ახალი ამბები

კომუნიკაციების კომისია: სახელისუფლებო მედიის სარეკლამო შემოსავლები გაიზარდა

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წელს სახელისუფლებო ტელევიზიას „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალიც 2022 წელთან შედარებით, 8.6 მილიონი ლარით გაიზარდა და 33.7 მილიონი ლარი შეადგინა, განაცხადა კომუნიკაციების კომისიამ 7 თებერვალს.

4.5 მილიონი ლარით გაიზარდა მედია ჰოლდინგ „რუსთავი 2”-ის კომერციული შემოსავალიც და 13.7 მილიონს გაუტოლდა. 2.5 მილიონით მეტი მიიღო POSTV-მ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წელს 7.4 მილიონი ლარი იყო. GDS-ის შემოსავალი 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.3 მილიონი ლარი გახდა.

რაც შეეხება ოპოზიციურ „მთავარ არხს”, გასულ წელთან შედარებით, მისი შემოსავალი 2.2 მილიონით შემცირდა და 7.9 მილიონი შეადგინა. ტელეკომპანია „ფორმულას” სარეკლამო შემოსავალი 0.4 მილიონით შემცირდა და 5.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.5 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო კიდევ ერთმა ოპოზიციურმა არხმა „ტვ პირველმა”, რომლის შემოსავალმაც 5.3 მილიონი ლარი შეადგინა. 1.3 მილიონი ლარით მეტი მიიღო BMG-მ და მისი შემოსავალი 2023 წელს 3.2 მილიონს გაუტოლდა.

წინა წელთან შედარებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 0.7 მილიონით ნაკლები, კერძოდ, 2.4 მილიონი ლარი მიიღო. 0.03 მილიონი ლარით შემცირდა „მედია-ჰოლდინგი ჯორჯიან თაიმსის“ შემოსავალი და სულ 0.4 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 4.7 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.

2023 წელს სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 95 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით, 18.8%-ით მეტია. მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წელს კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 87.4 მილიონი ლარი იყო, რაც 2022 წელს 18.6%-ით, კერძოდ კი, 13.7 მილიონი ლარით აღემატება.

ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 67.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 3.1%-ით არის შემცირებული, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1.4%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წელს მიღებული სარეკლამო შემოსავალი, 2022 წელთან შედარებით 21%-ით გაიზარდა და 7.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90%-ზე მეტი პირდაპირ რეკლამაზე, 9%-ზე მეტი კი სპონსორობაზე მოდიოდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button