ტელეკომპანია „იმედი“: ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობებს გაცვლიან
ტელეკომპანია „იმედი“ ახლო მომავალში „ქართული ოცნების“ მოქმედი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძესა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის თანამდებობების გაცვლის შესახებ იტყობინება. „იმედმა“ განაცხადა 29 იანვარს, რომ მისი „ექსკლუზიური ინფორმაციით“, მმართველი პარტია მინისტრთა კაბინეტის ცვლილებასაც გეგმავს.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ასევე დაიკავებს პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტს. „იმედის“ ინფორმაციით, მოსალოდნელი ცვლილებები 24 იანვარს გამართულ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე იქნა განხილული.
„ქართული ოცნების“ წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების შემდეგ, მომდევნო პრემიერ-მინისტრის წარდგენა მისი, როგორც საპატიო თავმჯდომარის პრეროგატივაა.
„ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ პარტიის ყრილობა 1 თებერვალს გაიმართება.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა 30 დეკემბერს მმართველი პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ იგი პოლიტიკაში ბრუნდება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის სტატუსით. ამავე ყრილობაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზი ხელისუფლების „ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)