების მთელი სერია მოყვა, რის შედეგადაც ბანკი ასობით მილიონი შვეიცარული ფრანკის ზარალის წინაშე დადგა“, – აღნიშნავს Bloomberg და დასძენს, რომ თავად პროკურორი ბერტოსა ყოველთვის ადანაშაულებდა Credit Suisse-ს უკანონო ტრანზაქციების თავიდან აუცილებლობის გამო, „რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა ფულის გათეთრებას დამამძიმებელ გარემოებებში“.
დღეის მდგომარეობით, ბერტოსამ განაცხადა, რომ საქმე ვერ გაგრძელდება მტკიცებულებების არარსებობის გამო. თავად Credit Suisse „ყოველთვის ამტკიცებდა, რომ ლესკოდრონი მარტოხელა მგელი იყო, რომელიც თავის თაღლითობას კოლეგებს უმალავდა“, – ნათქვამია სტატიაში.
Bloomberg-ი ასევე წერს, რომ ივანიშვილის პრესმდივანი საქმის დახურვის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, „ბერტოსა ახლა ირწმუნება, რომ ეს დანაშაულები უნდა განიხილებოდეს მხოლოდ იმ დანაშაულების კონტექსტში, რისთვისაც ლესკოდრონი გაასამართლეს, და არა ფულის გათეთრების ჭრილში“.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/05/2023 – სინგაპურის სასამართლომ Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მლნ აშშ დოლარის გადახდა დააკისრა
- 18/07/2023 – ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)