ახალი ამბები

ღარიბაშვილის გადადგომას პოლიტიკოსების გამოხმაურებები მოყვა

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ოფიციალურად 29 იანვარს დატოვა.

მანამდე იმავე დღეს, ტელეკომპანია „იმედმა“ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მოქმედ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თანამდებობების გაცვლა იყო მოსალოდნელი. ამავე ინფორმაციით, ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაშიც იგეგმება და მმართველი პარტია ამის თაობაზე 1 თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე განაცხადებს.

„სამოქალაქო საქართველო“ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის თაობაზე ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს გთავაზობთ:

მმართველი გუნდი

არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: „„ისევე, როგორც მთელი გუნდი გამოხატავს ამას, მეც მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს გაწეული საქმიანობისთვის. მან 3 წლის განმავლობაში წარმატებით შეძლო რთული და მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება. ეს იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესი, ეს იყო ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, ეს იყო რეგიონებში გატარებული რეფორმები, ინფრასტრუქტურული პროექტები და ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განახლება“.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“: „24 იანვარს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს გახდა საზოგადოებისთვის, მედიისთვის ცნობილი. მათ შორის იყო შეთავაზება პოლიტსაბჭოს მხრიდან, რომ საარჩევნო მარათონის აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ყოფილიყო ირაკლი ღარიბაშვილი და შემდეგ მომხდარიყო ეს ცვლილება გარკვეული როტაციის პრინციპით, დავარქვათ ასე… მაგრამ მან თავად მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ მისი სიტყვებით,  ახალ პრემიერს უნდა მიეცეს საშუალება მთელი ეს პერიოდი გამოიყენოს ახალი გუნდის, ხედვების, მიდგომების ჩამოსაყალიბებლად“.

ოპოზიცია

პაატა მანჯგალაძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“: „ახლა გვეუბნებიან, რომ ველოსიპედს წინ მიუჯდება კობახიძე და ღარიბაშვილი მიუჯდება უკან, ანუ თამაშია ერთგვარი… რა თქმა უნდა ირაკლებისთვის რაღაც შეიცვლება, მაგრამ ხალხისთვის – არაფერი. ეს უარესიც არის, რადგან კობახიძეს არანაირი შეხება არ აქვს ეკონომიკასთან, არც სამუშაო ადგილებთან, არც დასაქმებასთან… ეს თამაში სჭირდება [ბიძინა ივანიშვილს] საარჩევნოდ, რომ ხალხი მოატყუოს, თითქოს ახალი ცოცხი უკეთესად გვის, მაგრამ ირაკლი კობახიძე არის ძველი ცოცხი“.

ლევან ხაბეიშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“: „ცვლილებები არ უკავშირდება ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობას…  ეს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკურ ხლართებს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არ ემსახურება ხალხს, ისინი მოტივირებულები არიან გამდიდრდეს ბიძინა ივანიშვილი, გამდიდრდნენ თავად, აიშენონ ახალი სახლები, ვილები და არ მოემსახურონ ხალხს“.

თეონა აქუბარდია, „რეფორმების ჯგუფი“: „საჭადრაკო დაფაზე პაიკების ცვლა არის ის ტექნიკა და ტაქტიკა, რომელსაც აქამდე ბიძინა ივანიშვილი იყენებდა პარტიის მოსაგებად და ეს ყოველთვის წარმატებით გამოსდიოდა“.

მამუკა ხაზარაძე, პარტია „ლელოს“ ლიდერი: „ბიძინამ ვინც არ უნდა დანიშნოს პრემიერ-მინისტრად, „ოცნების“ რუსული ხელისუფლების ჩაძირულ გემს ვერ გადაარჩენს. ღარიბაშვილი კორუფციული გარიგებების გამო, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს და არა პარტიის თავმჯდომარის. ბიძინამ დაადასტურა, რომ კორუფციის, ნეპოტიზმის და წარუმატებელი მართვის მთავარი ფიგურაა. აქამდეც და ახლაც ის იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი დღეები დათვლილია. საზოგადოებას რეალური ცვლილებები სურს. რუსული ინტერესების მსახურებაში მყოფ ხელისუფლებას მალე გაუშვებს ქართველი ხალხი“.

ბექა ლილუაშვილი, „საქართველოსთვის“: „ხელისუფლება ამ ქვეყანაში არის ივანიშვილის ხელში. ვინ გაახმოვანებს ამ ხელისუფლებას, ვინ იქნება ვიზუალი, იქნება ეს კობახიძე თუ ღარიბაშვილი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ამავე ყრილობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“.

30 დეკემბრის ყრილობის შემდეგ თავის პირველ კომენტარში, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი არ შეიცვლება. მან ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არც მთავრობაში და არც მმართველ პარტიაშია დაგეგმილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button