skip to content
ახალი ამბები

მეთიუ მილერი: აშშ სანქციების დაკისრებას არ დააყოვნებს

3 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მზადყოფნა, სანქციები დაუწესოს იმ პირებს, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას, და განაცხადა, რომ აშშ არ დააყოვნებს სანქციების დაკისრება, საქართველოს მიმართ გამოცხადებული სანქციების ახალი პოლიტიკის შესაბამისად.

მეთიუ მილერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 24 მაისს საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ასევე აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ზედმიწევნით გადახედვა დააანონსა. ბლინკენმა მაშინ განაცხადა, რომ შეზღუდვები შეეხება იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების გზით. მას შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამ საკითხზე არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც სანქციების დაუშვებლობაზე, ასევე მათ დაუჯერებლობაზე. იმავდროულად, 3 ივნისს გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს, სავარაუდოდ, შეტყობინებები დაეგზავნათ, რომლებშიც მათ აცნობეს მათ მიმართ მიღებული სანქციების შესახებ.

როდესაც მეთიუ მილერს აშშ-ის ქმედებების შესახებ ჰკითხეს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისა და სხვა ოფიციალური პირების, მათ შორის თბილისის მერის კახა კალაძის ბრალდებების ფონზე, რომ დასავლური ფონდები ტერორსა და ძალადობას აფინანსებენ, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებს დახურვის საფრთხე ემუქრებათ, ასევე თუ როგორ გამოიყენებენ კანონს ქართველი ჩინოვნიკები, მილერმა განაცხადა, რომ კანონის გამოყენებასთან დაკავშირებით ის კომენტარს არ გააკეთებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია, რომ „ეს კანონი საქართველოს დემოკრატიული კურსიდან აშორებს და შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაცია, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების ჩახშობა გამოიწვიოს. ეს ქმედებები რადიკალურად ცვლის აშშ-ის ურთიერთობას საქართველოსთან“. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯების გამო აშშ-მა „ჩვენი ურთიერთობების გადახედვა დავიწყეთ და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ქმედებებზე რეაგირებას გავაგრძელებთ“.

მეთიუ მილერს ასევე სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა თბილისის მერის კახა კალაძის 3 ივნისის განცხადებაზე, რომლის თქმითაც „ქართულ ოცნებას“ არაფერი გაუკეთებია, რომ სანქციები დაუწესონ და რომ სანქციები არ იქნება. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა: „ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა დავაანონსეთ, ჯერ ინდივიდუალური სანქციები არ დაგვიანონსებია და აქ გავჩერდები. მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებას არ დავაყოვნებთ“.

კითხვაზე, რატომ არ ახსენა სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მოგზაურობის დროს, მილერმა განაცხადა: „მდივანმა სულ ახლახანს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც საქართველოს მიმართ ჩვენი პოლიტიკის სრული გადახედვა დააანონსა, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ასობით მილიონი დოლარის დახმარებას, რომელსაც ჩვენ საქართველოს ვუწევთ“ და ასევე დააანონსა ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, ამრიგად „თქვენ უნდა გქონდეთ მოლოდინი, რომ აშშ ზომებს მიიღებს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button