skip to content
მეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

აკაკი ბაქრაძე თაობათა დაპირისპირების შესახებ, 1989 წელი

ნაწყვეტი ინტერვიუდან “მე ვემსახურები ჩემს ხალხს”. გაზეთი “თბილისის უნივერსტიტეტი”, 02/03/1989

რედაქციისგან: აკაკი ბაქრაძე მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე იყო. 1989 წელს აირჩიეს პოლიტიკურ მოძრაობა “რუსთაველის საზოგადოების” პრეზიდენტად და დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ეროვნული მოძრაობის განვითარებაში.

ჟურნალისტი – გარდაქმნისა და საჯაროობის პირობებში საკმაოდ გაიზარდა ჩვენი ხალხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტიურობა. ბოლო დროის მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ახალგაზრდობას ამ მოძრაობაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. რა აზრის ხართ თანამედროვე ახალგაზრდობაზე და როგორ აფასებთ მის როლს საზოგადოების დემოკრატიზაციის მიმდინარე პროცესში?

აკაკი ბაქრაძე – არ შეიძლება ახალგაზრდობაზე ცუდი აზრისა იყო, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდი აზრისა ხარ მშობელი ხალხისა და ქვეყნის მომავალზე. მომავალზე ამგვარი ფიქრი არა მარტო სკეპტიციზმის გამოხატულებაა, არამედ საკუთარი შრომის გაუფასურებაც. მაშინ რისთვის შრომობდი, იღწვოდი, თუ ახალგაზრდობის არ გჯეროდა? ამგვარი შრომა ხომ უნაყოფოა! როგორც ახალგაზრდობას ეშლება მწარედ, როცა წინაპრებს, წარსულს დაცინვით უყურებს, აგდებულად ეპყრობა, ასევე ღრმად ცდება ხანდაზმულობაც, როცა ახალგაზრდობას ეჭვის თვალით უყურებას, მისი არ სწამს.

თაობათა შორის რამდენი დავაც უნდა იყოს, რამდენი პაექრობაც, ისინი მაინც ერთი მთლიანია. ინდურ რელიგიებში კაცობრიობის სიცოცხლე წარმოდგენილია როგორც წრე-ბრუნვა, რომელიც არსად იწყება და არსად თავდება. დაბადება – ზრდა – დაბერება – სიკვდილი – დაბადება… ეს ერთიანი მთლიანი უწყვეტი პროცესია, რომელიც არც არასდროს დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება. ოღონდ ყოველი ახალი წრე თვისობრივად განსხვავებულია. ამ თვისობრივ განსხვავების შექმნა შეუძლებელია თაობათა პაექრობის თვინიერ. აუცილებელი თვისობრივი სახეცვლილება სწორედ ახალგაზრდობას მოაქვს. ამიტომაც „მამების“ თაობის ღვაწლის ყველაზე კარგი გამგრძელებელნი ის „შვილებია“, რომელნიც შეუპოვრად ედავებიან, ეკამათებიან, ეპაექრებიან ძველს და ამკვიდრებენ ახალს.

ხშირად ხანდაზმულებს სწყინთ, როცა ახალგაზრდები მკაცრად აფასებენ მათ საქმიანობას. ეს ჩვეულებრივი, ბუნებრივი ამბავია, და არაფერია ამაში გასაგულისებელი. ახალგაზრდობა ყოველთვის ასე იქცეოდა და ყოველთვის ასე მოიქცევა. დღევანდელი „მამების“ ასეთები იყვნენ, როცა „შვილების“ ასაკი ჰქონდათ. ეს ახალგაზრდობის თვისებაა და იმიტომ, ოღონდ ზოგიერთს ხანდახან ავიწყდება როგორი იყო ახალგაზრდობაში, დავიწყებაც ასაკის ბრალია.

