Placeholder canvas
ახალი ამბები

2023 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 316.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 8 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიური პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 61.5%-ით შემცირდა და 316.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს სავალო ვალდებულებების და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება. სავალო ვალდებულებებმა -603.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმავე პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სააქციო კაპიტალი 2.5-ჯერ გაიზარდა და 590.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რეინვესტიციის მოცულობა 30%-ით შემცირდა და 329.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების კუთხით სიის სათავეშია ამერიკის შეერთებული შტატები 51.8 მლნ აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 16.43%-ს შეადგენს; შემდეგ მოდიან: გაერთიანებული სამეფო – 45.8 მლნ აშშ დოლარით (14.5%); ნიდერლანდები – 45.3 მლნ აშშ დოლარით (14.3%); თურქეთი – 23.3 მლნ აშშ დოლარით (7.40%) და ჩინეთი – 19.3 მლნ აშშ დოლარით (6.1%). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 58.7%-ს შეადგენს.

2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და 80.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (25.4%). შემდეგ მოდიან: ტრანსპორტის სექტორი – 61.9 მლნ აშშ დოლარით (19.6%); ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი – 41.0 მლნ აშშ დოლარით (13.0%); ენერგეტიკის სექტორი – 31.7 მლნ აშშ დოლარით (10.0%); ხელოვნება, გართობა და დასვენება – 29.5 მლნ აშშ დოლარით (9.4%).

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2023 წლის დაზუსტებული მონაცემები 2024 წლის 15 აგვისტოს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button