skip to content
ახალი ამბები

საქართველო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში ადამიანის უფლებათა შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია „ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები“, მათ შორის, „წამება ან არაადამიანური, სასტიკი ან დამამცირებელი მოპყრობა; თვითნებური დაპატიმრებები; სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, გამოძიებებთან და დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება პოლიტიკურად მოტივირებულად. 2023 წლის ანგარიში, წინა წლის ანგარიშისგან განსხვავებით, ყურადღებას ამახვილებს „ხელისუფლებაში სერიოზულ კორუფციაზე“.  

დოკუმენტში ასევე საუბარია პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელ ან უკანონო ჩარევაზე; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზულ შეზღუდვებზე, მათ შორის, ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე ჟურნალისტების მიმართ; არსებით ჩარევაზე მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში და დანაშაულებზე, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მართალია მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის ქმედებების გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩება.

რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხს, ანგარიშში ნათქვამია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი კვლავ თბილისის კონტროლს მიღმა რჩებიან, ხოლო დე-ფაქტო ხელისუფლება რუსული ძალების მხარდაჭერით სარგებლობს.

დოკუმენტის თანახმად, ადამიანის უფლებების დარღვევები კვლავაც დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, რა დროსაც ადგილი ჰქონდა უკანონო მკვლელობებს, თვითნებურ დაკავებებს, გადაადგილების შეზღუდვას, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების; ასევე ეთნიკური ქართველების საკუთრების ან ბიზნესის დარეგისტრირების და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის შეზღუდვას.

გამოხატვის თავისუფლება და მედია გარემო

ანგარიშის თანახმად, „წლის განმავლობაში ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან დაკავშირებით. ეს შეშფოთება ასევე ეხებოდა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას დაკავებას, რომელიც საბოლოოდ პრეზიდენტმა შეიწყალა.

წუხილები ასევე ეხებოდა მედიაპლურალიზმის გაუარესებასა, „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობას და ძალადობის მუქარას, 2021 წლის ივლისში „ღირსების მარშთან“ დაკავშირებით ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობისთვის პასუხისმგებლობის ნაკლებობას. „სხვა წუხილები ეხებოდა ინფორმაციისა და დაფინანსების წყაროების ხელმისაწვდომობის შეზღუდვას, ასევე მედიასაშუალებებზე დაკისრებულ ჯარიმებს“. სახალხო დამცველის აპარატზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში არ არსებობს სათანადო სტატისტიკა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რაც პრობლემის მასშტაბის აღქმას ხელს უშლის“.

როგორც სახალხო დამცველის აპარატი და სამოქალაქო საზოგადოება აცხადებენ, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა კანონების არათანმიმდევრულ გამოყენებას „უცენზურო ენასთან“ დაკავშირებით, რა დროსაც „ოპოზიციასთან დაკავშირებული რამდენიმე პირი სოციალურ მედიაში უცენზურო ვიდეოების გამოქვეყნებისთვის გაასამართლეს“. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, მმართველი პარტიის მსგავს გამონათქვამებს ანალოგიური ქმედება არ მოყოლია.

ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო უკანონო თვალთვალზე და სახალხო დამცველის აპარატზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტებზე სავარაუდო თვალთვალის ფაქტზე არავინ აგო პასუხი. არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, ჟურნალისტების წინააღმდეგ იგივე დანაშაულის წინა გამოძიებები ჯერაც არ დასრულებულა.

რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლებას, ანგარიშში ხაზგასმულია ახალი შეზღუდვები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შემოიღო საკანონმდებლო ორგანოში პრესის აკრედიტაციასთან დაკავშირებით. გამოვლინდა რეგულაციების გამოყენებასთან დაკავშირებით სათანადო პროცესის არარსებობა, რა დროსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადეს, რომ „პრობლემურია, რომ ახალი წესით სანქციები მხოლოდ კრიტიკულ მედია საშუალებებს შეეხოთ“.

სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „მედიის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს იმის თაობაზე, რომ თავდაცვის სამინისტროსა და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა კრიტიკული ტელევიზიის ჩამოშორებისკენ იყო მიმართული“.

ჟურნალისტების შევიწროება და მათ წინააღმდეგ ძალადობა

რაც შეეხება ჟურნალისტების შევიწროებასა და მათ წინააღმდეგ ძალადობას, „წლის განმავლობაში იყო ცნობები ჟურნალისტებზე ძალადობრივი ფიზიკური თავდასხმების, ძალადობის მუქარის, შევიწროების და ცილისწამების შესახებ საჩივრების თაობაზე. ასევე მსგავს შემთხვევებში ადგილი ჰქონდა პასუხისმგებლობის ნაკლებობას“.

ამ კონტექსტში ანგარიშში ნახსენებია თავდასხმა ტელეკომპანია „ფორმულა“-ს წამყვანსა და აქციონერზე მიშა მშვილდაძეზე, „უცხოელი აგენტების“ შესახებ 2023 წლის მარტის აქციების დროს ჟურნალისტების მიმართ პოლიციელების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება, ასევე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჟურნალისტ გელა მთივლიშვილის მიმართ ძალადობის მუქარა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია ჟურნალისტებზე ულტრამემარჯვენეების თავდასხმების შესახებ.

ცენზურა

რაც შეეხება ცენზურასთან დაკავშირებულ წუხილებს, ანგარიშში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციის შეშფოთებაზე „ქართული ოცნების“, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კომუნიკაციების კომისიის „მჭიდრო ურთიერთობის“ გამო. „მედია ადვოკატირების კოალიციამ კრიტიკულად შეაფასა ოქტომბერში მიღებული კანონი, რომელმაც გაზარდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მანდატი, გამოიძიოს და დააჯარიმოს მედია ორგანიზაციები უხამსობის ან სიძულვილის ენის გამოყენების გამო“.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ის არ შეზღუდა, კვლავ რჩება წუხილები არასანქცირებული ონლაინ თვალთვალის გამო.

მშვიდობიანი შეკრების/გაერთიანების თავისუფლება

ანგარიშის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება შეზღუდა. ამ კონტექსტში, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიუხედავად კანონისა, რომელიც შეკრების თავისუფლებას ითვალისწინებს, „უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა შეშფოთება გამოხატეს კანონის დებულებებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ მოთხოვნის თაობაზე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სხვა ორგანიზაციებმა ადგილობრივ ხელისუფლებას შეკრების თაობაზე ხუთი დღით ადრე აცნობონ, რითიც სპონტანური დემონსტრაციები გამოირიცხა“.

„სახალხო დამცველის აპარატმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხელისუფლება ხშირად იყენებდა არაპროპორციულ ძალას აქციების მართვისა და დაშლისას, ასევე დემონსტრანტების დასაკავებლად ადმინისტრაციულ კოდექსს იყენებდა“, – ნათქვამია დოკუმენტში. სხვა მაგალითებთან ერთად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღმოაჩინა მშვიდობიანი შეკრების უფლების რამდენიმე დარღვევა, რაც განაპირობა მთავრობის არაპროპორციულმა ჩარევამ, მშვიდობიანი მომიტინგეების თვითნებურმა დაკავებამ ან დემონსტრანტების მიმართ სანქციების გამოყენებამ“.

რაც შეეხება გაერთიანების თავისუფლებას, გავრცელდა ინფორმაცია მმართველი პარტიის მხრიდან „გარკვეულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ფიგურებზე“ ზეწოლის შესახებ. ანგარიშის მიხედვით, ზეწოლა სსო-ებზეც განხორციელდა. ამ კონტექსტში, სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაგალითი მოყავს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია CANVAS-ს საქართველოში გადატრიალების ორგანიზებაში დაადანაშაულა და „მტკიცებულებად“ ვიდეო გამოაქვეყნა. ანგარიში აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა სპეციალური მომხსენებლის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ „ვიდეოს შეთქმულების მტკიცებულებად წარდგენა ცალსახად მიუთითებს სუს-ის მიზანმიმართულ მცდელობაზე, რომ უფლებადამცველები სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს და ფუნდამენტური უფლებების განხორციელების დელეგიტიმაცია მოახდინოს“.  

