ახალი ამბები

ოკუპირებული გალის რაიონის ხელმძღვანელი ადგილობრივების პასპორტიზაციის შესახებ

ოკუპირებული გალის აფხაზური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, კონსტანტინ ფილიას განცხადებით, „კადასტროფაა“, რომ რაიონის ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, „აფხაზური პასპორტები“ არ აქვთ.

„ჩვენ ისეთ აქილევსის ქუსლს ვქმნით და ჩემთვის რთულად გასაგებია, ამას რატომ ვაკეთებთ“, – განაცხადა ფილიამ „სპუტნიკ აფხაზიასთვის“ 20 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში.

აფხაზური დოკუმენტების არქონის გამო გალის სკოლების კურსდამთავრებულებს „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ აქვთ. ფილიას თქმით, მიმდინარე წელს, 223 კურსდამთავრებულიდან „აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში“ სწავლა მხოლოდ 17-მა განაგრძო.

მისივე თქმით, ეს იმ დროს, როდესაც ბიუჯეტის ნახევარზე მეტი განათლებაზე იხარჯება.

„გეთანხმებით, რომ ვისაც საქართველოს პასპორტი აქვს, მას აფხაზურის იმედი არ უნდა ჰქონდეს“, – თქვა ფილიამ თუმცა დასძინა, რომ მათაც კი, ვისაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა სურს, ამას მაინც ვერ ახერხებს. მისივე თქმით, მათ ვისაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და „აფხაზეთის მოქალაქეობის“ მიღება სურს, საქართველოში უარს იმ მიზეზით ეუბნებიან, რომ ასეთი სახელმწიფო არ არსებობს.

„ეს საკითხი ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ. მას, ვისაც გულწრფელად სურს, რომ იყოს აფხაზეთის მოქალაქე და პატრიოტი, ამის შანსი უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა ფილიამ.


სოხუმმა გალის მცხოვრებთა უმრავლესობას ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა 2014-1017 წლებში ჩამოართვა და მის ნაცვლად ბინართვების გაცემა დაიწყო. ეს ადგილობრივებს პოლიტიკურ უფლებებს, მათ შორის, აჩევნებში მონაწილეობის უფლებებს ართმევს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button