საქართველო პატივს მიაგებს 9 აპრილის გმირებს
საქართველო დღეს იხსენებს 34 წლის წინ, საბჭოთა ძალების მიერ მოკლულ 21 მშვიდობიან, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ქართველ მომიტინგეს.
1989 წლის 9 აპრილს, დაახლოებით გამთენიის 4 საათზე, საბჭოთა ძალებმა თბილისში, მაშინდელი მთავრობის სახლის წინ (ახლანდელი პარლამენტი) სასტიკად დაარბიეს ანტისაბჭოთა მიტინგი, რასაც სულ მცირე 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასეულობით კი დაშავდა.
დღეს, ხელისუფლების წარმომადგენლები, ოპოზიციის ლიდერები და რიგითი მოქალაქეები პარლამენტის წინ, 9 აპრილის მემორიალთან შეიკრიბნენ და 34 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რის შემდეგაც, მან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 9 აპრილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ ქალებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ 9 აპრილი უპირველეს ყოვლისა, „უფრო მეტად გამარჯვების სიმბოლოა, ვიდრე ტრაგედიისა, ამიტომ უნდა ვიზეიმოთ 9 აპრილი და არა ვიგლოვოთ, იმის მიუხედავად, რომ მართლაც ტრაგედია იყო“. „ეს გამარჯვება ყველასია, რადგან 9 აპრილი ერთიანობისა და ერთობის სიმბოლოა. იქ რომ არ ყოფილიყო ერთად მდგარი საქართველო, არაფერი მოჰყვებოდა 9 აპრილს“, – დასძინა მან.
„9 აპრილი ასევე, ჩვენი მომავლის სიმბოლოა, რადგან 9 აპრილში, როგორც ერთგვარად ორსახოვანი ღვთაება იანუსი – ორი სახეა, ერთი, რომელიც წარსულში იყურება და იქ თავის ფუძესა და თავის ძალას პოულობს – ეს არის ქართული ეროვნული იდენტობა და მთელი ჩვენი წარსული და მეორეთი იყურება წინ, იყურება მომავლისკენ“, – ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა და დაამატა, რომ „9 აპრილი გვიხსნის მომავლის გზას და ჩვენთვის ეს მომავლის გზა ევროპაა და ეს მომავალი არის ის, რაც ჩვენ შვილებს უნდა დავუტოვოთ, ვალდებულნი ვართ, რომ დავუტოვოთ“.
ამის შემდეგ პრეზიდენმა მწუხარება გამოთქვა, რომ 9 აპრილს უწევს იმისი დაცვა, რომ „ჩვენი ერთადერთი და უალტერნატივო მომავალი ევროპაა“. „აბა სხვა რა, ჩექმა გვინდა? ნიჩბები გვინდა?“. „უნდა შევძლოთ საერთო ინტერესების დანახვა, უნდა შევძლოთ ქვეყნის მომავლისთვის მთავარისა და მეორადის გამიჯვნა, უნდა შევძლოთ პარტიულისა და ეროვნულის ერთიმეორეში არაღრევა, უნდა შევძლოთ შურის, ბოღმისა და სიძულვილის დაძლევა, თორემ რაღაა ვნების კვირა და აღდგომა?!“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მან 1989 9 აპრილისა და 2023 წლის 7-9 მარტის აქციების სიმბოლოებად ქცეული ქალები – ნანა მახარაძე და ნანა მალაშხია ღირსების მედლით დააჯილდოვა.
„დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი“, – დაწერეა Facebook-ზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მას 9 აპრილის მემორიალთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პრემიერის თქმით, „ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ“, – თქვა პრემიერმა და დაამატა – „ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს“.
9 აპრილს საბჭოთა რეჟიმს შეწირულებს პატივი მიაგეს ოპოზიციის ლიდერებმაც
ჟურნალისტებთან საუბრისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ 9 აპრილი „უმნიშვნელოვანესი დღეა“, რადგან „ამ თარიღს მოჰყვა 1991 წლის რეფერენდუმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება“.
„ეს დღე არის, ერთი მხრივ, ტრაგიკული დღე, მაგრამ ამავდროულად არის გამარჯვების დღე, დღე, რომელმაც ქვეყანას დაუბრუნა ნანატრი თავისუფლება“, – თქვა „ლელო საქართველოს ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ და დაამატა, რომ „ეს ბრძოლა გრძელდება. ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წუთით არ შეიძლება მოდუნება, ქვეყნის თავისუფლებას მუდმივად საფრთხე ემუქრება, სამწუხაროდ, შიგნიდანაც და გარედანაც“.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, „1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირების ბრძოლის შედეგად კომჰუნისტური პარტია დამარცხდა საქართველოში და „1991 წლის 9 აპრილს ჩვენ გამოვაცხდეთ დამოუკიდებლობის აღდგენა“. „დიდება გმირებს და დიდება თავისუფლებას“, – დასძინა მან.
„ერთიანი, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართელო ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ხალხის იდეალი“, – უთხრა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია „საქართეველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა და დაამატა, რომ „სიმბოლურია, რომ [დღეს] ამ იდეალების დასაცავად გვიწევს ისევ ბრძოლა“.
„34 წლის წინ ქართულმა საზოგადოებამ ძალიან მკაფიოდ გააგებინა ყველას და უთხრა საკუთარ თავს, პირველ რიგში, რომ ათწლეულების საბჭოთა რუსეთის რეპრესიების და უზარმაზარი მსხვერპლის მიუხედავად ის ყოველთვის იყო მოწადინებული, რომ ენახა თავისუფალი ქვეყანა“, – აღნიშნა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ და დასძინა, რომ „დღეს კიდევ არ მიგვიღწევია იმ ამოცანისთვის, რასაც ადამიანებმა თავი შესწირეს 34 წლის წინ“.
ჟურნალისტებს რიგითი მოქალაქეებიც ესაუბრნენ. „9 აპრილი იყო ქართველი ხალხის კულმინაციური დაუმორჩელბლობის დღე, რაც გაგრძელდა ჩვენი დიდი ჩრდილოელი მეზობლის თავდასხმით, დაგვიხოცეს ახალგაზრდები დაგვარბიეს სასტიკად“, – თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ.
პედაგოგმა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან მოსწავლეებთან ერთად მივიდა, განაცხადა, რომ დღემდე ახსოვს „ის ძალიან დიდი ტკივივილი და დიდი სიამაყის განცდაც, რაც მაშინ იყო“. „მე როგორც რიგითმა პედაგოგმა, მინდა, რომ მომავალ თაობას არ დავავიწყო ის გმირები, ვის მხრებზეც მოვიდა დღევანდელი საქართველო… ვალდებულნი არიან, რომ მათი ხსოვნა სანთლად აინთონ“, – ხაზი გაუსვა მან.
9 აპრილს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღესაც აღნიშნავს, რამდენადაც 1991 წელს, ამ დღეს, უზენაესმა საბჭომ ამავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის საფუძველზე, დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. რეფერენდუმზე მოქალაქეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფასა და დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი.
9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918 წლის 26 მაისს მიღებულ დამოუკიდებლობის აქტს დაეფუძნა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა 1921 წელს, 5 კვირიანი ომის შემდეგ დაიპყრო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)