პოლიტიკური მონაწილეობა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ოპოზიციის მიმართ ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ 2023 წლის მარტის აქციების დროს ადგილი ჰქონდა ორ თავდასხმას „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეზე. „ამ უკანასკნელ თავდასხმას რამდენიმე საათის შემდეგ მოჰყვა კიდევ ერთი ძალადობრივი ინციდენტი, როდესაც ხალხის მასამ ქვები დაუშინა სასტუმროს, სადაც პარტიასთან აფილირებული ორგანიზაცია საზაფხულო ახალგაზრდულ ბანაკს მართავდა“. არცერთი დამნაშავე არ დაუსჯით.

„ოპოზიციურმა პარტიებმა არათანაბარი პირობების თაობაზე განაცხადეს და ამის მიზეზად დაასახელეს ფინანსების ნაკლებობა, სახსრების მოზიდვის კუთხით დაბრკოლებები, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების კონტროლი და ღრმა პოლარიზაცია – მათ შორის ზეწოლა და დაშინება, რაც პოლიტიკური მონაწილეობისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლო სისტემა

სამართლიანი სასამართლოს უარყოფაზე საუბრისას ანგარიშში ხაზგასმულია, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, ხელისუფლება არ სცემს პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში“, ხოლო მოსამართლეები „დაუცველნი არიან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ“, როგორც სასამართლო სისტემის შიგნით, ისე სისტემის გარეთ.

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის შესახებ წუხილები გასულ წელსაც გაგრძელდა. სახალხო დამცველის აპარატმა, სამოქალაქო საზოგადოებამ და საერთაშორისო საზოგადოებამ „ხაზგასმით აღნიშნეს პრობლემები, მათ შორის მოსამართლეთა იმ ჯგუფის გავლენა, რომელიც ძირითადად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და სასამართლოს თავმჯდომარეებისგან შედგებოდა და რომელიც, სავარაუდოდ, ახშობდა კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და ხელს უშლიდა სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების თაობაზე წინადადებებს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, კარგად დაკავშირებულ და არარეფორმატორ მოსამართლეთა ამ ჯგუფს „კლანი“ უწოდეს“.

კორუფცია

ანგარიშში წერია, რომ მართალია კანონი ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას კორუფციაში თანამდებობის პირთა მონაწილეობისთვის, ხელისუფლება კანონს ეფექტურად არ ახორციელებდა. ამასთანავე, ვრცელდებობა ინფორმაცია ხელისუფლებაში მაღალი დონის კორუფციის შესახებ.  

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 3 ნოემბერს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანმიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სავარაუდო კორუფციის 151 გამოუძიებელი შემთხვევა გამოავლინა, რომლებშიც მაღალჩინოსნები ან „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები მონაწილეობდნენ. „სექტემბრის მდგომარეობით, 99 საჯარო მოხელეს კორუფციაში წაუყენეს ბრალი“.

არასამთავრობო ორგანიზაციებზე დაყრდნობით ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო საწარმოებსა და დამოუკიდებელ მარეგულირებელ ორგანოებში კორუფციის პრევენციისთვის ქმედითი მექანიზმები არ არსებობდა და რომ სამოქალაქო საზოგადოება „კვლავ მოითხოვდა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას, რომელიც სუს-ის დაქვემდებარებაში არ იქნებოდა“.  

თვითნებური მკვლელობები

„არ ყოფილა ცნობები იმის შესახებ, რომ მთავრობამ ან მისმა წარმომადგენლებმა ჩაიდინეს თვითნებური ან უკანონო მკვლელობები, მათ შორის სასამართლოს გარეშე მკვლელობები“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნახსენებია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის სამართალდამცველების მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის თემურ კარბაიას სასტიკი ცემა და მოგვიანებით გარდაცვალება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button