ახალი ამბები

ყოფილი ქართველი დიპლომატები: „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას გადაუხვია

60-ზე მეტმა ყოფილმა დიპლომატმა, მათ შორის 5-მა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა და 28 ელჩმა, 29 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და მის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს  ქვეყნის საგარეო კურსის 180 გრადუსით შემოტრიალებასა და ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში ადანაშაულებს. ყოფილი დიპლომატები „ყველა პატრიოტს“  „უსამართლო კანონებსა თუ გადაწყვეტილებებზე“ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

„გვსურს, შევახსენოთ ჩვენს კოლეგებს, საჯარო, თუ დიპლომატიურ სამსახურში, რომ ქვეყნის ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც სიჩუმე უდრის თანამონაწილეობას, ხოლო ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული გზის დაცვა პასუხისმგებლობას და ვალდებულებასაც კი წარმოადგენს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილი დიპლომატების განცხადება იმ ფონზე გავრცელდა, როდესაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილება. ამასთანავე, „ქართული ოცნება“ 29 აპრილს კანონპროექტის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქციისთვის მხარდამჭერთა მობილიზებას ახორციელებს.

„ჩვენთვის, ამ ქვეყნის სხვადასხვა თაობის დიპლომატებისთვის, რომლებმაც მრავალი წელი დავუთმეთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და სახელმწიფოებრივი ინტერესების განმტკიცებას, სრულიად ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილება დასავლეთიდან რუსეთისკენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დღეს საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ არ არის მზად ევროკავშირისთვის, იღებს კანონებს, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ არჩეულ კურსს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნებას და საერთაშორისო ვალდებულებებს. ეს გვაშორებს ევროკავშირს. მეტიც, დღეს „ქართული ოცნება“ პირდაპირ თავს ესხმის ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებს – აშშ-ს და ევროკავშირს – რაც ასუსტებს ქვეყანას და ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და კონსტიტუციას“, – აცხადებენ ყოფილი დიპლომატები. მათი თქმით, საერთაშორისო რეაგირება კანონპროექტის ხელახლა ინიცირებაზე „ნათლად აჩვენებს, რომ ჩვენი მეგობრები წუხან საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებაზე“.

ყოფილმა დიპლომატებმა იმედი გამოთქვეს, რომ „ამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ გახდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების აქტიური თუ პასიური თანამონაწილე“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button