ახალი ამბები

განახლება: ტოივო კლაარი თბილისს სტუმრობს

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი და  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი 14 თებერვალს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. 15 თებერვალს ტოივო კლაარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას.

სუს-ის ხელმძღვანელსა და ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შორის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და  უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე.

„საუბარი შეეხო რეგიონში წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებს და მათი შესაძლო ზეგავლენის პერსპექტივებს, როგორც გლობალური, ასევე რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „განსაკუთრებული როლი“ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის უზრუნველყოფის კონტექსტში. „ყურადღება გამახვილდა მანდატის თანახმად, მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის გადაუდებელ საჭიროებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების პროცესში საქართველოს „მნიშვნელოვან როლს“.

მხარეებმა ასევე განიხილეს „ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ვითარება და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები, მათ შორის ბოლო დროს, სოხუმში მიმდინარე მოვლენები და დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება არ დაეშვათ ევროკავშირის სპეცწარმომადგენელი აფხაზეთში“.

შეხვედრის დასასრულს, ნიკოლოზ სამხარაძემ და ტოივო კლაარმა „მოკლედ მიმოიხილეს“ ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება და წინასაარჩევნო პროცესის გავლენა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. 

15 თებერვალს ტოივო კლაართან შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის „განსაკუთრებული როლისა“ და ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის „ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის გზით“.

სახელმწიფოს მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესზე და ამ კუთხით არსებულ სამომავლო ხედვებზე, რაც ადამიანზე ორიენტირებულ, სტატუს-ნეიტრალურ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებს ეფუძნება.

მასალა განახლდა 15 თებერვალს 13:00 საათზე და მას სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან ტოივო კლაარის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაემატა.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button