აფხაზეთში „როსგვარდიასთან“ შეთანხმების გაფორმების მცდელობა სავარაუდოდ ჩავარდა
გასული კვირის ბოლოს აფხაზურმა ტელეგრამ არხებმა გაავრცელეს შეთანხმების პროექტი რუსეთის ეროვნული გვარდიის ფედერალურ სამსახურსა („როსგვარდია“) და აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შორის, რასაც „საშინაო პოლიტიკაში ჩარევისა“ და „სუვერენიტეტის დაკარგვის“ თაობაზე აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობის შეშფოთება მოყვა. შეთანხმების პროექტში ხელმომწერ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის მთავარ მიმართულებებად დასახელებულია „საზოგადოებრივი წესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, „ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა“, „სახელმწიფო კონტროლი შეიარაღების ბრუნვაზე“, „ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა“, „დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების აღსრულება“ და ა.შ.
ექსპერტები შიშობენ, რომ შეთანხმების რეალური მიზეზი შესაძლოა იყოს საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლის აუცილებლობა, ასევე რუსული მხარის საინვესტიციო პროექტების დაცვა.
აფხაზურმა ოპოზიციამ „შინაგან საქმეთა მინისტრს“ რობერტ კიუტს მოუწოდა „უარი თქვას რუსეთის გვარდიასთან შეთანხმების ხელმოწერაზე“. მიმართვას ხელს აწერენ პარტიები „სახალხო ერთობის ფორუმი“ და „აფსნი“, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციები „აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“, „არუაა“ და „ჩვენი დედაქალაქი“.
რობერტ კიუტმა თავდაპირველად უარყო შეშფოთება შეთანხმებასთან დაკავშირებით და 10 თებერვალს განაცხადა, რომ „როსგვარდიას თანამშრომლების ფიზიკური ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე ან მათი ჩარევა ჩვენს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში პროექტით არანაირად არ არის გათვალისწინებული“ და რომ „ჩვენი მთავარი მიზანი გამოცდილების გაცვლა და ცოდნის მიღებაა“.
მისმა განცხადებამ ოპონენტები არ დაამშვიდა და ამიტომ, მეორე დღეს ოკუპირებული რეგიონის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელობა რამდენიმე რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა. „გვსურს აღვნიშნოთ, რომ უსაფრთხოების სტრუქტურების ხელმძღვანელებმა სრული სოლიდარობა გამოხატეს დოკუმენტიდან გამომდინარე რისკებთან დაკავშირებით და გამოთქვეს აზრი, რომ დოკუმენტი არ უნდა გაფორმდეს“, – განაცხადა „აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ“ შეხვედრის შემდეგ.
11 თებერვალს „შინაგან საქმეთა მინისტრმა“ მეორე განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ უწყებათაშორის შეთანხმებას აფხაზეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ხელმძღვანელობა არ გააფორმებს.
იმავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ დე-ფაქტო საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მიმართა „აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ ე.წ. კანონში ცვლილებების შეტანის თხოვნით, რაც შეთანხმების ყველა პროექტზე, მათ შორის უწყებათაშორის პროექტებზე აფხაზეთის „პარლამენტთან“ წინასწარ შეთანხმებას ითვალისწინებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/01/2024 – ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისს უკმაყოფილება მოყვა
- 08/12/2023 – ოკუპირებული აფხაზეთი USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელებას კრძალავს
- 20/11/2023 – ბჟანია: ბიჭვინთის აგარაკის გადაცემით აფხაზეთმა პუტინთან შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას
- 24/10/2023 – უკრაინის დაზვერვის სამსახური: რუსეთი შავი ზღვის ფლოტის გემების ყირიმიდან აფხაზეთში გადაყვანას გეგმავს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)