ახალი ამბები

გერმანიის პოლიტიკური ფონდები ხელისუფლებას „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ჩაგდებისკენ მოუწოდებენ

29 აპრილს, საქართველოში წარმოდგენილმა გერმანულმა პოლიტიკურმა ფონდებმა განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გამო. მათ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად მოეკიდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოთქმულ შეშფოთებას და უარი თქვას კანონის მიღებაზე.

„კანონის პირველი მოსმენით მიღება და ზოგადად მისი განხილვა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას და მის ურთიერთობას დასავლელ პარტნიორებთან. კანონის მიღების შემთხვევაში, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში. ეს კიდევ უფრო შეამცირებს სივრცეს კრიტიკული ხმებისთვის და ხელს შეუწყობს პოლარიზაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში ინტეგრაციას ემხრობიან და კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიან. ფონდები აღნიშნავენ, რომ იზიარებენ ბევრი „პატივსაცემი ინსტიტუტის“ მიერ გამოთქმულ კრიტიკას კანონის მიმართ და მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს „სერიოზულად მოეკიდოს ქართველი და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების შეშფოთებას და ჩააგდოს კანონი“.

„საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ჩვენი ღირებული პარტნიორები არიან მას შემდეგ, რაც ორი ათეული წლის წინ საქართველოში საქმიანობა დავიწყეთ. კანონის მიღების შემთხვევაში მთელ ჩვენს მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოსთვის უკუსვლა ემუქრება. გარდა ამისა, ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ კანონის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებას, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირში“, – ნათქვამია განცხადებაში.  

განცხადებას ხელს აწერენ ჰაინრიხ ბიოლის ფონდი, ფრიდრიხ ებერტის ფონდი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის და კონრად ადენაუერის ფონდი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button