
შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 6 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები, რეგიონში მიმდინარე მოვლენები და მომავლის გეგმები განიხილეს. ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი მხარდაჭერა გამოხატა.
პარლამენტის თავმჯდომარემ მირჩა ჯოანას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო გააგრძელებს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესის მიღწევას.
ნატოს ინფორმაციით, გენერალური მდივნის მოადგილემ ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის, თანამშრომლობის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და წევრობისთვის მომზადების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მირჩა ჯოანამ განაცხადა, რომ „მოკავშირე სახელმწიფოების ლიდერებმა მკაფიო გზავნილი გაახმოვანეს გასულ ზაფხულს ვილნიუსში შეხვედრისას, რომ ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის, საქართველომ რეფომებზე, მათ შორის დემოკრატიულ რეფორმებზე პროგრესს უნდა მიაღწიოს, და ყოველწლიური ეროვნული პროგრამა მაქსიმალურად უნდა შეასრულოს“.
გენერალური მდივნის მოადგილე მიესალმა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიებში. მან საქართველოს სტატუსთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა“, – აღნიშნა მან.
მირჩა ჯოანამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მხარდაჭერა რეფორმებზე საქართველოს ძალისხმევის მიმართ.
Glad to welcome Chairman @shpapuashvili of the Parliament of #Georgia to #NATO HQ for a constructive meeting of the NATO-Georgia Commission. ?? is a close partner of NATO and we continue to support Georgia's reform efforts.https://t.co/2Ozve7god0 pic.twitter.com/WZDuyCW1yY
— Mircea Geoana (@Mircea_Geoana) December 6, 2023
ასევე წაიკითხეთ:
- 28/09/2023 – შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
- 25/09/2023 – შალვა პაპუაშვილი რუმინეთს სტუმრობს
- 03/05/2023 – შალვა პაპუაშვილი ბუნდესტაგის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)