ობრაიენი: აშშ დამკვირვებლებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმუშავებს, რათა არჩევნებმა კარგად ჩაიაროს
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენმა, 25 იანვარს გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) ღონისძიებაზე „ევროპა ერთიანი და თავისუფალი: 2024 წლის პრიორიტეტები“ საუბრისას განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ხედავს, როგორც „გადამწყვეტ პარტნიორს შავი ზღვის უსაფრთხოების თვალისაზრისით“. მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ასევე საქართველოს ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად გაწეული ძალისხმევისთვის შეაქო.
„საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გელით და ჩვენ მტკიცედ დავუჭირეთ მხარი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის გამოგზავნას. ვაპირებთ, ვიმუშაოთ ამ მისიასთან და საქართველოს ძალიან აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა დავინახოთ, რომ არჩევნები კარგად ჩაივლის, ვინაიდან რაც ვიცით ისაა, რომ ქართველების 85%-ზე მეტი გამუდმებით ამბობს, რომ მათ სურთ რეფორმა და ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ის, რასაც ჩვენ უნდა მივემხროთ“, – განაცხადა ობრაიენმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობამ ძალისხმევა არ დაიშურა რეფორმების განსახორციელებლად, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, და „ჩვენ ვაფასებთ მათ მიერ გაკეთებულს“.
ობრაიენის თქმით, „ჩვენ ვაფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, რა დროსაც ბევრი ქმედება შეზღუდეს. ვფიქრობ, არსებობს დიდი ოპტიმიზმის საფუძველი, რომ საქართველო ამ გარემოში მთავარი კონტრიბუტორი იქნება“.
რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოს როლზე საუბრისას, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავი ზღვა „მსოფლიო ვაჭრობის უფრო დიდ ნაწილს, მნიშვნელოვან მინერალებს, მარცვლეულს, ყველა სახის ნივთს მართავს“. მან იწინასწარმეტყველა, რომ შავი ზღვით მოხდება საქართველოსა და რუმინეთს შორის გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება, ასევე გაივლის რამდენიმე წყალქვეშა კაბელი ელექტროენერგიისთვის, კომუნიკაციებისთვის და ასე შემდეგ. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს ყველაფერი დაცულია და რომ ქვეყნებს შორის ურთიერთქმედების წესები ყველასთვის გასაგებია, მათ შორის რუსეთისთვისაც“.
ობრაიენმა ასევე ისაუბრა გლობალურ გამოწვევებზე, ევროატლანტიკურ ურთიერთობებზე, რუსეთის ომზე უკრაინაში, ტექნოლოგიურ განვითარებასა და სხვა საკითხებზე. მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ახალი კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბარს დაუთმო. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა, რომ „ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო არაერთი სახელმწიფო, რომლებიც შესაძლოა იდგნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა არ ჰქონდათ მისკენ სვლის მკაფიო პერსპექტივა, და ასევე იყვნენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც აშშ-სა და რუსეთს შორის მერყეობდნენ“.
მან ამგვარ მდგომარეობას „სერიოზული პრობლემა“ უწოდა და განაცხადა, რომ „ეს ნაცრისფერი სივრცე აყვავების საშუალებას აძლევს იმ პოლიტიკოსებს, რომელთაც წესების მიღმა ყოფნა უყვართ“. ობრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია „მათი პოლიტიკური სტიმულების შეცვლა“ და ამ კონტექსტში მიესალმა „ევროკავშირის გადაწყვეტილებას ცხრა ქვეყანასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ“. მისი თქმით, აშშ „მტკიცედ უჭერს ამას მხარს“ და მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს რეფორმების მხარდასაჭერად, რათა ამ ქვეყნებმა შეძლონ ერთიან ბაზარსა და ევროკავშირში საკუთარი მომავლის შექმნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)