ახალი ამბები

პიტერ ფიშერი: ‘აგენტების’ კანონის მიღების შემთხვევაში, გერმანია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ხმას არ მისცემს

21 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას, გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ თუ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი დღევანდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭო ერთხმად გადაწყვეტს, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებს სხვა შემთხვევებში, გახსნას თუ არა საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. „ყველა სახელმწიფომ უნდა თქვას ‘დიახ’ და მე შემიძლია გითხრათ გერმანიის სახელით: ჩვენ არ ვიტყვით ‘დიახ’, თუ ეს კანონი მიიღება იმ ფორმით, როგორც ახლაა“, – განაცხადა ელჩმა ფიშერმა.

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტს, რათა გააგრძელოს გზა ევროკავშირისკენ. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ერთობლივ განცხადებაზე საუბრისას, ელჩმა განაცხადა: „ჩვენი გაგებით, საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას“ და დასძინა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი ქვეყანას ევროკავშირის გზაზე შემდგომი წინსვლისთვის საჭირო მინიმალურ სტანდარტზე დაბლა აყენებს.

ელჩმა ფიშერმა უარი თქვა განემარტა, თუ რატომ არის საქართველოს მთავრობა დარწმუნებული, რომ კანონის მიღების შემთხვევაშიც კი ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეიძლება გაიხსნას საქართველოსთვის, და განაცხადა: „ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ რა მიაჩნია ამის სწორ განმარტებად“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button