ახალი ამბები

ხელისუფლება და არასამთავრობოები კონფერენციაზე „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ შეიკრიბნენ

საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით 25 ივლისს თბილისში კონფერენცია „საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“ გაიმართა. კონფერენციას თავმჯდომარეობდა შალვა პაპუაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარეები იყვნენ პლატფორმის ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე და ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკი.

კონფერენცია იყო იშვიათი შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერ „უცხოური დაფინანსების გამჭირვალობის“ შესახებ რუსული ტიპის კანონპროექტის მიღების მცდელობას ურთიერთობების გაუარესება მოყვა.  

კონფერენციის მონაწილეებმა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ძირითად საკითხებზე, მათ შორის სასამართლო რეფორმაზე, საარჩევნო საკითხებსა და დეოლიგარქიზაციაზე იმსჯელეს. არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და მათი მნიშვნელოვანი ჩართულობის უზრუნველყოფა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების ერთ-ერთი წინაპირობაა.  

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა

თავის გამოსვლაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული ძალისხმევისთვის, სადაც მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება იყო წარმოდგენილი.

„რაც შეეხება ოპოზიციას, სამწუხაროდ, ნახევარი დღის შემდეგ მათ დაგვტოვეს და ამ ღონისძიებაში აქტიურები არ იყვნენ, ესეც აჩვენებს საკითხების მიმართ როგორია მათი ინტერესი“, – განაცხადა პაპუაშვილმა. „ჩვენ ამას დიდი ხანია ვაკვირდებით, რომ კანდიდატის სტატუსი, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილის ხელში იქცა იარაღად, იარაღად ხელისუფლებაზე ზეწოლის, იარაღად რომ მოხდეს შანტაჟი ქვეყნის და არეულობა. როდესაც ხედავენ, რომ პროფესიული და მშვიდი დისკუსია მიმდინარეობს, ამ დისკუსიაში არ მონაწილეობენ, რის მომსწრეც ვიყავით“.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფერენციის „წარმატებასა და გამოცდილებაზე დაშენდება სხვა ასეთი სახის ღონისძიებები, სადაც განვიხილავთ სხვა საკითხებს“. მისივე თქმით, „განსახილველი დაგვრჩა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე საკითხები, რომელიც შეეხება გარემოს დაცვას, ეკონომიკას, რაც არის საერთო ჯამში, სული და გული ევროკავშირის და ამ საკითხებზე უნდა ვიმსჯელოთ“.

ევროკავშირის ელჩის გამოსვლა

თავის მისასალმებელ სიტყვაში, ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, უზრუნველყონ სამოქალაქო საზოგადოების ყველა წევრის რეალური ჩართვა რეფორმებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ვიმედოვნებ, რომ ეს კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ამ მიმართულებით“. მას მხედველობაში ჰქონდა ის ფაქტი, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთია იმ 12 პრიორიტეტიდან, რომელთა შესრულებაც ევროკომისიამ ოქტომბერში უნდა შეაფასოს.  

ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა და შენარჩუნება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია. თუმცა, იგი იმ ინიციატივების წინააღმდეგ გამოვიდა, რომლებმაც შესაძლოა წინასაარჩევნო კამპანიების ან პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინონ და მსუსხავი ეფექტი იქონიონ სამოქალაქო საზოგადოებაზე. ჰერჩინსკის თქმით, ამგვარი ქმედებები შეუსაბამო იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

ელჩმა ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ წევრ ქვეყნებს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე ზეპირი მოხსენება წარუდგინა. მოსაზრება შეიცავს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა პრიორიტეტების შესრულებაზე. ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, „საქართველომ უნდა განაახლოს კონსტრუქციული დიალოგი სამოქალაქო საზოგადოებასთან და რეგულარული და გამჭვირვალე კონსულტაციები აწარმოოს“, დასძინა ელჩმა.

წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურებისა და მთავრობების მოსალოდნელი გადაწყვეტილების კონტექსტში, ელჩმა ჰერჩინსკიმ აღიარა, რომ ქვეყანა გამოწვევების წინაშე დგას.  მან რეკომენდაციების შესრულებისას კომპრომისებისა და საერთო ენის გამონახვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რათა „შესაძლებლობების ეს უნიკალური ფანჯარა“ მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. „და მე მჯერა, რომ ეს შესაძლებელია, რადგან პოლიტიკოსების უმრავლესობას და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს აქვთ საერთო მიზანი – დაეხმარონ საქართველოს ევროპულ გზაზე წინსვლაში, რაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი არჩევანია“, – დასძინა ჰერჩინსკიმ.

სამოქალაქო საზოგადოების შეფასებები

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ კონფერენციის შესახებ მოსაზრებები „სამოქალაქო საქართველოს“ გაუზიარა: „ზოგადად ამ ფორმატის შეხვედრა ბოლო დროის იშვიათია და ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო იყო, თუმცა იმის დიდი მოლოდინი არ გვქონია, რომ ამ შეხვედრით რამე მნიშვნელოვან შედეგამდე მივიდოდით“.

კონფერენციაზე, ნონა ქურდოვანიძემ ისაუბრა მართლმსაჯულების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და „იმაზე, რომ ამ დროისთვის პარლამენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები საკმარისი არ არის სასამართლო სისტემის რეფორმისთვის“ და ყველა არსებით საკითხს არ ფარავს. „მთავარი პრობლემა, რომელიც დღეს სასამართლო სისტემაშია, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც გავლენიანი მოსამართლეთა ჯგუფი აკონტროლებს და კანონმდებლობის საფუძველზე ძალიან ბევრი ბერკეტი აქვთ, იმისთვის რომ ინდივიდუალური მოსამართლეების გაკონტროლება შეძლონ… სწორედ კანონმდებლობაში არსებული ბერკეტები, რომელიც იუსტიციის საბჭოს გავლენიან ჯგუფს ხელთ აქვს, ხელს უშლის სასამართლო რეალურად იყოს დამოუკიდებელი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ მისი რეკომენდაცია იყო ის, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო რეფორმის მიმართულებით.

ფონდი „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, რომ „დეოლიგარქიზაციისთვის სწორედ სისტემური ცვლილებებია საჭირო, იმიტომ რომ ერთმა ადამიანმა, რომელსაც ძალიან დიდი ქონება აქვს, პრინციპული ზეგავლენა არ მოახდინოს მთელი ქვეყნის ცხოვრებაზე და არ მართოს მმართველი პარტია. ასევე სხვა მიმართულებებითაც საჭიროა პროგრესი. მცირე პროგრესი, რომელიც მიღწეულია, ეს არის მედიის მიმართულებით, მხოლოდ იმიტომ რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია შეიწყალა“.

გურამ იმნაძემ სოციალური სამართლიანობის ცენრტიდან აღნიშნა, რომ „საჭიროა უფრო  სისტემური, ფუნდამენტური რეფორმა მართლმსაჯულების რგოლში, რომელიც იუსტიციის საბჭოს, მართლმსაჯულების უმნიშვნელოვანესი რგოლის რეფორმით უნდა დაიწყოს. სამწუხაროდ კანონპროექტი ამ საკითხს მთლიანად იგნორირებას უკეთებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button