ახალი ამბები

საქართველო პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში 

პენიტენციური სისტემის სტატისტიკის შესახებ ევროპის საბჭოს ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 100 000 სულ მოსახლეზე 264 პატიმრით, 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის საბჭოს 47 წევრ სახელმწიფოს შორის მესამე ადგილზეა. სიის სათავეში რუსეთი და თურქეთი არიან.

ანგარიში, რომელიც 8 აპრილს გამოქვეყნდა, რიგ საკითხებს მოიცავს, მათ შორის, პატიმრების რაოდენობას, თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებლებს, ციხეების გადატვირთულობას, ქალთა და არასრულწლოვანთა წილს ციხეებში, დანაშაულების ტიპებს, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებლებს და ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეულ ხარჯებს. მონაცემები 2019 წლიდან 2020 წლის 31 იანვრამდე პერიოდში შეგროვდა.

აღსანიშნავია, რომ თავისუფლების აღკვეთის მაჩვენებელი საქართველოში 2010 წლიდან 2020 წლამდე საგრძნობლად, 54.8%-ით დაეცა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია სხვა გამოკითხულ ქვეყნებთან შედარებით. იმავდროულად, პატიმრების რაოდენობამ 2020 წლის იანვრის ბოლოსთვის 9 806 შეადგინა.

საქართველოში გასამართლების უდიდესი წილი – 26% – ნარკოდანაშაულზე მოდის; შემდეგია – ქურდობა (19.6%), მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა (11.9%), ეკონომიკური/ფინანსური დანაშაულები (11%), ძარცვა (1.60%) და თავდასხმა და ცემა (1.8%). ნარკოდანაშაული ევროპის საბჭოს სივრცეშიც დაპატიმრების წამყვანი მიზეზია და ყველა წევრი სახელმწიფოს ციხის პოპულაციის 17.7%-ს შეადგენს.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სულ 8,512 პატიმარი მოხვდა, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 229-ია. ეს მაჩვენებელი ევროპის საშუალო მაჩვენებელზე (150) მაღალია.

იმავე პერიოდში საქართველოს ციხეები 8 405 პატიმარმა დატოვა, საიდანაც 8 154 გაათავისუფლეს, 9 გარდაიცვალა, მათ შორის, ერთმა პატიმარმა თავი მოიკლა. სიკვდილიანობამ საქართველოს საპატიმროებში 0.1% შეადგინა.

საქართველოში ციხის ერთ თანამშრომელზე 4.1 პატიმარი მოდიოდა, ევროპაში კი – ეს მაჩვენებელი 1.6 იყო.

ანგარიშის თანახმად, იანვრის ბოლოს, ქართულ ციხეებში პატიმრების 7.4% უცხოელები იყვნენ, ხოლო ევროპის საბჭოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 15.4% იყო.

მხოლოდ 391 ქალი, მთლიანი ციხის პოპულაციის 4%, გაასამართლეს; შედეგად, საქართველო ევროპის საბჭოს წევრ იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ქალი პატიმრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ქართულ ციხეებში სულ 46 მამრობითი სქესის პატიმარი იყო და არცერთ მდედრობითი სქესის.

პატიმართა საშუალო ასაკი 44 წელს შეადგენდა; პატიმრების 15% 50 წლის და მეტის იყო. მხოლოდ 146 პატიმარი იყო 65 წლის და მეტის – ციხის პოპულაციის 1.5%.

პატიმრების 30%-მა 5-დან 10 წლამდე სასჯელი მოიხადა და მხოლოდ 0.9%-ს ჰქონდა მისჯილი სამუდამო პატიმრობა. 10% ერთ წლამდე სასჯელს იხდიდა, 10%-მა – 10-დან 20 წლამდე და მხოლოდ 0.5%-მა – 20 წლიანი და მეტი პატიმრობა.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ციხის ადმინისტრაციამ საანგარიში პერიოდში 45 498 916 ევრო დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო პატიმარზე დღეში 12.6 ევრო დაიხარჯა. ევროპის საბჭოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელმა 64.4 ევრო შეადგინა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button