skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტის შენიშვნები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

საკონსტიტუციო დებულებების შესაბამისად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სათანადო წესით წარადგინა თავისი მოტივირებული შენიშვნები 14 მაისს მიღებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. „სამოქალაქო საქართველო“ პრეზიდენტის შენიშვნების ტექსტს გაეცნო და მის პუნქტობრივ შეჯამებას გთავაზობთ:

  • კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას. კანონი, ფაქტობრივად, იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს უკან გაწვეული ე.წ. აგენტების კანონი, რომლიდანაც ამოღებული სიტყვები: „უცხოური გავლენის აგენტი“, ჩანაცვლებულია ტერმინით. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“, რომელიც ტერმინის – „აგენტი“ განმარტებაა. ეუთო/ოდირის სამართლებრივი დასკვნის თანახმად, კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად «უფლებებსა და თავისუფლებებს და ევროპულ სტანდარტებს.
  • კანონი არაკონსტიტუციურია, რადგან:
  • ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 22-ე მუხლს გაერთიანების თავისუფლების შესახებ. კანონი აიძულებს ორგანიზაციებს, დარეგისტრირდნენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლებად, ანუ აგენტებად. ასეთი თვითაღიარების იძულება იწვევს მათ სტიგმატიზაციას. კანონი ქმნის ყველა პირობას, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეიზღუდოს და საბოლოოდ გაუქმდეს.
  • ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს ეხება, ვინაიდან განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებს მიწოდების ვალდებულებას აწესებს.
  • ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლს თანასწორობის უფლების შესახებ. კანონი დისკრიმინაციულია ორგანიზაციების კონკრეტული სეგმენტის მიმართ და არ შეიცავს სამართლებრივ დასაბუთებას. პრეზიდენტი მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს (CILL) დასკვნას ეყრდნობა უნგრული კანონის ანალოგიურ დებულებასთან დაკავშირებით.
  • ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 78ე მუხლს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თაობაზე, რომელიც ავალდებულებს ხელისუფლებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ინტერესებში იმოქმედოს. კანონი თავისი მიღების ფორმითა და შინაარსით წარმოადგენს რეალურ დაბრკოლებას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.

პრეზიდენტი დასძენს, რომ „ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია“, ვინაიდან ის „თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, მაშასადამე არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული“. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის „უალტერნატივო და წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას“.

პრეზიდენტი ხელისუფლებას  კანონის ამოქმედების შემდეგ მის რაც შეიძლება სწრაფად შეჩერებას სთავაზობს და შესაბამისად, მიღებული კანონის ბოლო მუხლში (მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი) ცვლილება შეაქვს: „ეს კანონი მოქმედებს ამოქმედებიდან 1 დღის განმავლობაში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button