ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა
„საქპატენტის“ ინფორმაციით, საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას შორის ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ შეთანხმება 15 იანვრიდან ძალაში შევიდა. შეთახმების ფარგლებში შესაძლებელი ხდება ევროპული საპატენტო განაცხადების და ევროპის საპატენტო უწყების (EPO) მიერ გაცემული ევროპული პატენტების საქართველოში ვალიდაცია.
„საქპატენტის“ თქმით, ევროპულ საპატენტო განაცხადსა და ვალიდირებულ ევროპულ პატენტს ვალიდაციის შეთანხმების შესაბამისად ექნება იგივე იურიდიული ძალა და მათზე გავრცელდება იგივე სამართლებრივი პირობები, როგორიც განსაზღვრულია ეროვნული საპატენტო განაცხადისა და ეროვნული პატენტისათვის.
დღეიდან საქართველო ვალიდაციის სტატუსით მე-5, ხოლო რიგით 45-ე ქვეყანა იქნება, სადაც, ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, საპატენტო დაცვა იქნება შესაძლებელი.
„საქპატენტის“ თავმჯდომარე, სოსო გიორგაძე აღნიშნავს, რომ ვალიდაციის შეთანხმების ძალაში შესვლა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის შემდგომ დაახლოებას ევროპულ ბაზართან. ამავდროულად, გაიზრდება საქართველოს ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესაძლებლობაც. მისივე თქმით, მომავალში ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა გააძლიერებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.
საქართველოში ვალიდაციის მოთხოვნა შესაძლებელია ყველა იმ ევროპულ საპატენტო განაცხადზე ან საერთაშორისო (PCT) განაცხადზე, რომელიც შეტანილია 2024 წლის 15 იანვარს ან შემდგომ.
ევროპის საპატენტო ორგანიზაციის პრესრელიზი ციტირებს ოფისის პრეზიდენტს, ანტონიო კამპინოსს: „საქართველოსთან ვალიდაციის ხელშეკრულების ძალაში შესვლა ევროპული საპატენტო სისტემის მიმზიდველობასა და ხელმისაწვდომობას აფართოებს. ეს კიდევ უფრო შეამცირებს განაცხადების დამუშავების დროსა და ხარჯებს, ასევე ადმინისტრაციულ ტვირთს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრისთვის. ამასთან, გარანტირებული იქნება სამართლებრივი სიცხადის უმაღლესი დონე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)