skip to content
ახალი ამბები

თბილისში საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნა

26-28  დეკემბერს თბილისში საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენცია „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ იმართება. ღონისძიება, სადაც საქართველოს მისიებისა და საკონსულოების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. კონფერენციაზე ონლაინ ჩაერთნენ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორი გერტ იან კოპმანი და ევროკომისარი სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეი.

დიპლომატების გარდა, კონფერენციას ესწრებიან პარლამენტის წევრები, მინისტრები და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები. გასული წლის მსგავსად, კონფერენციას არ ესწრება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს მოწვევა არ მიუღია.

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა

გამოსვლის დასაწყისში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა, რაც, მისი თქმით, „ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ხალხის, ჩვენი ერთობლივი მუშაობის“. ღარიბაშვილის თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ოცნება ასრულდა.

მან განაცხადა, რომ 2012 წლამდე, სანამ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდოდა, საქართველო შორდებოდა ევროპას, და ყალიბდებოდა როგორც „ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი“.

ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დამსახურებებს შორის ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი და სულ ცოტა ხნის წინ კანდიდატის სტატუსის მიღება დაასახელა. მისი თქმით, ეს 2012 წლამდე წარმოუდგენელი იყო და რომ ეს მიღწევები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დამსახურებაა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება“. რაც შეეხება გამოწვევებს, ღარიბაშვილმა ოკუპაცია, სიღარიბე და უმუშევრობის მაღალი დონე დაასახელა. „ამ რთულ სიტუაციაში ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და, ასე ვთქვათ, კონსტიტუცია, მე ამ სიტყვას გამოვიყენებ, არ მოვერიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“. „ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა

საგარეო საქმეთა მინისტრია ილია დარჩიაშვილმა ქართველ დიპლომატებს კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, „კანდიდატის სტატუსით შეუქცევადი გახდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“. „შემდგომი წარმატებისთვის ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოებასა და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებას და ევროკავშირთან ერთად მივაღწევთ მოლაპარაკების დაწყებაზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ურთიერთობებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ გზას“.  მან მეზობელ ქვეყნებთან „არანაკლებ წარმატებულ“ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს როლს „მშვიდობის ჩამოყალიბებისა და სტაბილური განვითარების ხელშეწყობის საქმეში“.

„ამავე დროს, ეს ყოველივე არასრულფასოვანი იქნება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გარეშე. ჩვენ ყოველდღიურად ვაგრძელებდით მუშაობას მთავარი პრიორიტეტის, მშვიდობიანი გზით, ქვეყნის დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი წინსვლა სამომავლოდ დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებაში“, – დასძინა დარჩიაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასევე მიულოცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღება და აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოსთვის გადამწყვეტია, რომ „სრული წევრობისკენ“ განაგრძოს სვლა.

„სწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შედეგად, ვინარჩუნებთ მშვიდობისა და უსაფრთხოების იმ დონეს, რაც საჭიროა ჩვენი ხალხის კეთილდღეობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერების და ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ეს გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ 2024 წელს იმედიანად შევეგებოთ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ისიც აღნიშნა, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, „ველით დეზინფორმაციებისა და ყალბი ნარატივების ფართომასშტაბიან კამპანიებს, პროვოკაციებს, არეულობებს და არასტაბილურობას“.

 ევროკავშირის წარმომადგენლების გამოსვლა

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საჩუქარი არ არის,  ეს თქვენი და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგია“, – იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის სიტყვებზე დაყრდნობით. თავის ვიდეო-მიმართვაში, რომელიც კონფერენციის მსვლელობისას გადაიცა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს თავის ევროპულ გზაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოპმანმა ჩაწერილ ვიდეო-მიმართვაში აღნიშნა, რომ საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების შესრულების კუთხით, დიპლომატებს მართლაც უდიდესი მისია აკისრიათ, და ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია, მნიშვნელოვანწილად სწორედ ქართული დიპლომატიის დამსახურებაა.  

საგარეო უწყების ინფორმაციით, როგორც კოპმანმა აღნიშნა, „კანდიდატ ქვეყნად გახდომა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ ახალი წელი საქართველოს კიდევ უფრო მეტ წინსვლასა და შესაძლებლობებს მოუტანს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button