ახალი ამბები

კონსტანტინ ფილია გალიდან მოსახლეობის გადინებაზე საუბრობს  

ოკუპირებული გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, კონსტანტინ ფილია 28 თებერვალს რეგიონის ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდა და გალიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადინების საკითხი განიხილა.

ფილიას თქმით, მოსახლეობის გადინება 2015 წელს დაიწყო, რაც „დოკუმენტებთან დაკავშირებულ სირთულეებს“ უკავშირდება. დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს გალიდან პოლიტიკური უფლებები ჩამოერთვა მას შემდეგ, რაც ოკუპირებლი რეგიონის ხელისუფლებამ 2014 და 2017 წლებში არჩევნების შედეგებზე ეთნიკური ქართველების გავლენის შიშით მათ აფხაზური „მოქალაქეობა“ ჩამოართვა. ფილიამ აღნიშნა, რომ „მოქალაქეობის მიღების პერსპექტივის უქონლობის“ გამო გალიდან მოსახლეობის გადინება დაჩქარდა.

ფილიას თქმით, 2011 წლის აღწერის მონაცემებით, გალში დაახლოებით 30 000 ეთნიკური ქართველია, თუმცა ქმედუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 17 000-ს შეადგენს; 5 863 პენსიონერი „ბინადრობის ნებართვით“, ხოლო 344 პენსიონერი „აფხაზეთის მოქალაქის“ სტატუსით იღებს პენსიას. საოკუპაციო რეჟიმის პირობებში ჩატარებული აღწერა არასანდოდაა მიჩნეული როგორც მეთოდოლოგიურად, ასევე იმის გამო, რომ ადამიანები მონაცემებს მალავენ.

ფილიას თქმით, 2023 წელს გალში 137 ბავშვი დაიბადა, მაგრამ მხოლოდ 59-მა მიიღო დაბადების მოწმობა, რადგან მშობლების უმეტესობას არ აქვს სათანადო დოკუმენტები. მისივე თქმით, საბუთების გარეშე დარჩენილ ბავშვებს სამომავლოდ მათი აღების პერსპექტივა არ აქვთ [სავარაუდოდ, მშობლებს ქართული პასპორტები აქვთ და ბავშვებიც საქართველოში დანარჩენ ნაწილში არიან რეგისტრირებულნი – სამოქალაქო საქართველო]. რთულია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც ამ მიზეზების გამო წასვლას გადაწყვეტენ, „ისინი უბრალოდ მიდიან“, განაცხადა ფილიამ.

ადგილობრივი ადმინისტრაციის ცნობით, გალში მცხოვრებ 5 000-მდე ადამიანს მხოლოდ ერთი საბუთი, ე.წ. „ფორმა N9“ აქვს (პირადობის მოწმობის შემცვლელი, რომელიც შესაბამისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების დაკარგვის შემთხვევაში გაიცემა როგორც დროებითი დოკუმენტი). 1 130 ადამიანს „აფხაზეთის პასპორტი“ აქვს, 21 500-ს კი ე.წ. „ბინადრობის მოწმობა“.

ფილიამ 2022 წლის საკანონმდებლო ცვლილებებიც ახსენა, რომლის თანახმადაც გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენით“ შეეძლოთ „აფხაზეთის პასპორტის“ აღება. აფხაზური პასპორტების მისაღებად, გალის მცხოვრებლებს ქართული გვარების დათმობა და აფხაზურზე გადასვლა მოუწევდათ. ფილიამ აღნიშნა, რომ ეს ცვლილებები არ ამოქმედებულა. ეთნიკურმა ქართველებმა დაგმეს ცვლილებები და მათ „საქართველოს მოსახლეობაზე მიუღებელი ექსპერიმენტი“ უწოდეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button