ახალი ამბები

რუსეთი და ოკუპირებული აფხაზეთი „სასაზღვრო კონტროლის“ გამარტივებას გეგმავენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსულ მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა, რომ ოკუპირებული რეგიონი და მოსკოვი „საზღვრის“ კონტროლის გამარტივებაზე მუშაობენ.

ბჟანიამ, რომელიც პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საერთოდ არ იქნება გამშვები პუნქტები. „ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ურთიერთობაში ისეთ დონეს მივაღწევთ, როდესაც გამშვები პუნქტი აღარ იქნება. საზღვარი დარჩება, მაგრამ გამშვები პუნქტი აღარ იქნება საჭირო“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ბჟანიას სიტყვებზე დაყრდნობით.

„ასეთი მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ რუსულ მხარესთან მდინარე ფსოუზე არსებული გამშვები პუნქტი ზაფხულის დროს – ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში – თავისი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს“, – განაცხადა ბჟანიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მდინარე ფსოუზე არსებული ძველი ხიდის ამოქმედების თაობაზე და ახლა იქ რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ბჟანიას მიაჩნია, რომ ეს გააადვილებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის „საზღვრის“ გადაკვეთას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button