ახალი ამბებიდაწვრილებით

სკოლების დირექტორთა სავარაუდო პოლიტიკური შერჩევის გამო მასწავლებლებმა შიმშილობა დაიწყეს

განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების შიმშილობის მეორე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მობილიზება გახდა საჭირო. მასწავლებელს, მაია ეკალაძეს ჯანმრთელობის პრობლემები კოლეგებთან მშვიდობიანი პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვისა და სამინისტროს წინ ღამის გათევის შემდეგ შეექმნა. ის სამინისტროსგან იმის აღიარებას ითხოვს, რომ სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესი უსამართლო იყო და თანამდებობები შერჩევით განაწილდა.

გუშინ, 4 დეკემბერს, ექვსთვიანი ლოდინის შემდეგ, მასწავლებლები როგორც იქნა შეხვდნენ განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს. მაია ეკალაძე და მისი კოლეგა დავით ფერაძე მინისტრს და მის მოადგილეებს თამარ მახარაშვილს და გელა გელაძეს ორი საათის განმავლობაში ესაუბრნენ. მასწავლებლების თქმით, შეხვედრაზე მასწავლებლების ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდა და ამიტომ, აქციის მონაწილეებმა შიმშილობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

საქართველოში საჯარო სკოლების დირექტორების დანიშვნის პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე კანდიდატები გადიან ტესტირებას. კანდიდატები, რომლებიც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავენ,  შემდეგ ზეპირ გამოცდას აბარებენ, რომელსაც განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია ატარებს. ზეპირი გამოცდის შედეგები ფიქსირდება შესაბამის ოქმში. წარმატებულ კანდიდატებს მოგვიანებით წარუდგენენ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, რომელიც ყველაზე შესაფერის კანდიდატს ირჩევს.

წუხილები დირექტორთა შერჩევის პროცესის თაობაზე

მასწავლებლები ბოლო დროს აცხადებდნენ, რომ საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და რომ ბევრი კვალიფიციური კანდიდატი პოლიტიკური კუთვნილების გამო „იბლოკება“. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სამინისტროსთან სათანადო დისკუსიის გამართვა ვერ მოხერხდა. გუშინდელ შეხვედრამდე სამინისტროს წარმომადგენელი, განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი მასწავლებლებს მხოლოდ 22 ნოემბერს შეხვდა, თუმცა მასწავლებლების თქმით, მათი არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია.

ივნისში დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკატო გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ, მონაწილეებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ უსამართლოდ მოექცნენ, სამინისტროს წინ საპროტესტო აქცია დაიწყეს. სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში, გამართვა მოითხოვა. მათ ინტერესებს სასამართლოში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) იცავს.

„სამართლიანი არჩევნების“ 17 ოქტომბრის განცხადების თანახმად, ორგანიზაციამ შეისწავლა კანდიდატებთან  გასაუბრების ოქმები. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოეხდინათ პროცესის მიმდინარეობაზე. მათ შორის, „ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა; გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, უმეტეს შემთხვევაში პროცესი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას“.

კიდევ ერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტი საჯარო სკოლის აბსოლუტურ უმრავლესობაში სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ თითო კანდიდატი წარუდგინა. ორგანიზაციის წარმომადგენლები ესაუბრნენ რამდენიმე ყოფილ დირექტორსა და დირექტორობის იმ მსურველებს, რომელთა კანდიდატურებიც არცერთ სკოლაში არ წარადგინეს. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და კანდიდატების  წარდგენისას გადამწყვეტი სწორედ მათი ან მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური განწყობები იყო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ 2022 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საჯარო სკოლების დირექტორთა პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის მაგალითებზე წერდა. სავარაუდოდ, მმართველი პარტია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, მათ შესახებ პოლიტიკურ დოსიეებს ადგენდა და მათზე დაყრდნობით ატარებდა საკადრო პოლიტიკას. კერძოდ, 2020 წლის შემოდგომიდან 2021 წლის აგვისტომდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მინიმუმ 112 საჯარო სკოლის დირექტორი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად აღარ დანიშნა. ორგანიზაციის თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და მმართველი პარტიის შეფასებებს დირექტორების გასათავისუფლებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რაც „უკანონო და სრულიად მიუღებელი პრაქტიკაა“.

განათლების მინისტრი აცხადებს, რომ მასწავლებლების მიერ წამოყენებული საკითხები სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანიცააა „როგორმე დააზიანონ რეფორმები, რომლებიც წარმატებით ხორციელდება“ განათლების სისტემაში. მისივე თქმით, „სკოლების 92%-ში, სადაც კონკურსები ჩატარდა და აპლიკანტებმა შემოიტანეს განცხადებები, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა თავად აირჩიეს კანდიდატები. მხოლოდ 8% დარჩა ისეთი, სადაც არ აურჩევიათ“.

აღსანიშნავია, რომ 4 ნოემბერს განათლების მინისტრთან შეხვედრაზე მასწავლებლებს დაპირდნენ, რომ სკოლებში, რომლებსაც ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები მართავენ, მინისტრი განიხილავს თავისი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების საკითხს და პირდაპირ დანიშნავს დირექტორებს. ამასთან, სამინისტრო განიხილავს ამ სკოლებში კონკურსის დამატებითი ეტაპის ორგანიზებას.

თუმცა, მასწავლებლებთან შეხვედრის შემდეგ, მინისტრმა განაცხადა: „ახლა ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ უნდა გამოვიყენოთ დისკრეცია. რისთვის უნდა გამოვიყენოთ? კვალიფიციურმა კომისიამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“. მან ასევე აღნიშნა, რომ „ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს თუ ფიქრობს, რომ მათი უფლება შეილახა“.

მასწავლებლებს პოლიტიკურად მოტივირებულ პროტესტშიც სდებენ ბრალს. დავით ფერაძისა და მაია ეკალაძის თქმით, შეხვედრაზე მინისტრმა მასწავლებლების პოლიტიზირებაზე მიუთითა და ჰკითხა მათ, ვინმე ხომ არ დგას მათ უკან.  მასწავლებლებს ეს დამოკიდებულება შეურაცხყოფად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ მზად არიან საჯაროდ განიხილონ მათი მოთხოვნები ნებისმიერ ფორმატში და ნებისმიერ აუდიტორიასთან.

სკოლების დირექტორების პოლიტიკურად მოტივირებული დანიშვნების ხანგრძლივი პრაქტიკა ცოტა ხნის წინაც მოექცა ყურადღების ცენტრში, როდესაც ოქტომბერში, სამეგრელოს რეგიონის ჩხოროწყუს, კირცხისა და ახუთის საჯარო სკოლებმა განათლების სამინისტროს მიერ 927 ქართულ სკოლაში დირექტორების კანდიდატების წარდგენა გააპროტესტეს, რომელთა უმეტესობას მხოლოდ ერთი კანდიდატი ჰყავდა.  

მასწავლევლების ხელფასების საკითხი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 3 ნოემბერს განაცხადა, რომ  2024 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის თანახმად, 160 მილიონი ლარი განათლების სამინისტროსთვის გამოიყოფა, რაც სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ხელფასების დაახლოებით 500 ლარით გაზრდას მოხმარდება. 24 ნოემბერს განათლების მინისტრმა განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.

პედაგოგები, რომლებიც ხელფასების გაზრდას თავდაპირველად 2024 წლის იანვრიდან ითხოვდნენ, სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას მომდევნო წლის ივლისიდან დათანხმდნენ ზრდას, თუმცა დირექტორთა შერჩევის პროცესის საკითხი კვლავ მოუგვარებელი რჩება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button