განახლება: პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Bloomberg-თან, Euractiv-თან და Deutsche Welle-სთან
მიუნხენის უსაფრთოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 17 თებერვალს Bloomberg-ს და Euractiv-ს ინტერვიუ მისცა. 18 თებერვალს მან ასევე მისცა ინტერვიუ Deutsche Welle-ს. პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის, უკრაინაში ომის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და რუსეთის ჩარევის საფრთხეების შესახებ ისაუბრა.
საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირში
კითხვაზე რამდენ ხანში შეძლებს საქართველო ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე წინ წაწევას და რამ შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინამ „შეცვალა გაფართოებისადმი მიდგომა“ და რომ „მთლიანი პროცესის აჩქარება არ მოხდებოდა, რომ არა უკრაინის ასეთი სიმტკიცე, რომელმაც მთელ ევროპას აჩვენა, რომ მათი უსაფრთხოება უკრაინასთანაა დაკავშირებული“.
მან ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობამ რაც შეძლო ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის გზაზე წინ წასაწევად. ჩვენ ჩვენი წილი ბრძოლა გვქონდა“. მისი თქმით, საქართველომ გაუძლო, „ქართული სიმტკიცე სხვა ხასიათისაა, ვიდრე უკრაინის, რა თქმა უნდა, თავისი განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა ქართული სიმტკიცე ნაკლები არ ყოფილა“.
„ყოველ ჯერზე, როდესაც არსებობს ეჭვი თუ საით უნდა საქართველოს სვლა, ქართული საზოგადოება აჩვენებს საით უნდა წავიდეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სწორედ ამიტომ ის ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი.
მან საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „ამ არჩევნების ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შედეგი, ვინც არ უნდა იქნეს არჩეული, ჩვენი ევროპული გზისა და ევროპული ორიენტაციის მხარდაჭერა იქნება. ეს წაგვიყვანს წინ გაფართოების გზაზე და იმედია, რაც შეიძლება მალე მოლაპარაკებების გახსნამდე. ეს ჩვენი გზაა და მე ამ გზას ყველა ფორმით ბოლომდე მხარს დავუჭერ, რამდენადაც შემიძლია“.
ნატოს გაფართოება
რაც შეეხევა ნატოს გაფართოებას და მოუტანს თუ არა მასთან სიახლოვე ქვეყანას მეტ უსაფრთოებას უკრაინის გამოცდილების გათვალისწინებით, სალომე ზურაბიშვილმა უარყო რაიმე კავშირი ნატოში უკრაინის მისწრაფებასა და რუსეთის შეჭრას შორის და განაცხადა, რომ „რუსეთმა უკრაინაში შეჭრაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო და ეს არ იყო რამეზე რეაქცია, ეს იყო ქმედება, აგრესია“. „ვფიქრობ, რომ წითელი ხაზი, რომელიც ფარავს NATO-ს ყველა წევრს, პუტინი მის გადაკვეთას ვერ გაბედავს. ეს უკვე მრავალჯერ დამტკიცდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყნისათვის ნათელია, რომ „NATO-ს კავშირში ყოფნა, დაცულობისა და უსაფრთხოების ერთადერთი გზაა და ჩვენ სხვა გზა არ ვიცით. ევროკავშირის გაფართოება NATO-ს გაფართოებასთან ერთად მიდის და ეს ორიენტაცია საქართველომ თავის კონსტიტუციაში ჩაწერა“.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, დაასუსტებს თუ არა ალიანსს დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს არ აქვს ევროინტეგრაციისა და NATO-ში ინტეგრაციის ალტერნატივა, „არ ვფიქრობ, რომ აშშ-ს რაიმე ალტერნატივა აქვს გარდა იმისა, რომ ამ ძალიან ძლიერი ალიანსის უდიდეს მოკავშირედ დარჩეს მათი მომავლისათვის“.
