skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი კანონპროექტს იცავს, სსო-ებსა და პრეზიდენტს „უცხოელ აგენტებს“ უწოდებს

მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მკაცრი კრიტიკისა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თითქმის ორსაათიან პრესკონფერენციაზე დაჟინებით ამტკიცებდა, რომ მმართველი პარტია ევროპული გზის ერთგულია. მან კიდევ ერთხელ შეუტია არასამთავრობო ორგანიზაციებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო. მისი თქმით, ყველა ეს ძალა წარსულში საქართველოს მშვიდობისა და სტაბილურობის შელახვას ცდილობდა. შემდეგ მან განაცხადა, რომ კანონი ძალაში რომ ყოფილიყო, ის შემაკავებელი ფაქტორი გახდებოდა.

პრესკონფერენციაზე გამოსვლის დასაწყისში კობახიძემ განაცხადა, რომ კანონის ოპონენტებს არანაირი არგუმენტი არ გააჩნიათ და აღნიშნა, რომ კანონი „არის სწორედ რომ ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას – ეს არის სწორედ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება“. მისი თქმით, „კანონპროექტი არის ქართული, იქიდან გამომდინარე, რომ იცავს საქართველოს სახელმწიფოებრიობის უმთავრეს პრინციპს – სახელმწიფო ეროვნულ სუვერენიტეტს“.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საერთაშორისო პარტნიორმა ცალსახად უარყო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს რაიმე საერთო აქვს დასავლურ კანონმდებლობასთან, კობახიძემ განაცხადა, რომ „გამჭვირვალობის ამაზე ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტი მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე ევროკომისიამ მოიწონა ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტების მქონე კანონპროექტი, აგრეთვე ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს ბევრად უფრო მკაცრი სტანდარტით შესაბამისი კანონები“.

რაც შეეხება არასამთავრობოების არგუმენტს, რომ ისინი საგადასახო ორგანოებში რეგულარულად  წარადგენენ ფინანსურ ანგარიშებს და რომ მათი ანგარიშები საჯაროდაა ხელმისაწვდომი, კობახიძემ განაცხადა: „ჩვენ ამოვიღეთ შვიდი, მათ შორის ყველაზე მდიდარი, ორგანიზაციის მონაცემები და გაირკვა, რომ მაქსიმუმ 18% ამ ორგანიზაციების ფინანსების იყო არა გამჭვირვალე… რაც შეეხება საჯაროობას, ამ თანხების ნული პროცენტი არის საჯარო“.

უპასუხა რა კრიტიკას, რომ „ქართული ოცნების“ სამიზნეები დასავლური ფონდები და ორგანიზაციები არიან, კობახიძემ აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე – მტერზეც და მეგობარზეც… გამჭვირვალობა არის სწორედ, პირველ რიგში, მეგობრების პასუხისმგებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება“.

რაც შეეხება კრიტიკას იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ პრო-რუსულ პოლიტიკას ახორციელებს, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ქმედებების წყალობით, „დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან“ მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში, „პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ – „ალტ-ინფო”, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები“.

არასამთავრობოების შესახებ

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ გაიმეორა თავისი პარტიის არგუმენტი, რომ 2023 წლის მარტში „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევის შემდეგ, მთავრობამ სთხოვა პარტნიორებს – ფონდებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ მათი საქმიანობა გამხდარიყო გამჭვირვალე. „იყო პირვანდელი დაპირებები, თუმცა, სამწუხაროდ, ამის მიუხედავად, მაინც არ იქნა უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა“.

შემდეგ, მან კიდევ ერთხელ გაამართლა კანონპროექტის მიღების საჭიროება და აღნიშნა:

  • 2020 და 2022 წლებში „ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორი მცდელობა“. პირველ შემთხვევაში, მან „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში დაადანაშულა. მეორე შემთხვევაში კი, მისი თქმით, არასამთავრობოები პირდაპირ ავიდნენ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით ტექნიკური მთავრობის შექმნა. „ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციური პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში“. პრემიერ-მინისტრის თქმით, „მაშინ რომ ემოქმედა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, მგონია, რომ ენჯეოები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ“.
  • კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურად ცდილობენ, თავს დაესხან მართლმადიდებლურ ეკლესიას და შელახონ მისი რეპუტაცია. მან „კონკრეტული ენჯეოები“ „რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებაში“ დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ორგანიზაციები „ღიად უჭერენ მხარს ისეთ აქტივობებს, რომლებიც საქართველოში რელიგიური სარჩულით პოლიტიკურ ინტერვენციას ისახავს მიზნად“.
  • აღნიშნა რა, რომ „საქართველოში ყველას უფლებები უნდა იყოს დაცული“, პრემიერ-მინისტრმა არასამთავრობო ორგანიზაციები „ლგბტ პროპაგანდაში“ ჩართულობაში დაადანაშაულა.
  • მან ასევე აღნიშნა, რომ „კონკრეტული ენჯეოები იყვნენ ჩართულნი სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში“, მათ შორის ენერგოსექტორში.
  • პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის სისტემურ მცდელობას“ ახორციელებდნენ, რა დროსაც „განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტები იყვნენ სასამართლო და პოლიცია“.
  • პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ „2022 წელს NGO-ები ღიად შეუერთდნენ მეორე ფრონტის კამპანიას. ისინი ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ითხოვდნენ [რუსეთის წინააღმდეგ] სანქციების დაწესებას, უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას მთავრობის ოფიციალური თანხმობით, რაც ნიშნავდა ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას… და საქართველოს ჩართვას სამხედრო კონფლიქტში“.

პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არიან „რადიკალიზმის და ე.წ. პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი წყარო საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში“. ამ კონტექსტში მან ევროპის დემოკრატიის ფონდი (EED) დაასახელა და ის საქართველოში „პოლარიზაციის დაფინანსებაში“ დაადანაშაულა.

„ენჯეოებს რომ გამოსვლოდათ ის, რასაც 2020-2022 წლებში აქტიურად ცდილობდნენ, ეს იყო რევოლუციის გზით ხელისუფლების შეცვლა, დღეს საქართველო იქნებოდა, პასუხს ვაგებ, უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში… უკან მოგვრჩებოდა როგორც მშვიდობა, ისე ევროინტეგრაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ „ამ წლების განმავლობაში რომ ემოქმედა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, დონორებსაც გაუჭირდებოდათ პოლარიზაციის ღიად დაფინანსება საქართველოში და შესაბამის NGO-ებსაც გაუჭირდებოდათ ასე ღიად პოლარიზაციის წახალისება ჩვენს ქვეყანაში“.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ხალხის სახელით მხოლოდ ხელისუფლება საუბრობს. ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ ადგილი აქვს ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევის „უხეშ მცდელობებს“ და რევოლუციის მოთხოვნას, და დასძინა, რომ ეს არის ნათელი მტკიცებულება იმისა, თუ რატომ არის საჭირო უცხოური გავლენის გამჭვირვალობა საქართველოში.

პირველ რიგში სუვერენიტეტი

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას და „საქართველოს უკრაინიზაციისგან დაცვას“.

დასავლელი პარტნიორების განუწყვეტელი გაფრთხილებების მიუხედავად, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ქვეყანა ევროპულ გზას ჩამოშორდებოდა, კობახიძემ განაცახდა, რომ ეს პირიქით დააახლოვებს საქართველოს ევროკავშირთან.

მისი თქმით, „სამწუხაროა“, რომ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებში „არ იყო მოყვანილი არცერთი არგუმენტი“. ამ კონტექსტში მან ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის კრიტიკა ახსენა და განაცხადა, რომ „უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი. ამიტომ კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველას ღია დისკუსიას კანონპროექტის შესახებ“.

„საქართველო არის პატარა, მაგრამ დამოუკიდებელი და ამაყი სახელმწიფო… შესაბამისად, ვერავის მივცემთ იმის უფლებას, რომ არგუმენტების გარეშე მითითებები მოგვცეს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „უარგუმენტო განცხადებები ვერ გახდება ჩვენი გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი“.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა თბილისში კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროტესტია. „უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები იმართება სუვერენიტეტის არგანმტკიცების ლოზუნგით“, – აღნიშნა მან.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი „გლობალური ომის პარტიის აგენტი“

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „კანონთან დაკავშირებით პროცესი ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს ღირსების საკითხია. ჩვენ უნდა დავიცვათ საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფოს სუვერენიტეტი და რაც მთავარია, ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის საშუალება არავის უნდა მივცეთ“. მან ასევე განაცხადა, რომ კანონის არსებობის შემთხვევაში, „მოიკლებს ცდუნება, რომ დონორებმა არასწორი ქმედებები დააფინანსონ, მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, ამ რამდენიმე წელიწადში კიდევ ერთხელ სცადონ რევოლუციის მოწყობა, ჩვენი უკრაინიზაცია სცადონ“. მან ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება პროვოკაციის ნებისმიერ მცდელობას უმკაცრესად დაუპირისპირდება.

პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნები ასევე იქნება „რეფერენდუმი“ უცხოელი აგენტების შესახებ კანონის თაობაზე. ამ კონტექსტში მან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, ხალხის სახელით არ ისაუბროს. „სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთ ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია“.

თავდასხმა გერმანიის კანცლერსა და ელჩზე

პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ვერ წარმოადგინეს ვერც ერთი არგუმენტი იმის შესახებ, თუ რატომაა კანონი შეუთავსებელი ევროკავშირის კანონმდებლობასთან.  „სინამდვილეში, ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულს“.

შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა საქართველოში გერმანიის ელჩს შეუტია და ის მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშულა. მისი თქმით, ელჩი ზოგჯერ „ლელოსთან ერთად დადის ხოლმე საარჩევნო აგიტაციის ფარგლებში და შეიძლება, იქ მიიღო ეს ინფორმაცია, არ ვიცი“.

„არასწორია, პირველ რიგში, როცა თან ხაზარაძის სახლი გაქვს ნაქირავები და მერე თან დაჰყვები ხაზარაძეს ბოლნისში პოლიტიკური კამპანიის ფარგლებში. ეს უბრალოდ არასწორია. შესაბამისად, მე არ მიკვირს, რომ ერთ-ერთი რადიკალური პარტიის ერთ-ერთი სახე ჰყავდათ მათ დაქირავებული თარჯიმნად“, – განაცხადა კობახიძემ. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, რომ თარჯიმანმა ზაალ ანდრონიკაშვილმა, რომელიც ამავდროულად მწერალი და მეცნიერია, არასწორად თარგმნა შოლცის სიტყვები, რადგან ის მიკერძოებულია. გერმანიის ელჩმა ეს მტკიცება ოფიციალურად უარყო.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button