skip to content
ახალი ამბები

TI საქართველო: „ქართული ოცნების“ რეკლამის გაუშვებლობის გამო კრიტიკული მედია „უსამართლოდ“ დაააჯარიმეს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს კომინიკაციების კომისიამ „უსამართლო“ ჯარიმები დააკისრა კრიტიკულ მედია საშუალებებს, რომელთაც უარი თქვეს თავიანთ ეთერში განეთავსებინათ მმართველი პარტიის რეკლამა, რომელშიც „უკიდურესად არაეთიკურ, არაკეთილსინდისიერ და შეცდომაში შემყვან კონტექსტში არიან ასახული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“.

„ქართული ოცნების“ რეკლამაში, რომლის ეთერში გაშვებაზეც უარი თქვა სამმა ოპოზიციურმა მედიასაშუალებამ – „მთავარმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“, ნაჩვენებია სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენლისა და სხვა პირების ფოტოკოლაჟია წარწერით „არა! მორალურ გადაგვარებას“.

„ვიდეორგოლი მასში ასახულ ადამიანებს აქცევს სიძულვილის ჯგუფების სამიზნედ და აქეზებს მათ მიმართ ძალადობას, რაც საფრთხეს უქმნის მათ პირად უსაფრთხოებას, რის გამოვლინებასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ადრეც, მათ შორის, ახლო წარსულში“, – ნათქვამია ორგანიზაციის 20 სექტემბრის განცხადებაში.

თითოეული ზემოაღნიშნული მედიასაშუალება რეკლამის გაუშვებლობის გამო 5 000 ლარით დაჯარიმდა. რეკლამის ეთერში გაუშვებლობის მიზეზად მედიამ მისი „კანონთან შეუსაბამობა“ დაასახელა.  

როდესაც „მთავარი“ დააჯარიმეს, ტელევიზიის ადვოკატმა განაცხადა, რომ კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის, ანუ პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი, ხოლო „ქართული ოცნების დაჟინებული მოთხოვნაა ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილნი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში“.

TI საქართველოს თქმით, დაჯარიმებულმა ტელევიზიებმა კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრეს. თუმცა, 19 სექტემბერს, კომუნიკაციების კომისიამ განმეორებით იმსჯელა ამ საკითხზე და ტელეკომპანიებს კიდევ ერთი სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. „სავარაუდოდ, სასამართლო თითოეულ ტელეკომპანიას დამატებით არანაკლებ 10 000 ლარით დააჯარიმებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ რეკლამაში ასევე ასახულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა” და „საქართველოს ევროპული ორბიტას” წარმომადგენლები. ორივე ორგანიზაცია ჩართული იქნება 26 ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგში.

„მიგვაჩნია, რომ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლების ქართული ოცნების საარჩევნო ვიდეოში გამოყენება მიზნად ისახავს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ კოოდინირებული და დაგეგმილი კამპანიის გაგრძელებას და სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას. ხოლო, კომუნიკაციების კომისიისა და სასამართლოს გადაწყვეტილებები ფინანსურ დარტყმას აყენებს კრიტიკულ მედიას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ და „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” საჩივრებით მიმართეს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას „ქართული ოცნების“ მიერ განთავსებული რეკლამების არსებული სახით სამაუწყებლო ბადიდან მოხსნის მოთხოვნით. „საქართველოს ევროპულმა ორბიტამ” ასევე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც.

TI საქართველო მოუწოდებს მმართველ პარტიას „შეწყვიტოს სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კამპანია და მისცეს საშუალება კრიტიკულ მედიას შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება წინასაარჩევნო პერიოდში“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button