პაპუაშვილი: ევროკავშირი უნდა გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს
ევროპარლამენტის მიერ 28 თებერვალს მიღებულ ორ რეზოლუციაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხის შეტანის თაობაზე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიერ ინიცირებული ცვლილებების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 29 თებერვალს ევროკავშირს მოუწოდა, რომ „გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს“.
ცვლილებების თანახმად, ევროპარლამენტი „იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას“. ამასთან, ევროპარლამენტარმა ფოტიგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „მიხეილ სააკაშვილი პუტინის პირადი მტერი და პატიმარია“ და რომ ევროპარლამენტი „არ დაუშვებს, რომ ის ციხეში დაიღუპოს“.
„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მის უცხოელ მფარველებსა და ქართველ ხალხს შორის არსებული მნიშვნელოვანი გაუგებრობები კვლავაც ზიანს აყენებს ჩვენს საგარეო ურთიერთობებს“. მისი თქმით, „მაშინ, როდესაც სააკაშვილის ლობისტები მიესალმებიან საქართველოს ექსპრეზიდენტის „დამსახურებებს“, ქართველების უმეტესობისთვის ყველაფერი დიამეტრალურად საპირისპიროა“. ამიტომ, როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, დასავლელი პოლიტიკოსების „ასეთი აუხსნელი განცხადებები გარკვეულ კოგნიტიურ დისონანსს იწვევს, როდესაც ადამიანები იწყებენ კითხვას, თუ როგორ შეუძლია დემოკრატიულ დასავლეთს, კვლავ მხარს უჭერდეს ავტორიტარულ ფიგურას. ეს ასევე ბადებს ეჭვებს იმის შესახებ, ხომ არ არის დეკლარირებული „დასავლური ღირებულებები“ უბრალო ხრიკი გარკვეული გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად“.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ პუტინი-სააკაშვილის პირადი უთანხმოება შესაძლოა ევროპარლამენტისთვის „მიმზიდველ იდეას“ წარმოადგენდეს, თუმცა, ეს „არასწორი აღქმის“ ნაწილია, რადგან „პუტინმა თავისი მიზნების უმეტეს ნაწილს საქართველოში სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს მიაღწია, როდესაც მოხდა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია“. პაპუაშვილის თქმით, ქართველების გაოგნების კიდევ უფრო დიდი მიზეზია სააკაშვილის უცხოელი მეგობრებისა და მფარველების „თვალთმაქცური საქციელი“, როდესაც საქმე საქართველოში დემოკრატიას ეხება. „ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის“ მიუხედავად, სააკაშვილის უცხოელი მეგობრები მისი ერთგულები დარჩნენ და „პრაქტიკულად არასოდეს ამოუღიათ ხმა მისი დანაშაულების წინააღმდეგ“. მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების „შთამბეჭდავი დემოკრატიული შედეგებისა“, იგივე უცხოელები საქართველოს მთავრობას უკვე ათ წელზე მეტია ლანძღავენ.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2012 წლიდან ყველა არჩევნები წააგო და ახლა უკვე იმისთვის იბრძვის, რომ „წლევანდელ არჩევნებზე როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, რადგან ქართულ პოლიტიკაში ენმ სწრაფად ყალიბდება მარგინალურ პოლიტიკურ ჯგუფად“. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „ეს კარგი მაჩვენებელია იმისა, თუ რას ფიქრობს ხალხი „ნაციონალური მოძრაობის“ ბელადზე“ და დასძინა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერებმა „სრულიად დაკარგეს კავშირი რეალობასთან“.
„დადგა დრო, რომ ევროკავშირი ოფიციალურად გაემიჯნოს ევროპარლამენტარების ცილისმწამებლურ განცხადებებს. ჩვენი შეკითხვა ევროკავშირისადმი იმაზეა, იზიარებენ თუ არა ისინი ჩვენს საერთო ღირებულებებს თუ ევროპარლამენტარების ვიწრო ინტერესებს ექვემდებარებიან. მიგვაჩნია, რომ მთავარი ჩვენი საერთო საქმეა -საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ“, – აცხადებს პაპუაშვილი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)