“ქართული ოცნების” განახლებული წესდება “საპატიო თავჯდომარეს” ძალაუფლებას ფორმალურად ანიჭებს
8 იანვარს გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” განახლებული წესდება, რომელიც პარტიის ყრილობამ 30 დეკემბერს დაამტკიცა. განახლებული წესდება ქმნის “საპატიო თავჯდომარის” თანამდებობას. აღნიშნულ თანამდებობაზე პარტიის ყრილობამ 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აირჩია. განახლებული წესდებით ივანიშვილი ფორმალურად გამოიყენებს ძალაუფლებას, რომელიც მას პოლიტიკაში ყოფნისას ყოველთვის ჰქონდა, თუმცა აქამდე კულისებიდან.
30 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ოფიციალურად უკვე მესამედ დაბრუნდა და “ქართული ოცნების” “საპატიო თავჯდომარე” გახდა. “ქართული ოცნების” პარტიულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას ივანიშვილმა განმარტა, რომ მისი დაბრუნების მთავარი მიზეზი “ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა.”
მიუხედავად ამისა, ოპოზიციურმა პარტიებმა ივანიშვილის დაბრუნება შეაფასეს, როგორც მისი ნახევრადფორმალური მმართველობის ფორმალიზება. მათი მოსაზრებით ივანიშვილს პოლიტიკა რეალურად არც არასდროს დაუტოვებია, ხოლო მისმა დაბრუნებამ აჩვენა, რომ 2024 წლის უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნება” ძალას კარგავს.
პარტიის განახლებული წესდება ივანიშვილს ანიჭებს მთელ რიგ ძალაუფლებას და ფორმალურს ხდის ძალაუფლების ერთი პიროვნების ხელში თავმოყრას; თუმცა იგი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ანგარიშვალდებულების რაიმე მექანიზმს არ უდგენს.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ “პარტიის საპატიო თავმჯდომარედ პარტიის ყრილობამ შეიძლება აირჩიოს პირი, რომელსაც მიუძღვის განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნისა და პარტიის წინაშე.” ამასთან, საპატიო თავმჯდომარე ამასთან არის “პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი.” ამგვარად, დოკუმენტი ხაზს უსვამს ივანიშვილის წვლილს ქვეყნისა და მმართველი პარტიის წინაშე.
ამგვარად მორგებული “საპატიო თავმჯდომარის” სტატუსი თავის სიმბოლურ მნიშვნელობას სცილდება; იგი ფორმალურს ხდის ივანიშვილის ხელშესახებ გავლენებს, წარმოადგენს მას, როგორც პარტიის “გრავიტაციის ცენტრს,” როგორც მან თავად განაცხადა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნების დღეს. წესდება პირდაპირ აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი როლი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენაა, რომელიც შემდგომ პოლიტიკურმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს პარტიაში ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი აქვს, შანსი იმისა, რომ პოლიტიკურმა საბჭომ ოდესმე გაბედოს ივანიშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატის უარყოფა, თითქმის არ არსებობს.
განახლებული წესდების თანახმად, პარტიის პოლიტიკურ საბჭოში, რომელიც ამტკიცებს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილ კანდიდატურას, არიან “საპატიო თავმჯდომარე,” ე.ი. თავად ბიძინა ივანიშვილი, თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის 15 სხვა წევრი, რომლებიც საბჭომ დაამტკიცა. ამასთან, პარტიის საპატიო თავმდჯომარის, პარტიის თავმდჯომარის ან პოლიტიკური საბჭოს მინიმუმ 1/3-ის მოთხოვნით შეიძლება მოწვეულ იქნეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა. საპატიო თავმჯდომარე ასევე უფლებამოსილია, მოიწვიოს პარტიის რიგგარეშე ყრილობა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)