დაწვრილებით

ამიხსენი | როგორ ხვდებიან რუსი წმინდანები ქართულ ეკლესიაში?

თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შემოწირულმა წმინდა მატრონა მოსკოველის ხატმა, რომელზეც საბჭოთა კავშირის დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული, საზოგადოებაში ცხარე დისკუსია გამოიწვია. ქართული ეკლესიის კედელზე სტალინის გამოსახულების მართებულობასთან ერთად, გაჩნდა კითხვა, თუ როგორ მოხდა რუსეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული წმ. მატრონას ქართული ავტოკეფალური ეკლესიის მიერ აღიარება.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ეკლესიის ისტორიკოსს, შოთა კინწურაშვილს მივმართეთ, რომელიც ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.


როგორ ხდება წმინდანთა კანონიზაცია?

მართლმადიდებელ ეკლესიებში მოღვაწის წმინდანად შერაცხვის პროცედურას სინოდის მიერ მოწვეული სპეციალური კომისია უძღვება. კომისია შეისწავლის პიროვნების წარსულს, ისტორიულ ფაქტებს, მის მოწამეობრივ და/ან განსაკუთრებულ ღვთისათნო საქმეს. ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლის შემდგომ ხდება საკითხის სინოდის წინაშე წარდგენა, რის შემდეგაც სინოდი იღებს გადაწყვეტილებას პირის წმინდანად კანონიზირების ან უარყოფის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საერთო მართლმადიდებლური პრაქტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. ყველა ადგილობრივი ეკლესია სრულიად დამოუკიდებელია ამ პროცესში. თუმცა, არსებობს ძალაუფლების მქონე დიდი ეკლესიების კულტურული, თეოლოგიური და პოლიტიკური გავლენა პატარა ეკლესიებზე ან სახელმწიფოებზე, სადაც კანონიზაციის პროცესი შეიძლება მიმდინარეობდეს.

როგორ აღიარებენ სხვა ქვეყნის წმინდანებს ეკლესიები?

ყოველი ავტოკეფალური ეკლესია წმინდანად კანონიზირების საკითხში სრულიად დამუკიდებელია მეორე ავტოკეფალური ეკლესიისაგან. ერთმა ეკლესიამ შეიძლება წმინდანად შერაცხოს პიროვნებაც, რომელიც მეორე მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ისტორიულად უარყოფით კონტექსტშიც ყოფილა წარმოჩენილი.

მაგალითისთვის, ეპისკოპოსი დიმიტრი (ანტონ აბაშიძე) იყო რუსეთის იმპერიის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქი, რომელიც მოგვიანებით მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. თუმცა, იგივე ანტონ აბაშიძე საქართველოს უახლესი ეკლესიის ისტორიის მეხსიერებაში ავტოკეფალიისა და მისი მომხრეების, კირიონისა და ლეონიდეს, ძლიერ მოწინააღმდეგედ არის წარმოდგენილი. ეპისკოპოსი დიმიტრი ეწინააღმდეგებოდა ივერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენას და რუსეთის იმპერიის ერთგულ იერარქად შემორჩა ისტორიას.

ამისდა მიუხედავად, ავტოკეფალური ეკლესიები თავიანთი პოლიტიკური, კულტურული, ლიტურგიული თუ ენობრივი განსხვავების მიუხედავად იზიარებენ დოქტრინალურ, კანონიკურ და სინოდალურ გადწყვეტილებებს, მათ შორის წმინდანად კანონიზირების საკითხშიც. შესაბამისად, ერთი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პირის წმინდანად კანონიზაცია არ ხდება გადასინჯვის საგანი მეორე ეკლესიის მიერ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათი თაყვანისცემა რელიგიური რიტუალისა და ტრადიციის ნაწილი ავტომატურად ხდება.

როგორ ჩნდებიან რუსი წმინდანები ქართულ ეკლესიებში?

ამისთვის ორი გზა არსებობს. ერთი, უფრო ფორმალური ხასიათისა, საეკლესიო კალენდარში მოხვედრა და ლიტურგიულ ციკლში მოხსენიებაა. მეორე, უფრო სახალხო გზა საეკლესიო ლიტერატურაზე და სასწაულმოქმედების თხზულებებზე გადის. ორივე ამ მიმართულებით საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე რუსეთის ეკლესიას დიდი გავლენა აქვს.