კითხვაზე, მიბაძავს თუ არა საქართველო უკრაინის მაგალითს ნატოში გაწევრიანებამდე ნატოს ზოგიერთ წევრთან უსაფრთხოების ორმხრივი შეთანხმებების ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ეს ძალიან კარგი გზაა“ შუალედურ პერიოდში მოკავშირეთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად, თუმცა იქვე დასძინა, რომ „ეს არ არის მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტი, ეს მთავრობის გადასაწყვეტია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ძალიან საინტერესო მაგალითია და ეს ასევე, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ევროპელი პარტნიორების სურვილზე, რომ მიჰყვნენ ამ გზას“. მისი თქმით, ეს გზა „არ ცვლის საბოლოო მიზნებს და არავითარ შემთხვევაში, არ უნდა შეასუსტოს ან შეანელოს საბოლოო მიზნისკენ სვლა“.
უკრაინაში რუსეთის შეჭრა
კითხვაზე რა საფრთხეებს ხედავს იმასთან დაკავშირებით, რომ ვლადიმერ პუტინი მარტში მისი ხელახლა არჩევის შემდეგ შესაძლოა გაზრდის უკრაინაში მის ძალისხმევას, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ის [პუტინი] რაც შეუძლია ყველაფერს აძლიერებს. ის არ ელოდება ხელახლა არჩევას“.
პრეზიდენტის თქმით, პუტინმა „მრავალმხრივ წააგო, მას შეუძლია განაგრძოს და გააჭიანუროს [ომი], მაგრამ მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისა და ამერიკის სენატის გადაწყვეტილებების შემდეგ, ვნახავთ კავშირის გაძლიერებულ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად, რადგან ეს საკუთარი თავის დახმარებაცაა. სწორედ ესაა, რაზეც დღეს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა და ვფიქრობ, ეს ევროპის თითოეულ ქვეყანას უნდა ახსოვდეს“.
ალექსეი ნავალნის გარდაცვალება
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ დასმულ კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება“. მან ასევე განაცხადა, რომ ნავალნისა და დაპატიმრებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის შედარების მიზეზი არ არსებობს და დასძინა: „საქართველო რუსეთი არაა“.
პრეზიდენტის ინტერვიუ Euractiv-თან
იმავე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა Euractiv-ს მისცა ინტერვიუ და რიგ საკითხებზე უპასუხა კითხვებს, მათ შორის საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, სამომავლო ნაბიჯებზე, ევროკავშირის პირობების შესრულებაზე, დე-ოლიგარქიზაციაზე, რუსეთის საფრთხის აღქმასა და აშშ-ის ჩართულობაზე.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ „მოსახლეობასა და ევროპული გზის მხარდაჭერას ახალი მუხტი მისცა“ და რომ „ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპული რიტორიკის ირგვლივ ხელახლა გაერთიანება დაიწყო, რაც წინა თვეებში არ მომხდარა“.
მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოში ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გზაზე წინსვლისთვის. „გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას“.
იმ წუხილებთან დაკავშირებით, რომ კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას შესაძლოა „პრორუსული ხელისუფლების გაძლიერება“ მოყოლოდა, პრეზიდენტმა აღნიშნა: „მე ყოველთვის ამ აღქმის წინააღმდეგი ვიყავი“. მისი თქმით, მოსახლეობამ ზუსტად იცის რა სურს და „ამას უნდა მიჰყვეს ხელისუფლება“.
რაც შეეხება პოლარიზაცია, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების [შედეგზე]. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა“.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, პრეზიდენტმა განაცხადა: „ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.
შეაქო რა დასავლეთის სოლიდარობა უკრაინის მიმართ, პრეზიდენტმა აღიარა, რომ „უკრაინისთვის აშკარად მეტი იარაღია საჭირო, მაგრამ ეს უფრო წარმოების საკითხია, ვიდრე მიწოდების სურვილის“.
