skip to content
ახალი ამბები

ჰერჩინსკი: ევროკავშირი შეამოწმებს კვლავ მოქმედებს თუ არა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პირობები

მედია გამოცემა „Movement“-თან ინტერვიუში ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი განიხილავს „ყველა ვარიანტს“, რომელიც შეიძლება საქართველოს მიმართ გამოიყენონ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღების შემდეგ და მათ შორის ვიზალიბერალიზაციაც დაასახელა.

„ჩვენ უნდა შევამოწმოთ, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის გათვალისწინებით, კვლავ იმოქმედებს თუ არა ეს პირობები საქართველოსთვის“, – განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ და აღნიშნა, რომ ხმების უბრალო უმრავლესობა და არა ევროკავშირის ყველა წევრის ხმებია საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს უვიზო რეჟიმს ექვსი თვით შეუჩეროს. მან ასევე განაცხადა: „დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ვარიანტი და წევრმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“.

მან შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ თუ ეს ასე მოხდება, საქართველოს რიგითი მოქალაქეები დაზარალდებიან და ძალიან მძიმე ფასის გადახდა მოუწევთ. ელჩის თქმით, პირადად მას არ მიაჩნია, რომ ეს არის ევროკავშირის მიზანი, თუმცა დასძინა: „საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას წევრი ქვეყნები უახლოეს კვირებში მიიღებენ“.

კითხვაზე, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის ფინანსური დახმარება საქართველოსთვის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ეს არის ასევე ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოსთვის წლების მანძილზე გაწეული ფინანსური დახმარების შეზღუდვისთვის გამოიყენოს. მან დასძინა, რომ ეს დახმარება წლიურად 100 მილიონ ევროს შეადგენს.

ინტერვიუში ელჩმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პროცესზე, ევროკავშირი-საქართველოს ბოლოდროინდელ ურთიერთობებზე, ქართული ოცნების შეთქმულების თეორიაზე ე.წ. „გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებით და უცხოური აგენტების შესახებ კანონზე.

ჰერჩინსკის განაცხადა, რომ „ევროკავშირის გაფართოების დიდი ტალღა გარდაუვალია“ და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ „როდესაც, როგორც იქნა, ევროკავშირის კარი გაიხსნა საქართველოსთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ არის ყოყმანი, ეჭვები დაბნეულობა“. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ისარგებლებს ევროკავშირის გაფართოების დაჩქარებული პოლიტიკით.

ელჩმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ უცხოელი აგენტების შესახებ კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან და აღნიშნა: „ამ დროისთვის ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვერ მიაღწია სათანადო პროგრესს ევროკომისიის მიერ დასახული ცხრა ნაბიჯის განხორციელებაში.

როდესაც ჟურნალისტმა კვლავ ჰკითხა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონისა და დასავლურ ღირებულებებთან მისი შეუთავსებლობის შესახებ, ევროკავშირის ელჩმა კანონის შესახებ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის სამართლებრივი ანალიზი მოიშველია და განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონი არ ჰგავს არცერთ დასავლურ კანონს.

„გლობალური ომის პარტიასთან“ დაკავშირებული ნარატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, ელჩმა ჰერჩინსკიმ ერთადერთ ასეთ ძალად რუსეთი დაასახელა. „რუსეთი ცდილობს აღადგინოს საბჭოთა კავშირი, რუსეთის იმპერია ძალის გამოყენებით“, – აღნიშნა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button