წმინდანის საეკლესიო კალენდარში შეყვანა, რომლის შემდგომაც იწერება ტროპარ-კონდაკი, ცხოვრება, იკონოგრაფია, შენდება ტაძრები და ხდება მოხსენიება ლიტურგიულ ციკლში სხვა ეკლესიის მიერ კანონიზებული წმინდანის აღიარების უფრო ფორმალური გზაა, რომელიც არ საჭიროებს ხელახალ კანონიზაციას.

ფაქტია, რომ ქართული საეკლესიო კალენდარი დიდწილად რუსულ კალენდარზეა ინერციით მიბმული და ამ საკითხის შესწავლა და გადამუშავება დამოუკიდებელი სახელმწიფოს ეკლესიის წიაღში არ მომხდარა. ბოლო საუკუნეების განმავლობაში საქართველოში გავრცელებული რუსული გავლენისგან გამომდინარე, ეკლესია ლიტურგიულ ტექსტებსაც კი ხშირად რუსული ენიდან თარგმნიდა. შესაბამისად, დროთა განმავლობაში მთელი რიგი რუსი წმინდანები ქართულ ეკლესიებში ისე შემოვიდნენ, რომ მათი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ კითხვა არ დასმულა.

აღსანიშნავია, რომ მოცემული წმინდანების უმეტესობას არანაირი კვეთა არ გააჩნიათ არც ადგილობრივ ქართულ ეკლესიასთან, არც მის წარსულთან და არ გამოირჩევიან მსოფლიო მართლმადიდებლური ერთობისათვის განსაკუთრებული საყოველთაო ანუ კათოლიკე მოწამეობით. მაგალითისთვის, ამ კატეგორიის წმინდანებს წარმოადგენენ: იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი.

რაც შეეხება პოპულარულ საეკლესიო ლიტერატურას, ის ათწლეულების განმავლობაში დიდწილად ქმნიდა პოპულარული სახალხო წმინდანების ნიშას თავისი დაუჯდომლებით, იკონოგრაფიით, ტროპარ-კონდაკებითა თუ სხვადასხვა მარტივი სასწაულმოქმედი თხზულებებით. აქაც მარტივი შესამჩნევია რუსი წმინდანების შესახებ დაწერილი ლიტერატურის სიმრავლე. მაგალითისთვის, ნებისმიერ ტაძარში და საეკლესიო მაღაზიაში შეხვდებით ქსენია პეტერბურგელს, ეგნატე ბრიანჩანინოვს, სერგი რადონეჟელს, აგრეთვე უამრავ სტარეცს ანუ ავტორიტეტულ რუს ბერს.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხული წმინდანების შესახებ თუ არსებობს ასეთი ლიტერატურა?

სერიოზული სიმწირეა წმინდანად შერაცხული მნიშვნელოვანი ქართველი საეკლესიო მოღვაწეების გარშემო შექმნილი ლიტერატურის, ხატებისა თუ აგებული ტაძრებისა. ამ მოღვაწეებს შორის შეგვიძლია ვახსენოთ: კირიონ საძაგლიშვილი, ამბროსი ხელაია, გრიგოლ ფერაძე, გიორგი მთაწმინდელი, ნაზარი ლეჟავა, გაბრიელ ქიქოძე, წმინდა ძმები კარბელაშვილები, ანთიმოზ ივერიელი და სხვანი.

როგორ შეუძლია ეკლესიას მსგავსი შეცდომებისგან თავის დაცვა?

პირველ რიგში, საჭიროა საეკლესიო ისტორიული სინამდვილის სიღრმისეული შესწავლა, განსაკუთრებით ღვთივსათნო სამაგალითო მოწამეებისა და მოღვაწეების საეკლესიო ცხოვრების დღის წესრიგში დაბრუნება: ცოდნის შეკრება-გამოცემა, თანამედროვე ენით მათივე წარსულის გადმოცემა, ფრესკებსა თუ ხატებზე მათი ასახვა.

ასეთი საქმიანობისათვის საჭიროა აღორძინდეს სასულიერო განათლება და ღვთისმეტყველება ჩვენი ეპოქის შესაბამის გამოწვევების დასაძლევად. ეს პროცესი, დროთა განმავლობაში, ჩაანაცვლებს ათწლეულების განმავლობაში გამიზნულად გაბატონებულ რუსულ შავრაზმულ ფსევდოთეოლოგიურ წარმოდგენებსა და იმპერიალისტურ პოლიტიკური მართლმადიდებლობის ფესვგადგმულ წარმოდგენებს.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button