რომელიღაც ფრანგ კომპოზიტორს უთქვამს, თუ არ ვცდები, შარლ გუნოს – როცა ოცი წლისა ვიყავ, ვფიქრობდი – ყველაზე დიდი კომპოზიტორი მე ვარ. როცა 30-ისა შევიქმენი, ცოტა სხვაგვარად დავიწყე განსჯა, ყველაზე დიდი კომპოზიტორი მე ვარ და მოცარტი. 40-წლისამ პირველობა მოცარტს დავუთმე და ვთქვი – მოცარდი და მე. ხოლო 50 წლისამ მტკიცედ ვიცოდი – ყველაზე დიდი კომპოზიტორი მოცარტია. ამიტომ ნურავის ეწყინება, თუ 20 წლის ყმაწვილი იტყვის – ყველაფერი მე ვარ და შენ – არაფერიო. როცა ის ყმაწვილი ორმოცდაათისა გახდება, თუ მართლა მოცარტი ხართ, უთუოდ გეტყვით – უკაცრავად, ყველაფერი თქვენ ბრძანებულხართ და სულ ტყუილად ვფიქრობდიო სხვანაირად. ასე, რომ არავის დაეკარგება კუთვნილი ადგილი. მაგრამ თუ მოცარტი არა ხართ, ვერფაერი გიშველით, ახალგაზრდების ვერც ხოტბა და ვერც ძაგება.

როცა დღეს ახალგაზრდობა მკაცრად აკრიტიკებს ხანდაზმულებს, წყენის, მაგიერ, სჯობს ის გავაანალიზოთ, რამ გამოიწვია ეს. სრულიად არ ვაკნინებ და ვამცირებ “პაპების” და “მამების” ღვაწლს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათ “შვილებს” უმძიმესი მემკვიდრეობა დაუტოვეს.

ამ 70 წლის მანძილზე განადგურდა საზოგადოება, როგორც სოციალ-პოლიტიკური ძალა. იგი გახდა მხოლოდ ხელისუფლების ნების აღმსრულებელი  და იმდენად უაღრესად პასიური. არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ დაკარგა შემოქმედებითი უნარი. შემოქმედებითი უნარის დაკარგვას, ბუნებრივ შედეგად მოყვება მთელი ხალხის როგორც სულიერი დაქვეითება ისე მატერიალური გაღატაკება. დღევანდელობამ  თვალნათლივ დაგვანახა ეს. დღეს უპირველესი ამოცანაა საზოგადოების ისევ სოციალ-პოლიტიკურ ძალად გადაქცევა, მისთვის შემოქმედებითი უნარის დაბრუნება. ამ ამოცანის გადაწყვეტა ოდენ ახალგაზრდობას ხელეწიფება. რა თქმა უნდა, მას უნდა დაეხმარონ ხანდაზმულებიც, ვისაც ამის ღონე კიდევ შესწევს.

ამას უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ხალხის ცხოვრების აღორძინებას სჭირდება სოციალური ნიადაგი. სოციალური ნიადაგი კი არის ათეული წლების მანძილზე დაგროვებული კულტურა შრომისა, ყოფისა, ურთიერთობისა. სოციალური ნიადაგია თაობიდან თაობაში რუდუნებით გადაცემული ცოდნა, დამოკიდებულება ფასეულობისადმი, საკუთარი თუ სხვისი სიცოცხლისადმი და, საერთოდ ყველაფრისადმი, რისგანაც ცხოვრება შედგება. ნებით თუ უნებლიეთ, შეგნებულად თუ შემთხვევით, „პაპებისა“ და „მამებისა“ თაობამ (გასაგებია, მე ვგულისხმობ ლიანგს და არა გამონაკლისებს) ეს სოციალური ნიადაგი მოსპო. დღეს მისი აღდგენა ახალგაზრდობას დააწვა კისრად. ბევრად იოლია ომში გამარჯვება (თუნდაც ისეთ სასტიკში როგორც მეორე მსოფლიო ომი იყო), ვიდრე განადგურებული სოციალური ნიადაგის აღდგენა. ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. ამაზე იყო საუბარი „კომსომოლსკაია პრავდაში“ (1989 წლის 8 თებერვალი. „ლუნნი ლანდშაფტ“).

როცა ახალგაზრდობას ესოდენ მძიმე მისია ეკისრება, შეუძლებელია მის მიმართ არ იყო გამსჭვალული ღრმა პატივისცემითა და მოკრძალებით.

დღეს ახალგაზრდობა გვაძლევს იმედს. ღმერთმა ჰქნას, რომ ხვალ იმედი საქმედ იქცეს.

მსგავსი/Related

Back to top button