skip to content
ახალი ამბები

სახალხო დამცველი: პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 1 მაისს ღამით განცხადება გამოაქვეყნა, სადაც 30 აპრილს მშვიდობიანი შეკრების დაშლის მიზნით სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტს გამოეხმაურა. მისი თქმით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული. მისი თქმით, ცალკეულ პირთა ან პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიის თუ ძალადობის აქტები არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობენ. „მსგავს შემთხვევებში, ნებისმიერი სახის ჩარევა მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ინდივიდების ძალადობრივ ქმედებებზე პასუხს და არა მთელი შეკრების დაშლას“.

სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2024 წლის 30 აპრილს, 23.36 წუთზე  გაფრთხილების გაჟღერების დროისთვის და განცახდების გამოქვეყნებისას აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტისა და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.

„სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება არაპროპორციული ძალის გამოყენების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტებზე.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button