რაც შეეხება კითხვას, შეიცვალა თუ არა საქართველოსთვის რუსული საფრთხის აღქმა, მან უპასუხა, რომ რუსული საფრთხე არ შეცვლილა. „სწორედ ამიტომ გვინდა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, რადგან სანამ გარეთ ხარ, არ იმყოფები დაცულ ზონაში“, – აღნიშნა მან.
ევროპიდან აშშ-ს პოტენციური გამოთიშვის შესახებ დასმულ კითხვაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „მე უდიდესი ოპტიმისტი ვარ… ვფიქრობ, რომ საგარეო პოლიტიკაში ამერიკა მუდმივადაა, ამერიკა ვერ შეწყვეტს ჩართულობას, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც საკითხი უფრო მწვავდება“.
ინტერვიუ Deutsche Welle-სთან
18 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მისცა ინტერვიუ Deutsche Welle-ს და სხვა საკითხებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და საქართველოსა და მის მიღმა რუსეთის ჩარევის საფრთხეებზე ისაუბრა.
პრეზიდენტი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი ევროს გამოყოფის თაობაზე და იმედი გამოთქვა, რომ მსგავს დახმარებას ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოყოფს. მან ასევე განაცხადა, რომ „ჯერ კიდევ არაა ყველა პარტნიორის, ნატოს, ევროკავშირის მხრიდან უკრაინისადმი მასიური მხარდაჭერა“ და დასძინა, რომ „როდესაც საკმარისი მხარდაჭერა და რეაქცია არაა, და თუ რუსეთის არ შეაჩერებენ, ის განაგრძობს თავის ქმედებებს“.
პრეზიდენტმა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ „ეს არის ჩვენი სასიცოცხლო კავშირი ევროპასთან“. მისი თქმით, შავი ზღვის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა და „სწორედ ეს დევს სასწორზე, როდესაც ვსაუბრობთ ყირიმზე-უკრაინაზე, საქართველოზე და რუსეთის გეგმებზე ააშენოს სამხედრო ბაზა შავი ზღვის სანაპიროზე“.
როდესაც პრეზიდენტს აშშ-ში საშინაო პოლიტიკურ მოვლენებზე და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე მათი გავლენის შესახებ ჰკითხეს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ რაიმე შეიცვლება რუსეთ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში. „ერთადერთი, რაც შეიძლება შეიცვალოს, არის ის, რომ რუსეთი გავიდეს ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, იქნება ეს უკრაინისა თუ საქართველოსი. ესაა ევროპის უსაფრთხოების მომავალი“.
კითხვაზე თუ რას მოელის საქართველო ევროკავშირისგან, პრეზიდენტმა უპახუსა: „გაფართოება, გაფართოება და გაფართოება!“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ თემაზე ქართველი ხალხის „სრული კონსენსუსი“ არსებობს.
საქართველოში რუსეთის ჩარევის საფრთხის შესახებ დასმულ კითხვაზე პრეზიდენტმა უპასუხა, რომ „მათთვის უფრო ადვილია საქართველოში ჩარევა, რადგან ეს მათთვის ცნობილი ნიადაგია“. მისი თქმით, ქართველი ხალხისათვის კარგად ნაცნობია საბჭოთა პროპაგანდა, რაც „დიდად არ განსხვავდება დღევანდელი რუსული პროპაგანდისგან“.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის ჩარევის საფრთხის წინაშე მიმდინარე წელს დადგენა, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. „ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ბევრ ჩარევას უნდა ველოდოთ, საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა. მისი თქმით, იგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მხოლოდ იმისთვის იმყოფება, რომ „გამოვხატო ქართველი ხალხის თანადგომა და სოლიდარობა, რისი მოწმეც გახდება ყველა, ვინც საქართველოში ჩამოვა და თბილისში უამრავ უკრაინულ დროშას ნახავს“. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უახლოეს წლებში საუკეთესო სცენარი იქნება რუსეთის გასვლა ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)