პაპუაშვილი „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე, პრეზიდენტის ვეტოსა და სანქციებზე საუბრობს
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 20 მაისს პრესკონფერენცია გამართა, სადაც კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ რატომაა საჭირო „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის მიღება, პრეზიდენტის ვეტოს საქართველოს მოქალაქეების „დაცინვა“ უწოდა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მთავრობებში საუბარი ქართველი ჩინოვნიკების დასანქცირების შესახებ „რუსული ტაქტიკაა“.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე დასავლური კრიტიკის კომენტირებისას, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის ბრალდება, რომ ევროკავშირი საქართველოს „უსამართლოდ“ ექცევა და განაცხადა, რომ ევროკომისია იმავე კანონს იღებს და ამავე დროს საქართველოს მიმართ „ქედმაღლური დამოკიდებულება“ აქვს. მისი თქმით, ეს საგარეო ჩარევის მაგალითია და ამიტომ კანონი უნდა იქნას მიღებული. მას ასევე ჰკითხეს საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების განცხადების შესახებ, რომლებიც კანონის გაუქმებას მოითხოვდნენ. პაპუაშვილის თქმით, ეს უსამართლობაა, რადგან ორივეს მსგავსი კანონი აქვს, რომელიც „უფრო მკაცრია“.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფული საქართველოში პოლიტიკური პარტიებისა და რადიკალული ჯგუფების დასაფინანსებლად გამოიყენება და რომ ევროპელების ინტერესებშია, ეს საკითხი გამჭვირვალე იყოს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ როდესაც ის ამ საკითხს ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებზე აყენებს, ისინი აღიარებენ, რომ მათი ფული გამოიყენება ისეთი ჯგუფების დასაფინანსებლად, როგორიცაა „დროა“ და „სირცხვილია“, პოლიტიკური პროექტების განსახორციელებლად.
პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპული სახსრები იმ ადამიანების ჯარიმების გადასახდელად გამოიყენება, რომლებიც თავს ესხმიან პოლიციას და პარლამენტს, რაც, მისი თქმით, საქართველოს ნამდვილი არასამთავრობო ორგანიზაციები რომ ჰყავდეს, გადამოწმებული და გამჭვირვალე იქნებოდა. მისი თქმით, სწორედ ეს აქეზებს მოძალადეებს.
„უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს კომენტირებისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შენიშვნა [მის მოტივირებულ შენიშვნებში], რომ ეს კანონი მხოლოდ ერთი დღით იქნება ძალაში, არის ქართველების „დაცინვა“ და რომ პრეზიდენტი ამ ქვეყნის მოქალაქედ თავს არ მიიჩნევს და კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის. პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ უცხოური ინტერესი ამ კანონის მიმართ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს ნამდვილად ქართული კანონია, „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს“ და დასძინა: „ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვეტოს დავძლევთ“.
რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციის გეგმებს და როგორ მოხდება ეს ამ კანონის პირობებში, რომელსაც ევროკავშირი მკაცრად აკრიტიკებს, პაპუაშვილმა გაიმეორა ნარატივი, რომ შარშან სწორედ ევროპელი ლიდერები ამბობდნენ, რომ საქართველო არ მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, თუ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ დაუწესებდა და არ შეიწყალებდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.
პაპუაშვილმა BBC-ის ეთერში ეკონომიკური პოლიტიკისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძის მიერ ნახსენებ ეკონომიკურ შედეგებზეც ისაუბრა. მისი თქმით: „„ეს კონკრეტული NGO თავად არის ორგანიზატორი აქციების… იმ აქციების, რომლითაც ქუჩის გადაკეტვა ხდება, გარკვეული დისკომფორტის შექმნა მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის. ანუ თავად ქმნის დისკომფორტს და შემდეგ მიდის ტელევიზიაში და ამბობს, რომ ამ დისკომფორტის გამო შეიძლება ეკონომიკური პრობლემები შეიქმნას. ანუ თავად შექმნა პრობლემა და შემდეგ თავად წუწუნებს ამ პრობლემაზე. თავად ჩამოიყვანა უცხოელი მინისტრები, დააყენა ანტისამთავრობო მიტინგზე და ტაში აკვრევინა ქართველ ხალხს ადამიანებისთვის, რომლებიც ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე გამოდიან. პირდაპირ იმ აქტით, ჩაერივნენ ჩვენს სულსა და გულში, ჩვენს სუვერენიტეტში, ჩვენს დამოუკიდებლობაში…“
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობოების ეს წარმომადგენლები „იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც ადრეულ ხანაში, სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში დადიოდნენ და იქიდან ითხოვდნენ, რომ ჯარი გამოეგზავნათ, თავისი კონკურენტების მოცილების მიზნით. ეს იმ ხალხის შთამომავლები არიან, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში დარბოდნენ, რომ დაებეზღებინათ მათი კონკურენტები… უბრალოდ მათ, მოსკოვი და სხვა ქალაქები ჩაანაცვლეს ბრიუსელითა და ვაშინგტონით. დარბიან ამ ქალაქებში, იმისთვის, რომ ქვეყანა დააბეზღონ და რაიმენაირად სანქციების წვიმა გამოიწვიონ“.
სანქციებთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სანქციების დაკისრება რუსული ტაქტიკაა და თუ დასავლელი ლიდერები ამის გაკეთებას გადაწყვეტენ, ისინი ამით „რუსულ მეთოდებს“ გამოიყენებენ ქვეყნის შიდა მოვლენებზე გავლენის მოსახდენად.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/05/2024 – პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს „უცხოელი აგენტების“ კანონპროექტზე ვეტოს დადებით “დისკუსიის ჩაკეტვაში” ადანაშაულებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)