skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს ანგარიში: პატიმრების რაოდენობით საქართველო ევროპაში კვლავ მეორე ადგილზეა

ევროპის საბჭომ 6 ივნისს პატიმრების რაოდენობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს და რომლის თანახმადაც, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმარით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით 100 000 მოსახლეზე.

2022 წელს საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, სადაც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის იანვრამდე პატიმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველოში პატიმართა რაოდენობის ზრდამ 8,2%-ი შეადგინა. ზოგადად, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნების მაჩვენებლებია ბევრად უფრო მაღალია დასავლეთისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით.  

ანგარიშის თანახმად, ციხეებში პატიმრების მაღალი მაჩვენებელი აქვთ ქვეყნებს, რომლებსაც უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ გათვალისწინებული – სავალდებულო მინიმალური სასჯელი, გრძელვადიანი სასჯელები გარკვეული დანაშაულებებისთვის, ან პატიმრობის ნაკლები ალტერნატივები. სისტემებში, სადაც მოსამართლეებს მეტი მოქნილობა აქვთ სასჯელის გამოტანისას, მათ შესაძლოა უფრო ხშირად ისეთი ვარიანტები აირჩიონ, როგორიცაა პრობაცია ან საზოგადოებრივი შრომა პატიმრობის სასჯელის ნაცვლად.

პატიმართა მაღალი რაოდენობასთან ერთად ისიცაა აღსანიშნავი, რომ საქართველოში ექვს თვეზე ნაკლებ სასჯელს პატიმართა 1%-ზე ნაკლები იხდის. ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 11.8 თვეა, მედიანური კი 10.1 თვე. საქართველოში თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადა 13.5 თვეს შეადგენს.

საქართველოში პატიმრების საშუალო ასაკი ყველაზე მაღალია – 44 წელი საშუალოევროპულ 38 წელთან შედარებით. ყველა გამოკითხულ ადმინისტრაციას შორის, საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა პატიმართა და თანამშრომელთა თანაფარდობით – 2.7. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პატიმართა და თანამშრომელთა ყველაზე მაღალი თანაფარდობის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი და საქართველო, პატიმართა რაოდენობაც ყველაზე მაღალია.

საქართველოში, საშუალოდ, ყოველი მსჯავრდებული გასამართლებულია 1.4 დანაშაულისთვის. ევროპის საბჭოს მონაცემებით, საქართველოში ქალი პატიმრების რაოდენობა 3.3%-ია, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე (5.2%) დაბალია. უცხოელ პატიმართა რაოდენობა 6.7%, ხოლო ხანდაზმულ პატიმართა რაოდენობა (65 წელზე უფროსი ასაკის) 2.1%-ია. ციხის სიმჭიდროვე 100 ადგილზეა 82.1-ს შეადგენს, რაც ევროპის საშუალო მაჩვენებელზე (87.8) დაბალია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button