ახალი ამბები

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 58-ე რაუნდი 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) ფორმატის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესაბამისად. მოლაპარაკებები იმართება ეუთოს, ევროკავშირისა და გაეროს ხელმძღვანელობით 2008 წლის კონფლიქტის მონაწილე მხარეების – საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს შორის. მოლაპარაკებებში ასევე ჩართულნი არიან აშშ-ის წარმომადგენლები და წარმომადგენლები ოკუპირებული აფხაზეთიდან და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ სამუშაო ჯგუფში. პირველში განიხილავენ უსაფრთხოების საკითხებს ხოლო მეორეში განხილვის თემაა ჰუმანიტარული საკითხები.

GID-ის თანათავმჯდომარეების შეფასება

GID-ის თანათავმჯდომარეებმა პრეს-კომუნიკეში აღნიშნეს, რომ „ეს იყო მეორე ტური, რომელიც ჩატარდა წელს, უაღრესად რთულ რეგიონულ და გეოპოლიტიკურ გარემოში“. მათ აღნიშნეს, რომ „მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და აღიარეს GID-ის, როგორც ერთადერთი პლატფორმის როლი, სადაც კონფლიქტის შედეგები განიხილება“. მათ გამოხატეს მადლიერება ამ ერთობლივი ძალისხმევისთვის.

პრეს-კომუნიკეში ნათქვამია, რომ „ძალის გამოუყენებლობა, როგორც GID-ის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, დეტალურად იქნა განხილული“. ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული ამ საკითში, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ.

თანათავმჯდომარეების თქმით, ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა ფართოდ იქნა მიმოხილული. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკითხის განხილვა სრულყოფილად ვერ მოხერხდა „ზოგიერთი მონაწილის გასვლის გამო“.

საქართველოს პოზიცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.  

ქართულმა დელეგაციამ ასევე დღის წესრიგში დააყენა “ის მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები, რომლებიც რუსეთის ოკუპაციიდან მომდინარეობს, როგორიცაა უკანონო სამხედრო წვრთნები, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვა, უკანონო დაკავებები და გატაცებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია.” ხაზი გაესვა მათი გადაჭრის აუცილებლობას.

სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების დესტრუქციული პოზიციის გამო, დისკუსია კვლავ  ვერ შედგა მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე – ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე: “საკითხის განხილვის დაწყებისთანავე მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან მონაწილეებმა თემის პოლიტიზირება მოახდინეს და მოლაპარაკებები დატოვეს.”

რუსეთის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენლების პოზიცია

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსმა, აფხაზმა და სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა „ხაზი გაუსვეს პრიორიტეტს რომ დაიწყოს არსებითი მუშაობა იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე“ თბილისის მხრიდან სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია: „მსგავსი დოკუმენტის აქტუალობა იზრდება, განსაკუთრებით ამიერკავკასიაში აშშ-ისა და ნატოს სამხედრო წვრთნების ფონზე, ასევე როცა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების გეგმა ძალაში რჩება“.

პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ მონაწილეების თქმით, „ვითარება მთლიან სასაზღვრო ზონაში რჩება სტაბილური“ მხარეების მიერ გამოვლენილი თავშეკავების, ასევე „ცხელი ხაზის“ სტაბილური მუშაობისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) (რომელიც იმართება საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე ერგნეთის დასახლებაში) ფუნქციონირების გამო.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს მსგავსი IPRM-ის საქმიანობის განახლება გალის დასახლებაში [აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან]. „ადგილზე სტაბილურობისა და პროგნოზირებადობის გაძლიერებას შეიძლება ხელი შეუწყოს დელიმიტაციის პროცესის დაწყებამ ქართულ-აფხაზური და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე, მათი შემდგომი დემარკაციით“.

მეორე სამუშაო ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მას „აფერხებს საქართველოს ყოველწლიური პოლიტიზირებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ“ და უკმაყოფილებას გამოთქვამს, რადგან „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ ეკრძალებათ ნიუ-იორკის პლატფორმაზე წვდომა, რათა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნების პრინციპული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით“.

აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრომ” განაცხადა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციამ კიდევ ერთხელ წინადადებით მიმართა ქართველ მონაწილეებს დაეწყოთ სრულფასოვანი მუშაობა ცეცხლის გამოუყენებლობის შესახებ საერთაშორისო გარანტიების მქონე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ტექსტზე “ და დასძინა, რომ ქართული დელეგაცია „ამ წინადადებას კვლავ ბლოკავს“. განცხადებაში ნათქვამია, რომ “რეგიონში ვითარება შედარებით მშვიდი და სტაბილურია”.

მათი თქმით: „აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების საკითხი. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია განათლების ხელმისაწვდომობასთან, სამედიცინო მომსახურებასთან და სხვა აქტუალური პრობლემები“.

ცხინვალმა მოსკოვისა და აფხაზეთის წარმომადგენლების მსგავსად გაავრცელა ინფორმაცია საოკუპაციო რეჟიმებთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების შესახებ საქართველოს “დესტრუქციულ პოზიციაზე” და დასძინა, რომ “სამხრეთ ოსური და რუსული მხარე განიხილავს დელიმიტაციას, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისთვის თანაბრად მნიშვნელოვან საკითხს, რასაც მოჰყვება საქართველოსთან დემარკაცია, რაც მინიმუმამდე დაიყვანს დაძაბულობის ესკალაციის რისკს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო“.

ცხინვალის წარმომადგენლებმა აღნიშნეს IPRM ერგნეთის ეფექტური ფუნქციონირება და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „დევნილთა თემაზე დისკუსიების განახლება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, როცა საქართველო შეწყვეტს ამ პრობლემის ხელოვნურად პოლიტიზირების მცდელობებს“.

GID-ის 59-ე ტური 2023 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button