ღია მმართველობა საქართველოს საკოორდინაციო საბჭომ 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტს მხარი დაუჭირა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, როგორც ღია მმართველობის რეფორმის მაკოორდინირებელმა უწყებამ, ღია მმართველობა საქართველოს მაღალი რანგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას უმასპინძლა, სადაც ღია მმართველობა საქართველოს 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საბჭოს შეხვედრა გახსნეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, საბჭოს თავმჯდომარემ რევაზ ჯაველიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელმა ჯონ პენელმა და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დემოკრატიული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა გიგი ბრეგაძემ.
სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს, 10 ინიციატივას მოიცავს და მისი მიზანია, გაუმჯობესდეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის ხარისხი, გაძლიერდეს საზოგადოების წინაშე სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულების მექანიზმები და გაიზარდოს ჩართულობის შესაძლებლობები. გეგმის პროექტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის პროცესში ჩართულობა.
საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც სახელმწიფო უწყებების, ისე ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.
USAID-მა განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა ერთად იმუშაონ მმართველობის გასაძლიერებლად და მოქალაქეების ყოველდღიური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, იმის მიუხედავად თუ სად ცხოვრობენ ისინი – დიდ ქალაქებში, პატარა ქალაქებში თუ სოფლებში.
„USAID მზადაა მხარი დაუჭიროს ამ მისწრაფებების შესრულებას, ულოცავს საბჭოს OGP-ის სამოქმედო გეგმის მხარდაჭერას და ხელს უწყობს გეგმის განხორციელების ინკლუზიურ პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ღია მმართველობა საქართველოს საბჭოს შეხვედრა USAID-ის პროექტის საჯარო მმართველობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) – „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში” – მხარდაჭერით გაიმართა.
მიმდინარე წლის დასაწყისში გამოითქვა წუხილები, რომ საქართველომ არ დაიცვა OGP-ის პროცესი სამოქმედო გეგმის ორი ციკლის დროს, ვინაიდან ვერ წარმოადგინა 2021-2023 და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმები და ამიტომ, OGP-ის პოლიტიკის შესაბამისად, საქართველო OGP-ის კრიტერიუმებისა და სტანდარტების ქვეკომიტეტის (C&S) შემოწმებას დაექვემდებარებოდა. შემოწმების პროცესი მოიცავს ზედმიწევნით შესწავლას და მხარდაჭერას C&S-ის, მხარდაჭერის ქვეკომიტეტისა და მმართველი კომიტეტის მხრიდან, რათა მოგვარდეს ის საკითხები, რის გამოც საქართველო შემოწმების ქვეშ მოექცა. უმოქმედოდ გამოცხადების თავიდან ასაცილებლად, საქართველომ ახალი სამოქმედო გეგმა 2023 წლის 31 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/05/2023 – არასამთავრობოები ღია მმართველობის პარტნიორობას რეაგირების პოლიტიკის პროცესის ამოქმედებისკენ მოუწოდებენ
- 11/03/2023 – არასამთავრობოები ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფს ტოვებენ
- 07/12/2021 – არასამთავრობოები ღია მმართველობის რეფორმების შეჩერების გამო შეშფოთებას გამოხატავენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)