ზურაბიშვილი: არჩევნები„ისტორიული მომენტია“, ევროკავშირი მანამდე გადამწყვეტ ნაბიჯებს არ გადადგამს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საერთაშორისო მაუწყებელს RFI-ს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. მისი თქმით, ბოლოდროინდელი საკანონმდებლო პაკეტები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ქვიარ თემის წინააღმდეგაა მიმართული და ოფშორიდან ფინანსური ტრანსფერების შემსუბუქებას ითვალისწინებს, „თუ ვინმეს ინტერესებშია, ეს მოსკოვია, რადგან ის საქართველოს ევროკავშირს აშორებს, რაც რუსეთის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანია“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ისტორიული მომენტი“ ოქტომბერში დადგება, საპარლამენტო არჩევნების დროს „როდესაც საქართველოს მოუწევს თავისი [ევროპული] არჩევანის დადასტურება“. მან ასევე აღნიშნა: „ნათელია, რომ თუ მოსახლეობა დაადასტურებს თავის ევროპულ არჩევანს, არჩევნები კოალიციური მთავრობის ფორმირებით დასრულდება, რომელიც მთლიანად იტყვის უარს ამ არაევროპულ კანონებზე“.
პრეზიდენტის თქმით, მან ყურადღების მობილიზებისკენ მოუწოდა როგორც თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს, ასევე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს იმ დროს, როდესაც „ბევრი, ბევრი რამ ხდება დანარჩენ პლანეტაზე“. მისი თქმით, ორივე გამოეხმაურა და საქართველო ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე განიხილეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ოფიციალურად დღის წესრიგში არ ყოფილა. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ევროპული ინსტიტუტები არჩევნებს ელოდებიან და სწორედ მისი შედეგი „განპირობებს [მათ] პასუხს, მანამდე კი ევროპის პოზიციააში მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება“.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/04/24– პრეზიდენტის ინტერვიუ BBC-სთან
- 12/04/24 – პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას გეგმავს
- 8/04/24 – პრეზიდენტმა ელჩებთან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)