
გერმანიის განათლების სამინისტრო საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებას წყვეტს
გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოსთან სამეცნიერო თანამშრომლობის განახლება შეაჩერა, წერს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი 26 თებერვალს.
ფიშერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სტუდენტთა მობილობასა და კვლევით პროგრამებზე ორ ქვეყანას შორის, ასევე საქართველოს მონაწილეობაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინიციატივებში. „ქართველებმა, რომლებიც სწავლობდნენ გერმანიის უნივერსიტეტებში – ძირითადად გერმანული სტიპენდიით – იციან რას წარმოადგენს ეს დანაკარგი”, – აღნიშნა მან.
ელჩის თქმით, გადაწყვეტილება „საქართველოს მიერ აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო“ იქნა მიღებული.
ფიშერმა განმარტა, რომ გერმანიის ამჟამინდელი დაფინანსება ქართული განათლებისთვის, რომელიც თითქმის ერთი მილიონ ევროს შეადგენს, უცვლელი რჩება. DAAD-ის სტიპენდიები, რომლებიც ძირითადად კურსდამთავრებულებს, დოქტორანტებსა და პოსტდოქტორანდებს ეხებათ, ასევე ჯერჯერობით ძალაში რჩება. „თუმცა, გერმანია სინანულით აკვირდება და განიხილავს საქართველოსთან ურთიერთობის ყველა ასპექტს“, – დასძინა მან.
„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რომ „გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა მინისტრმა თავის ბოლო სამუშაო დღეს გამონახა დრო და ჯერ კიდევ არდაწყებული სამომავლო თანამშრომლობის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც დღეს ელჩმა გააჟღერა“. მან ასევე განაცხადა, რომ აქამდე არსებულ და მიმდინარე არც ერთ პროექტს საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც DAAD-ის პროგრამას.
წულაძემ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებით, რომელიც, მისი თქმით, 20 თებერვლით თარიღდება, გერმანიის ფედერალურ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის განათლების მინისტრის „სურვილი ჰქონდა, ახლად არჩეული მთავრობისთვის ბუნდოვანი მემკვიდრეობა დაეტოვებინა და ორი ქვეყნის ურთიერთობებში დისონანსი შემოეტანა“.
შენიშვნა: მასალა განახლდა 27 თებერვალს და მას „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრის ალექსანდრე წულაძის განცხადება დაემატა.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/12/2024 – გერმანიამ განვითარების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობა შეაჩერა
- 10/07/2024 – ფიშერი: გერმანია უარს ამბობს ახალ ფინანსურ ვალდებულებებზე, ტოვებს წვრთნებს, ხოლო სტუდენტურ ვიზებს ძალაში ტოვებს
This post is also available in: English Русский