skip to content
ახალი ამბები

პატიმრების რიცხვით საქართველო ევროპაში მეორეა

ევროპის საბჭომ სასჯელაღსრულების წლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა, რის თანახმადაც 100 ათას მოსახლეზე 237 პატიმრით საქართველო ევროსაბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა.

ანგარიშის თანახმად, ციხეებში პატიმრების მაღალი მაჩვენებელი აქვთ “ქვეყნებს რომლებსაც უფრო მკაცრი სასჯელი აქვთ გათვალისწინებული – სავალდებულო მინიმალური სასჯელი, გრძელვადიანი სასჯელები გარკვეული დანაშაულებებისთვის, ან პატიმრობის ნაკლები ალტერნატივები.”

გარდა ამისა, მილიონზე მეტი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს შორის საქართველოში პატიმრების საშუალო ასაკი ყველაზე მაღალია – 44 წელი საშუალოევროპულ 38 წელთან შედარებით.

საქართველოში ქალები პატიმართა 3,3%-ს შეადგენენ, რაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე (5,4%) დაბალია.

ნარკოდანაშაულზე იხდის სასჯელს პატიმართა 24% – თითქმის ყოველი მეოთხე პატიმარი.

პატიმართა მაღალი რაოდენობასთან ერთად ისიცაა აღსანიშნავი, რომ საქართველოში ექვს თვეზე ნაკლებ სასჯელს პატიმართა სულ 0,6% იხდის. ამის მიზეზად ანგარიში იმას ასახელებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის სისტემა უპირატესობას უფრო ხანგრძლივ სასჯელებს ანიჭებს, ხოლო სასჯელის პრაქტიკა ევროპის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავდება. ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფლების აღკვეთის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 11,2 თვეა, მედიანური კი 8,5 თვე. საქართველოში თავისუფლების აღკვეთის საშუალო ვადა 14 თვეს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის გაანგარიშებისას ევროპის საბჭო არ ითვალისწინებს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რამაც შეიძლება გარკვეული უზუსტობები გამოიწვიოს მოსახლეობის რაოდენობაზე გადაანგარიშებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button