ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი რუმინეთს სტუმრობს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 24-27 სექტემბერს  ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს სტუმრობს, სადაც სენატის პრეზიდენტს, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და რუმინეთის პარლამენტის ორივე პალატის კომიტეტების წარმომადგენლებს ხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სესიაზე სენატის წევრებს სიტყვით მიმართავს. შალვა პაპუაშვილი ასევე შეხვდება რუმინეთის პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს. იგი მონაწილეობას მიიღებს ევრო-ატლანტიკური მედეგობის ცენტრის პრეზიდენტის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში.

25 სექტემბერს, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთის სენატს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში მან განაცხადა, რომ მისთვის პატივია სენატში სტუმრობა და ქართულ-რუმინული ურთიერთობების, რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებისა და საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ საუბარი. პაპუაშვილმა სხვადასხვა სფეროებში ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და რუმინეთს საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. პაპუაშვილმა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში შავი ზღვის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.  

შეხვედრა რუმინეთის პრემიერ-მინისტრთან

26 სექტემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს შეხვდა. შეხვედრაზე „დადებითად შეფასდა“  ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეკონომიკისა და ენერგეტიკის სფეროებში და უსაფრთხოების საკითხებზე შემდგომი თანამშრომლობის საჭიროებას გაესვა ხაზი.

საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზის თანახმად, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო–რუმინეთს შორის საბორნე ხაზის გახსნას, აგრეთვე, ერთობლივი პროექტების მნიშვნელობას შავი ზღვის დაკავშირებადობისა და ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიზნით.

პაპუაშვილმა რუმინულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრა სენატის პრეზიდენტთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის სენატის პრეზიდენტ ნიკოლაე ჩუკას შეხვდა  და რუმინეთის მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს, რა დროსაც შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნიკოლაე ჩუკას განსაკუთრებულ წვლილს ქართულ-რუმინული ურთიერთობების გაღრმავებაში. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა საპარლამენტო დონეზე, ასევე, ეკონომიკისა და ენერგეტიკის მიმართულებებით. „ყურადღება გამახვილდა პროექტებზე, რომლებიც გააძლიერებს დაკავშირებადობას შავ ზღვაში და ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობას“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზში.

ამავე ინფორმაციით, ნიკოლაე ჩუკამ განაცხადა, რომ აღნიშნული სტრატეგიული პროექტები დიდ წვლილს შეიტანს ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში. შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე და „ამჟამინდელ ისტორიულ პერიოდში რუმინეთის მხრიდან საქართველოსადმი შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი. სენატის პრეზიდენტმა „დადებითად შეაფასა“ საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ აღიარონ და დააფასონ საქართველოს შედეგები და ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი საერთაშორისო მისიებში. მისივე თქმით, რუმინეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრის დროს, მხარეებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის საერთო ინტერესების სფეროებში დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი რუმინეთის მხარდაჭერა და საქართველოს დახმარების მზაობა.

შეხვედრა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-პრეზიდენტს, დანიელ სუჩიუს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირებსა და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინის ომს, უკრაინისადმი საქართველოს მხარდაჭერას, კავკასიის რეგიონში არსებულ კომპლექსურ ვითარებას, შავ ზღვაში დაკავშირებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობასა და საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. დანიელ სუჩიუმ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისადმი რუმინეთის სრული მხარდაჭერა გამოხატა.

მასალა განახლდება…

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button