რუსეთის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს „შედარებით მეგობრულად“ თვლის
საქართველო რუსეთის მიმართ „შედარებით მეგობრულ“ სახელმწიფოდ დასახელდა, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, შესაბამისად, პირველ და მესამე ადგილზე არიან პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობის სიაში, რომელიც რუსეთის კომუნიკაციების განვითარების ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა 26 თებერვალს გამოაქვეყნა.
სიაში შესული 14 ქვეყნიდან და ორი ოკუპირებული რეგიონიდან 10 რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნად ითვლება (თანმიმდევრობით: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, ბელარუსი, ოკუპირებული აფხაზეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი, სომხეთი).
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც „შედარებით მეგობრული“ ქვეყნების კატეგორიაში შევიდა. ინსტიტუტის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი „აშკარად ანტირუსული ხასიათისაა“, თუმცა „ეკონომიკური და სამოქალაქო კომუნიკაციის რეჟიმი შერბილდა: გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, აღდგა ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა, ქართველი ახალგაზრდები აქტიურად არიან დაინტერესებული რუსული საგანმანათლებლო პროექტებით“.
რაც შეეხება არამეგობრულ ქვეყნებს, სია ასე გამოიყურება: მოლდოვა, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია და უკრაინა. ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ გაამკაცრა კონტროლი საინფორმაციო და საკომუნიკაციო არხების, მათ შორის სოციალური ქსელების შინაარსზე და შესაბამისად, რუსეთის შესახებ ინფორმაცია ცენზურას ექვემდებარება როგორც არამეგობრულ, ისე მეგობრულ ქვეყნებში.
ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ შარშანდელ შეფასებასთან შედარებით, სომხეთისა და მოლდოვის რეიტინგები გაუარესდა. სომხეთში, როგორც ინსტიტუტი აცხადებს, ხელისუფლების „პოლიტიკური რიტორიკა“ არამეგობრულია რუსეთის მიმართ, „თუმცა ეს ეწინააღმდეგება სომხური საზოგადოების აზრს უფრო სიღრმისეულ დონეზე“. მოლდოვა კი არამეგობრულ სახელმწიფოთა სიას პირველად დაემატა. ინსტიტუტი აღნიშნავს, რომ მოლდოვას ემუქრება „საკუთარი იდენტობის დაკარგვისა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვის საშიშროება“ და შეშფოთებას გამოხატავს მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში მცხოვრები პრორუსული მოსახლეობის გამო.
ინსტიტუტის თქმით, 14 პოსტსაბჭოთა სახელმწიფო ფასდება „400 რუსი და საერთაშორისო ექსპერტის“ მიერ 12 მაჩვენებლის მიხედვით. ესენია: საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, მედია კომუნიკაცია, კომუნიკაცია განათლების, მეცნიერების, კულტურის სფეროებში, ახალგაზრდობის ურთიერთობებში, რელიგიურ დიალოგში და სხვა. ინსტიტუტის მიერ გამოყენებული კეთილგანწყობის კონცეფცია „გულისხმობს ქვეყნების ურთიერთკეთილგანწყობას, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე, ორმხრივ ინტერესებსა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ღირებულებებზე მრავალპოლარულ სამყაროში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)